ქართველი მოსწავლეები ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) იმყოფებოდნენ
ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნების ოლიმპიადებში გამარჯვებული, ბაქსვუდის სამეცნიერო სკოლის მონაწილე საუკეთესო მოსწავლეები და მათი პედაგოგები შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) იმყოფებოდნენ.
ტექნოლოგიური მეცნიერებებით დაინტერესებული მოსწავლეების ცენტრში ვიზიტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
ცენტრში სტუმრობისას მოსწავლეები ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შეხვდნენ, უახლეს ტექნოლოგიებს, ახალ აღმოჩენებს და იმ მნიშვნელოვან პროექტებს გაეცნენ, რაზეც ცენტრის მეცნიერები მუშაობენ. ფიზიკით გატაცებული ახალგაზრდები ქართველი მეცნიერების, ირაკლი მინაშვილისა და ალექსანდრე მესტვირიშვილის ატლასისა და CMS ექსპერიმენტებს გაეცნენ, ეს უკანასკნელი 90 მეტრის სიღრმეზე მიმდინარეობს ულტრათანამედროვე და მასშტაბურ ლაბორატორიაში.
ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია (CERN), ელემენტალური ნაწილაკების ფიზიკაში მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორიაა. აქ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს კვლევები, ხორციელდება ახალი აღმოჩენები. უცხოელ მეცნიერებთან ერთად, კვლევებში აქტიურად არიან ჩართულნი ქართველი მეცნიერები.