ვინ იყო ქართველი მწერალი, რომლის ბესტსელერად ქცეულ წიგნზე ჰოლივუდში ფილმი გადაიღეს

1945 წელს, ამერიკაში გამოქვეყნდა წიგნი Anything Can Happen („ყველაფერი შეიძლება მოხდეს“), რომელიც იქცა ბესტსელერად, 1,5 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა მთელ მსოფლიოში და ითარგმნა  20 ენაზე. 7 წლის შემდეგ, ჰოლივუდში, ამავე ნაწარმოებზე მხატვრული ფილმი გადაიღეს…

წიგნის ავტორი ქართველი მწერალი და მოქანდაკე გიორგი პაპაშვილი იყო. მან ავტობიოგრაფიული ნოველები მეუღლესთან, ჰელენ უაიტთან ერთად დაწერა.

გიორგი პაპაშვილი 1898 წლის 23 აგვისტოს დაიბადა სოფელ კობიაანთკარში ვანო და იამზე პაპაშვილების ოჯახში. მისი მონათხრობის მიხედვით, დედა ტრაგიკულად გარდაეცვალა. უსახსრობის გამო, მამამ სკოლაში ვერ შეიყვანა, ამიტომ ტყავზე მუშაობა და ხანჯლების კეთება შეასწავლა.

1921 წელს, როცა წითელი არმია საქართველოში შემოიჭრა, გიორგი პაპაშვილი ჯარში მსახურობდა და მენშევიკებთან ერთად კონსტანტინოპოლში აღმოჩნდა. ორი წლის მანძილზე კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა. თურქეთში ცხოვრებისას უწევდა მუშაობა ყველანაირ საქმეზე: თხრიდა ჭებს, მუშაობდა ტაქსის მძღოლად და ანატოლიის ველებზე ტახებზე ნადირობდა. შემდეგ მოახერხა ვიზის შოვნა და ამერიკაში გაეგზავრა. თავდაპირველად, მუშაობდა ჭურჭლის მრეცხავად, მზარეულად, ლითონჩამომსხმელ საამქროში. ერთხანს ჰოლივუდშიც მოღვაწეობდა…

თხუთმეტწლიანი ხეტიალის შემდეგ, გიორგი პაპაშვილმა ცოლად ამერიკელი მწერალი ქალი ჰელენ უაიტი შეირთო. წყვილმა ჰელენის მზითევით პენსილვანიის შტატში პატარა ფერმა იყიდა და გიორგიმ მამა–პაპის ხელობას ხვნა–თესვას მიჰყო ხელი.

კადრი ფილმიდან “ყველაფერი შეიძლება მოხდეს”

1938 წელს გიორგი პაპაშვილმა და ჰელენ უაიტმა დაწერეს ავტობიოგრაფიული ნოველების კრებული “ყველაფერი შეიძლება მოხდეს” (“Anything Can Happen”). თხზულება 1945 წელს გამოიცა და ნამდვილ ლიტერატურულ სენსაციად იქცა – 1.5 მილიონი გაიყიდა მთელ მსოფლიოში და ითარგმნა დაახლოებით 20 ენაზე. ნაწარმოები დიდი პოპულარობით სარგებლობდა ამერიკელ ჯარისკაცებსა და ოფიცრებში. წიგნი თბილისში 1965 წელს გამოქვეყნდა სათაურით “ქვეყანა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს”.

1952 წელს “ყველაფერი შეიძლება მოხდეს” მიხედვით ჰოლივუდში გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი (რეჟისორი ჯორჯ სითონი), სადაც მთავარი როლები ითამაშეს ჰოლივუდის ვარსკვლავებმა – ხოსე ფარერიმ და კიმ ჰანტერმა. ფილმის მუსიკა შექმნეს კომპოზიტორმა იუნგიმ და ალექსანდრე ფუტკარაძემ. მათ გამოიყენეს ქართული სიმღერები და ცეკვები. თვითონ ავტორმა პატარა ეპიზოდური როლი შეასრულა. 1952 წლის 3 აპრილს შედგა ფილმის პრემიერა.

1953 წლის 26 თებერვალს კალიფორნიის შტატში, ლოს–ანჯელესის კინოფესტივალზე ფილმმა ოქროს გლობუსი აიღო ნომინაციაში “საუკეთესო ფილმი, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო თანხმობას”.

გიორგი პაპაშვილისა და ჰელენ უაიტის კალამს ეკუთვნის წიგნები “ჰო და არა”, “შინისაკენ, კვლავ შინისაკენ”, “ქართულ–რუსული კულინარია”, “მადლობა ნოეს”, “ძაღლი და ადამიანი”.

გიორგი პაპაშვილი დაინტერესებული იყო ქანდაკებითაც. მას აკადემიური სამხატვრო განათლება არ მიუღია, თვითნასწავლი შემოქმედი იყო, მუშაობდა ხეზე და ქვაში. მან 600-ზე მეტი ნამუშევარი შექმნა. გიორგი პაპაშვილის ნაივურ შემოქმედებაში გარკვეული ადგილი უჭირავს ქართული ფოლკლორს. 1979 წელს პენსილვანიაში გამოიცა მისი სკულპტურული ნამუშევრების ალბომი.

გიორგი პაპაშვილი მოხვედრილია აშშ-ში მე-20 საუკუნის ამერიკული მწერლობისა და ხელოვნების ანთოლოგიებში. პაპაშვილის სახელი შეტანილია ისეთ სოლიდურ გამოცემებში როგორებიცაა “ვინ ვინ არის ამერიკულ ხელოვნებაში” და “ვინ ვინ არის XX საუკუნის ამერიკულ ლიტერატურაში”. მისი არქივი დაცულია პენსილვანიის შტატის ლიჰაის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.

1961 წელს, გიორგი პაპაშვილი მეუღლესთან ერთად ეწვია საქართველოს, მოინახულა მშობლიური სოფელი, ახლობლები და შეხვდა ქართველ მწერლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.