ბერლინში, ევროპული კინოაკადემიის ერთ-ერთ გამარჯვებულს პრიზს ნინო კირთაძე გადასცემს

წელს, ევროპული კინოაკადემიის გამარჯვებულს „საუკეთესო დოკუმენტური ფილმის“ ნომინაციაში, ნინო კირთაძე გამოაცხადებს და პრიზს გადასცემს. ქართველი რეჟისორი და მსახიობი იქნება ერთ-ერთი წამყვანი ევროპული კინოაკადემიის პრემიაზე European Film Awards, რომელიც ბერლინში 7 დეკემბერს გაიმართება.

ნინო კირთაძე 1997 წლიდან მოღვაწეობს და ცხოვრობს პარიზში. რეჟისორობამდე აქტიურად იყო ჩართული ჟურნალისტურ საქმიანობაში. მისი სარეჟისორო დებიუტი საფრანგეთში შედგა. ევროპაში აღიარებული რეჟისორი ხუთჯერ არის დაჯილდოვებული ფრანგული არტ ჰაუსის რეჟისორ-სცენარისტთა გილდიის მიერ, ოთხჯერ აქვს მიღებული წლის საუკეთესო ფილმის პრიზი საფრანგეთში, არის გერმანიის „ოქროს გრიმეს“ მფლობელი. ნინო კირთაძეს არაერთი პრიზი აქვს მიღებული პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალებზე, მათ შორის საუკეთესო რეჟისორის ჯილდო სანდენსის კინოფესტივალზე და ევროპული კინოაკადემიის ოსკარი.

როგორც მსახიობი, ნინო კირთაძე პირველად გამოჩნდა ნანა ჯორჯაძის ფილმში „შეყვარებული კულინარის ათას ერთი რეცეპტი“, სადაც ის პარტნიორობას პიერ რიშარს უწევდა. ნინო მუშაობდა ისეთ მსახიობებთან, როგორებიც არიან ვიტორიო გასმანი, ბენ კასარა, ჟაკ დიუტრონი და შარლოტ რემპლინგი. ის აქტიურად თანამშრომლობს საფრანგეთისა და შვეიცარიის კინოსკოლებთან და კოლუმბიის უნივერსიტეტთან, როგორც პროფესორი. ნინო კირთაძის ხელმძღვანელობით 40-მდე ფილმია შექმნილი, რომელთაც საერთაშორისო წარმატება ხვდა წილად.

2019 წლიდან ნინო კირთაძე საქართველოს წარმომადგენელია კინოს მხარდაჭერის ევროპულ ფონდ „ევრიმაჟში”(Eurimages).

ევროპული კინოაკადემიის ჯილდო, რომელსაც ასევე „ევროპულ ოსკარს“ უწოდებენ, დაარსდა 1988 წელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები