გერმანელი ტურისტის ბლოგი საქართველოზე – რა უარყოფითი შედეგები შეიძლება ჰქონდეს მასობრივ ტურიზმს

ლეონარდ ლაურიში გერმანელი ბლოგერია, რომელმაც საქართველოში, კერძოდ კი სვანეთში იმოგზაურა და გადაწყვიტა, შთაბეჭდილები მკითხველისთვისაც მოეთხრო. მიუხედავად ბლოგპოსტის პესიმისტური სათაურისა,  ავტორი საქართველოს ბუნებითა და კულტურით აღფრთოვანებას გამოხატავს. თუმცა, ამასთან ერთად, წუხილს გამოთქვამს, რომ ტურისტულ გარემოსთან ადაპტაციის მცდელობამ,  შესაძლოა თვითმყოფობა და განსაკუთრებულობა დააკარგვინოს კონკრეტულ ადგილებს.

„საქართველოში ტურისტული ბუმია – რა დამანგრეველი გავლენა შეიძლება იქონიოს ამან ბუნებასა და ათასწლეულის კულტურულ მემკვიდრეობაზე“ – სვამს ავტორი კითხავს და მთელი ბლოგის განმავლობაში ცდილობს, თავადვე გასცეს პასუხი.

„გადაჭედილ „მარშუტკაში“ ფანჯრებიდან არაფერი ჩანს, მანამ, სანამ 4-საათიანი მგზავრობის შემდეგ, მძღოლი არ მიგვითითებს  ქალაქზე, რომელიც ჰორიზონტზე ჩანს. ეს მესტიაა, ადგილი, სადაც უწინ მხოლოდ ფერმერები ცხოვრობდნენ, თუმცა დღეს ისინი ტურიზმის სფეროში მომუშავე ადამიანებმა ჩაანაცვლეს და აქ თითქმის ვერ იხილავთ სოფლის მეურნეობაში ჩართულ ადგილობრივს. სახლებიც ტურისტულ „გესთჰაუსებად“ აქციეს, მათ კვებაზეც თავიანთ საოჯახო სამზარეულოში ზრუნავენ და შორეული სოფლებისკენ მგზავრობასაც ოჯახისავე ავტომობილით შემოგთავაზებენ. ერთი შეხედვით, მშვენიერი კომფორტია ტურისტისთვის, 5-ვარსკვლავიანი „ოლინკლუზივ“ პაკეტი საქართველოს მაღალმთიანეთში. მაგრამ გიფიქრიათ, ხომ არ იჭრება ტურისტული ინდუსტრია ზედმეტად მათ თვითმყოფად, ავთენტურ გარემოში? ხომ არ აზიანებს და ხელს უშლის რეგიონის განვითარების ჩვეულ რიტმს? იმ ხიბლსაც ხომ არ უკარგავს, რის გამოც ახლა მესტიაში ტურისტული ბუმია?“-  ამბობს ლეონარდ ლაურიში.

„ავთენტური ცხოვრების წესის დაკარგვა“ – ესაა მთავარი არგუმენტი, რომელსაც ავტორი ტურისტული ბუმის სიკეთეების წინააღმდეგ ასახელებს. თუმცა თავადვე განიხილავს იმ დადებით შედეგებსაც, რაც ქვეყანამ ბოლო წლებში სწორედ ტურისტებისაგან მიიღო.

სტატიაში  ავტორი საქართველოს უნიკალურ ბუნებას, კულტურასა და ტრადიციებს ასახელებს იმ მიზეზებად, რის გამოც ქვეყანას 7 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს. დასასრულს კი მის მიერვე დასმულ კითხვას, უნდა გადახედოს თუ არა საქართველომ ტურიზმის  პოლიტიკას, თავადვე პასუხობს – „ვნახავთ, რამდენ ხანს ექნება ამ განვითარებას დადებითი შედეგები – ალბათ მანამ, სანამ კულტურასა და ბუნებაზე ფიქრი უკვე დაგვიანებული არ იქნება“.

ლეონარდ ლოუგი გერმანელი ჟურნალისტი და პუბლიცისტია. მისი აღნიშნული ბლოგ პოსტი კი ცნობილი გერმანული გაზეთის, “die Zeit”-ის ოფიცაილურ ვებ-პორტალზე, „Zeit_online“ გამოქვეყნდა. Die Zeit გერმანიაში 1946 წლიდან გამომავალი ყოველკვირეული გაზეთია, რომლის ტირაჟიც 500 000 ეგზემპლარს აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები