“Georgische Music Verein” – ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული ქართველი ხელოვანები გერმანიაში

2018 წელს გერმანიაში ქართველმა მუსიკოსებმა ერთი იდეის გარშემო გაერთიანება და დიასპორული ორგანიზაციის შექმნა გადაწყვიტეს. ანა ნანუაშვილის თაოსნობით დაარსებულმა „არტ-მუსიკ ჯორჯიამ“ ორი წლის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიება უკვე გამართა, მათ შორის კონცერტები და ქართული კულტურის დღეები. 

„Georgische Music Verein – ქართველ ხელოვანთა გაერთიანება“- ასე ჰქვია სათვისტომოს, რომლის  უახლოეს გეგმებშიც 13 დეკემბერს, შტუტგარტში დაგეგმილი  კონცერტია.

ქართული სათვისტომოსა საქმიანობისა და კონცერტის შესახებ „ქართულ კვირას“  გერმანიაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი – ანა ნანუაშვილი ესაუბრა.

„ჩვენი ორგანიზაცია 2018 წლიდან, ანუ არც ისე დიდი ხანია არსებობს, მიუხედავად ამისა, რამდენიმე მასშტაბური პროექტი უკვე გავაკეთეთ. ორგანიზაციის შექმნა ჩემი იდეა იყო. 2006 წლიდან გერმანიაში ვცხოვრობ, ხშირად მიფიქრია, როგორი იქნებოდა ჩემი შვილების მომავალი და რომელ ქვეყანასთან მოახდენდნენ ისინი თვითიდენტიფიცირებას. სიმართლე გითხრათ, ამიტომ გადავწყვიტე  ამ საქმეს შევჭიდებოდი. ვფიქრობდი იმ ბავშვებზე, რომლებიც უცხოეთში დაიბადნენ, მთლიანად შეისისხლხორცეს ადგილობრივი კულტურა და მხოლოდ გადმოცემით იცოდნენ, რომ იყვნენ ქართველები. მინდოდა, მათთან უფრო ახლოს მიმეტანა საქართველო. დღეს ჩემი მთავარი მიზანიც ესაა – გავზარდო ქართველი ახალგაზრდების ჩართულობა მსგავს პროექტებში”

როგორც აღმოჩნდა, ქართული კულტურით არა მარტო ქართველები, ადგილობრივებიც ძალიან დაინტერესდნენ. ქართველ ხელოვანთა გაერთიანების მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებაში სიამოვნებით ერთვებიან და კითხვაზე, რატომ უყვართ ქართული კულტურა ასე ძალიან, საქართველოში მათი მოგზაურობისა და ადგილობრივების სტუმართმოყვარეობის შესახებ მოყოლილი ისტორიებით პასუხობენ.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ  გამოაცხადა საგრანტო  კონკურსი „დიასპორული ურთიერთობების ხელშეწყობა“. პირადად მე დავწერე პროექტი, შევიტანე და გავიმარჯვეთ კიდეც. როგორც წესი, კონცერტები ჩემი იდეაა. წელიწადში ორჯერ მაინც ვაკეთებ ხოლმე მასშტაბურ საღამოებს, ისე კი სულ ვეხმარებით საღამოების გამართვაში აქ მოღვაწე ქართველ ხელოვანებს. ბოლო კონცერტს, რომელიც 13 დეკემბერს გაიმართება, მხარს უჭერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ადგილობრივი კულტურის ცენტრი – Kulturamt Stuttgart და ფონდი „ქართული გალობა“ – აღნიშნა ანა ნანუაშვილმა.

“ფოლკი ხვდება ბლუზს”- ასე ჰქვია ქართულ კულტურულ საღამოს, რომელიც შტუტგარტის Theater Hause-ში, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საკონცერტო სივრცეში გაიმართება.  კონცერტის პირველი განყოფილება ქართულ ფოლკლორს დაეთმობა და მას  პარიზის დიასპორული ორგანიზაციის“ ქართული კულტურის კერა ლაზის“  ქორეოგრაფიული ანსამბლიც შეუერთდება. მსმენელს ასევე საშუალება ექნება მოუსმინოს თბილისიდან ჩასულ „გალობის უნივერსიტეტის გუნდსა“ და „The Voice of Germany-ის“ 2017 წლის გამარჯვებულ ნათია თოდუასაც.

„კონცერტის მეორე ნაწილში ქართული ფოლკ-ჯგუფი “GeoTrain” წარსდგება მსმენელის წინაშე. რა თქმა უნდა, ჩვენ გვერდს ვერ ავუვლიდით გენიალური ქართველი მაესტროს, გია ყანჩელის შემოქმედებას. აუცილებლად შესრულდება მისი საფორტეპიანო კომპოზიციები“ .

ქართული დიასპორული გაერთიანება ყოველწლიურად მართავს კონცერტებს გერმანიაში, რითაც, როგორც თავად ამბობენ, ქართული კულტურის პოპულარიზაციას უწყობენ ხელს.  2019 წლის მაისში გამართულ კონცერტზე Georgische Music Verein -მა  უპრეცენდენტო რაოდენობის ხელოვანები შეკრიბა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

„მსოფლიოს 7 ქვეყნიდან 70 მონაწილე – მუსიკოს-შემსრულებელი თუ მოცეკვავე გვყავდა შტუტგარტში – მათ  შორის ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ფესვები“  ნიუ-იორკიდან. პარიზიდან იყო კვლავ „ლაზი“ , ანტვერპენიდან – ქართული ცეკვის ანსამბლი „მედეა“. რა თქმა უნდა, იყვნენ ინდივიდუალური შემსრულებლებიც. ამ დღეს ქართული ფოლკლორული ნაწარმოებები და ტრადიციული ცეკვა ქართულ კლასიკურ ნაწარმოებებთან ტანდემში წარვადგინეთ აუდიტორიის წინაშე.  ჩემი მიზანი იყო ქართული კულტურის ერთი დღისათვის რაც შეიძლება მეტი გაფანტული ქართველი ხელოვანი ერთ სცენაზე შემეკრიბა,“აღნიშნა „ქართულ კვირასთან“ საუბარში ანა ნანუაშვილმა.

ქართველ ხელოვანთა გაერთიანება შტუტგარტში მომავალშიც განაგრძობს ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით კონცერტების გამართვას, 2020 წელს „არტ-მუსიკ ჯორჯია“ “Stuttgart Open Air-ზე” მიიწვიეს. გარდა ამისა, დაგეგმილია ბეთჰოვენისადმი მიძღვნილი კონცერტი ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით  და ინგოლშტატში არსებული ქართული კამერული ორკესტრის 30 წლის იუბილეს გრანდიოზული აღნიშვნა.

გერმანიაში მოღვაწე წარმატებული ქართველი მუსიკოსები, მათი ორგანიზაცია და ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი, ანა  ნანუაშვილი აგრძელებენ საქმიან და კულტურულ  ურთიერთობას მსოფლიოში მოღვაწე ქართველ ხელოვანებთან ერთი მთავარი მიზნისათვის – გახადონ ქართული კულტურა მეტად პოპულარული და ახლო ევროპელი აუდიტორიისათვის.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.