ათენში მესამე ინტერ-დიასპორული ხელოვნების ფესტივალი გაიმართება
8 დეკემბერს, ათენში მესამე ინტერ-დიასპორული ხელოვნების ფესტივალის დასკვნითი, საზეიმო კონცერტი გაიმართება. ღონისძიება ათენის ისტორიულ თეატრში – „კნოსოს“ (Θέατρο Κνωσός), უკრაინისა და საბერძნეთის ქართული დიასპორების მეორე და მესამე თაობის ნიჭიერ წარმომადგენელთა მონაწილეობით ჩაივლის.
ფესტივალი საბერძნეთის ხელოვნების, ლიტერატურისა და მეცნიერების UNESCO-ს ასოციაციის (Club for UNESCO of Art Literature and Science of Greece) და ფილოსოფოსთა მსოფლიო ფორუმის, საბერნეთის განყოფილების პატრონაჟით ეწყობა.
ფესტივალის ფარგლებში 6-9 დეკემბერს, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიას“ მოწვევით, საბერძნეთის დედაქალაქს ესტუმრებიან უკრაინის დედაქალაქის ქართველთა კულტურის ცენტრ „იბერიას“ აღსაზრდელები, მათი პედაგოგები და მშობლები, მთლიანი წარმომადგენლობა, 17 კაცის შემადგენლობით. აგრეთვე მოწვეულია კვიპროსის ქართული სათვისტომო „ძალა ერთობაშია“-ს დელეგაცია.
ინტერ-დიასპორული ხელოვნების ფესტივალი – „მეგობრობა გზად და ხიდად“, მიზნად ისახავს, უცხოეთში მცხოვრებ ქართული დიასპორის მეორე და მესამე თაობის წარმომადგენლების ერთმანეთთან დამეგობრებასა და თავიანთი შემოქმედების ერთმანეთისათვის გაზიარებას.
დაგეგმილია ექსკურსიები და საინტერესო შეხვედრები, ერთობლივი რეპეტიცია-მეცადინეობები, კონცერტის პროგრამისათვის მზადება, ქართული კულტურის ცენტრ „იბერიისა“ და განათლების ცენტრ „კავკასია“-ს საქმიანობის პრეზენტაციები და მეგობრული წვეულებები.