ვინ შექმნა სტრასბურგის ტრამვაისთვის ქართული ანბანის ესკიზი
სტრასბურგში ტრამვაის ვაგონებზე დატანილი, კიდურ-ყვავილოვანი კალიგრაფიით შესრულებული ქართული წარწერა 19 წლის რუსთაველ ბიჭს, ნიკა ღუნაშვილს ეკუთვნის.
როგორც ნიკამ „ქართულ კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, მას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან დაუკავშირდნენ და თემატური ესკიზის შექმნა სთხოვეს.
„რამდენიმე თვის წინ დამიკავშირდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროდან. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როგორ მიპოვეს. მეც, რა თქმა უნდა, მაშინვე დავთანხმდი და აბსოლუტურად ყველა ესკიზი სპეციალურად შევქმენი. სასიამოვნოა, როცა შენს ნამუშევარს ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში საქართველოს პოპულარიზაციაში წვლილი შეაქვს”,- აღნიშნა ნიკა ღუნაშვილმა
საქართველოსათვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარების აღსანიშნავად, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგის ქუჩებში ქართული ასოებით გაფორმებული ტრამვაი გამოჩნდა.
ნიკა ამ საქმიანობით დაახლოებით 10 წლის წინ დაინტერესდა, რუსთავის სკოლაში კალიგრაფია შეისწავლა და შემდეგ რამდენიმე ჯილდოც მოიპოვა.