,,ეს საქმე, ჩემი სული და გულია“ – პროფესორი, რომელიც თურქეთში ქართულ ენას ასწავლის
2005 წელს, პირველად თურქეთ-საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტი მოხდა – ყარსის უნივერსიტეტში გაიხსნა თურქული ენისა და ლიტერატურის განყოფილება. ყარსის უნივერსიტეტს მოჰყვა ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებების გახსნა არტაანის, რიზესა და დუზჯეს უნივერსიტეტებში. ხანგრძლივი პროცესი, რომელიც წინ უძღოდა ქართველოლოგიური მიმართულებების გახსნას თურქეთში, წარმატებით დაგვირგვინდა.
„თუ საქართველოში 1944 წლიდან არსებობს თურქოლოგიური სკოლა, ისწავლება თურქული ენა, რატომ არ უნდა არსებობდეს თურქეთში ქართველოლოგიური განყოფილება, ცენტრი ან თუნდაც პატარა უჯრედი, სადაც ქართულს შეასწავლიან?“- თურქეთის უნივერსიტეტებში მუშაობის ათი წლის მანძილზე, ყველა მისი მოხსენება, სიტყვა თუ გამოსვლა ამ კითხვით მთავრდებოდა…
თურქეთში ქართული ენის სწავლება თურქოლოგის, პროფესორის ნანა კაჭარავას დიდი დამსახურებაა. წლების მანძილზე ასწავლიდა ანკარისა და ბილქენთის უნივერსიტეტებში, ბოლო რამდენიმე წელია დუზჯეს უნივერსიტეტში გადაინაცვლა. მან შეადგინა და თარგმნა პროგრამა, რომლითაც იქაურ საშუალო სკოლებში ქართული ენა ისწავლება…
– ქალბატონო ნანა როგორ აღმოჩნდით თურქეთში?
– პირველად თურქეთში მოვხვდი 1995-96 სასწავლო წელს. ეს გახლდათ მივლინება ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ე.წ. სპეციალისტთა გაცვლა-გამოცვლა (ნანა კაჭარავა ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია). საქართველო-თურქეთის განათლების სამინისტროებს შორის, იმხანად უკვე არსებობდა ამგვარი ხელშეკრულება. თურქოლოგიის კათედრის მაშინდელ ასპირანტ ნინო შენგელიასთან ერთად, გავემგზავრე ანკარის უნივერსიტეტის ენის, ისტორიისა და გეოგრაფიის ფაკულტეტზე ერთი სასწავლო წლით. ეს გახლდათ სტაჟირებისა და სპეციალისტთა დახელოვნების პროგრამა.
– თურქეთში ქართული ენის სწავლება თქვენი დიდი დამსახურებაა. ერთ–ერთ ინტერვიუში ახსენეთ, როდესაც ანკარის უნივერსიტეტში ქართული ენის განყოფილება ვერ აღმოაჩინეთ, მოულოდნელი იყო და პრობლემის გამოსასწორებლად, მაშინვე გზების ძიებას შეუდექით…
– მართალს ბრძანებთ. ანკარის უნივერსიტეტის ენის, ისტორიისა და გეოგრაფიის ფაკულტეტზე არსებობდა თითქმის ყველა ენის კათედრა, როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის ქვეყნებისა; ბელგიისა და სკანდინავიის ქვეყნების ენებიც კი ისწავლებოდა; პეტერბურგში გაგზავნილი ჰყავდათ სპეციალისტი სომხურ ენაში მოსამზადებლად და მომავალში სომხური ენის კათედრის დასაარსებლად, მაგრამ ქართული ენის კათედრის, ცენტრის, რაიმე პატარა უჯრედის არათუ გახსნის შესახებ, არამედ საერთოდ ხსენებაც არ იყო. არადა უკვე საბჭოთა კავშირი კი არა, კარის მეზობელი, მოსაზღვრე, დამოუკიდებელი ქვეყანა ვიყავით. სწორედ თურქეთი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა სცნო. ამგვარმა მდგომარეობამ გული ძალიან დამწყვიტა. სიტუაცია გავაცანი თურქეთში საქართველოს მაშინდელ სრულუფლებიან ელჩს ბატონ ნოდარ კომახიძეს. მან მთხოვა ფაკულტეტის სტრუქტურა გამეცნო მისთვის და დეკანს დავლაპარაკებოდი. ასეც მოვიქეცი. დეკანი (დღევანდელ დღესავით მახსოვს) იყო პროფესორი, ისტორიკოსი ქალბატონი მელიქე დელილბაში. მან თბილად მიმიღო, ყურადღებით მომისმინა, გაიზიარა ჩვენი მოსაზრება, რომ მის ფაკულტეტზე უპრიანი იქნებოდა ქართული ენის კათედრის არსებობაც, რადგან სამუშაო ბევრი იყო: საქართველო-ოსმალეთს შორის ისტორიული ურთიერთობები, წყაროები, სიგელ-გუჯრები, ფირმანები არქივებში წამკითხველს ელოდა, მაგრამ არც ის დაუმალავს, რომ ეს საკითხი მის დონეზე ვერ გადაწყდებოდა და საჭირო იყო უფრო მაღალ ინსტანციებში საკითხის დაყენება. ყველაფერი დაწვრილებით მოვახსენე ელჩს. იგი მეორე დღესვე თავის მოადგილე, შალვა გაბესკირიასთან ერთად ეწვია ანკარის უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორს. ამ ვიზიტის შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ანკარის უნივერსიტეტის TÖMER-ში (თურქეთის მასშტაბით არსებული ენის შემსწავლელი კურსების ქსელი) გაიხსნა ქართული ენის კურსები. მასწავლებლად დაინიშნა თურქოლოგი მზია გურგენიძე. სამწუხაროდ, ამ კურსებმა მხოლოდ სამი თვე იარსება. ქართული ენის კურსებზე იარეს 70 წელს მიღწეულმა ან გადაცილებულმა ასაკოვანმა ადგილობრივმა გულანთებულმა ქართველებმა, რომლებსაც ასე თუ ისე ლაპარაკი ეხერხებოდათ და ახლა ქართული წერა-კითხვის სწავლა სურდათ.
თურქეთის უნივერსიტეტებში (ანკარისა და ბილქენთის) მუშაობის ათი წლის მანძილზე ყველა ჩემი მოხსენება, სიტყვა თუ გამოსვლა მთავრდებოდა შემდეგი წინადადებით: „თუ საქართველოში 1944 წლიდან არსებობს თურქოლოგიური სკოლა, ისწავლება თურქული ენა (ბოლო წლებში კი შესაშური ტემპებით), თურქეთში რატომ არ უნდა არსებობდეს ქართველოლოგიური განყოფილება, ცენტრი ან თუნდაც პატარა უჯრედი?“ სიმართლე უნდა ითქვას, რომ ჩემი ეს მოთხოვნა ხშირად პროვოცირებული იყო თვით თურქი მეცნიერების მიერ. ისინი ხშირად თვითონ მახსენებდნენ, რომ არ გამომრჩენოდა ეს მოთხოვნა. დღიდან საქართველოს საელჩოს გახსნისა თურქეთში, დაწყებული პირველი ელჩით ცხონებული ბატონი ნოდარ კომახიძით და მოყოლებული დანარჩენი ელჩებით, ეს მოთხოვნა ყოველთვის იდგა დღის წესრიგში. და აი, მრავალწლიანმა შრომამ ნაყოფი გამოიღო, ნაბიჯ-ნაბიჯ გადაილახა ბიუროკრატიული აპარატის ყველა საფეხური და პირველად თურქეთ-საქართველოს ისტორიაში მოხდა უპრეცედენტო ფაქტი: 2005 წელს ყარსის უნივერსიტეტში გაიხსნა თურქული ენისა და ლიტერატურის განყოფილება! ეს იყო ქართული დიპლომატიის, მეცნიერებისა და განათლების უდავოდ დიდი წარმატება.
ყარსის უნივერსიტეტს მოჰყვა ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებების გახსნა არტაანის, რიზესა და დუზჯეს უნივერსიტეტებში. როგორც იქნა ნავსი გატყდა და საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, რომელიც წინ უძღოდა ქართველოლოგიური მიმართულებების გახსნას თურქეთში, წარმატებით დაგვირგვინდა. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნის დღევანდელი მთავრობის რადიკალურად შეცვლილ პოლიტიკურ კურსს, რომლის მიხედვითაც ყურადღება მიექცა თურქეთში არსებულ ენებსა და დიალექტებს.
– თქვენ შეადგინეთ და თარგმნეთ პროგრამა, რომლითაც იქაურ საშუალო სკოლებში ქართული ენა ისწავლება, მოგვიყევით ამ პროგრამის შესახებ.
– პროგრამა, რომლითაც იქაურ საშუალო სკოლებში ქართული ენის სწავლების დაშვება მოხდა ერდალ ქუჩუქისა (ელიზბარ ცივნარიძე) და ქევსერ რუჰის (ქეთევან ხანთაძის) დამსახურებაა. ამ უკანასკნელს ეხმარებოდა მარიამ გაფრინდაშვილი, რომელიც იმჟამად ანკარაში თურქოლოგიის პროგრამის მაგისტრანტი იყო. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ ე.წ. წინამოსამზადებელ სამუშაოებში. პირველ გასვლაზე რატომღაც ქართული ენის სწავლების პროგრამა არ დამტკიცდა. ამიტომ მაშინდელი დიასპორასთან ურთიერთობების სამინისტროს დაკვეთით ვთარგმნეთ პროგრამები, რომლებიც თურქეთის ეროვნული განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული იყო სკოლებში აფხაზური და ჩერქეზული ენების სწავლებისათვის. რადგანაც სამუშაო იყო სასწრაფო, თარგმანში შევიამხანაგე ჩვენი უნივერსიტეტის თურქოლოგიის კათედრის ასისტ. პროფ. თამარ ალფენიძე. შემდეგ მოხდა ამ პროგრამების შედარება და ქართული ენის სწავლების ახალი ვარიანტი დამტკიცებულ იქნა. 2014 წლის 17 სექტემბერს გამოვიდა თურქეთის ეროვნული განათლების სამინისტროს დადგენილება სკოლებში არჩევით საგნად ქართული ენის სწავლების შესახებ. თუ 10-12 მშობელი დაწერს განცხადებას, რომ სურთ, მათმა შვილებმა ისწავლონ ქართული, სკოლის დირექცია ვალდებულია დაუშვას ქართული ენის სწავლება.
სამწუხაროდ, დღეს თურქეთში მხოლოდ ერთგან, ართვინის ვილაეთის დაბა მურღულის სკოლაში ისწავლება ქართული ენა. ისწავლებოდა საქარიის სოფ. ნუროსმანიეში, მაგრამ იმ ნაკადმა უკვე დაამთავრა სკოლა. ახალი კლასი არ შედგა. არ არის ადვილი, კლასში 10-12 ქართული წარმოშობის მოსწავლის პოვნა. სკოლაზე უფრო თურქეთის მასშტაბით ქართული ენის კურსებმა უფრო მოიკიდა ფეხი. ქართული ენის რამდენიმე კურსი მოქმედებს სტამბოლში, ანკარაში (ქართული ენის გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი), ადაფაზარში, დუზჯესა და იზმირში.
– წლების მანძილზე ასწავლიდით ანკარის უნივერსიტეტში, ბოლო რამდენიმე წელია დუზჯეში გადაინაცვლეთ, რომ გვითხრათ ამ უნივერსიტეტის შესახებ უფრო მეტი და ასევე თქვენს მოღვაწეობაზე და შედეგებზე ამ სასწავლებელში.
– ანკარის უნივერსიტეტის შემდეგ, 9 წელი ვიმუშავე ბილქენთის უნივერსიტეტში. ეს გახლავთ თურქეთში ცნობილი მაღალი დონის, პრესტიჟული უნივერსიტეტი, რომელიც განათლებას იძლევა ინგლისურ ენაზე. პროფესორ-მასწავლებლების 80% უცხოეთიდან მოწვეული ცნობილი მეცნიერია. ბილქენთი „ცოდნის ქალაქს“ ნიშნავს. უნივერსიტეტი მდებარეობს ანკარის ბილქენთის უბანში და გადაჭიმულია უზარმაზარ ტერიტორიაზე. ბილქენთის უნივერსიტეტის ტერიტორია მოიცავს ორ – ცენტრალურ და აღმოსავლეთ კამპუსებს, სადაც განლაგებულია სხვადასხვა ფაკულტეტი, რექტორატი, ადმინისტრაციული შენობები და რაც მთავარია, საცხოვრებელი კორპუსები პროფესორ-მასწავლებლებისათვის.
არანაკლები გამოდგა დუზჯეს უნივერსიტეტი, რომელიც შედარებით ახალი და თანაც სახელმწიფო უნივერსიტეტია; დაარსდა 2006 წელს და რაც მთავარია, 2013 წლიდან გახსნილია ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება. აქაც კამპუსში ვცხოვრობთ ანალოგიური საცხოვრებელი პირობებით. დუზჯეს უნივერსიტეტს ჰყავს შესაშურად ენერგიული რექტორი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ახალგაზრდა რექტორია და თანაც ქალი. გასულ წელს ქალბატონი ნიგარ ჩაქარ დემირჯანი არჩეულ იქნა წლის საუკეთესო რექტორად თურქეთში. პროფესიით ეკონომისტი ქალბატონი თავის ევროპულ და ამერიკულ განათლებას უშურველად ახმარს დუზჯეს უნივერსიტეტის წინსვლისა და განვითარების საქმეს. შენდება ახალი საავადმყოფო, იხსნება ახალი ფაკულტეტები, დღითიდღე მშვენდება და ფართოვდება უნივერსიტეტის კამპუსი. ქ-ნი ნიგარი ეთნიკურად კავკასიელია, მამა ჩერქეზი ჰყავს, დედა კი – ქართველი. მართლაც ჩვენი რექტორი მშვენივრად და ძალიან საყვარლად მეტყველებს ქართული ენის აჭარულ დიალექტზე, თუმცა ჩერქეზული ნაკლებად იცის. დუზჯელები ამაყობენ, რომ ჰყავთ ნიჭიერი, დაუზარელი, პროგრესულად მოაზროვნე და საოცარი ოპტიმიზმით დაჯილდოებული რექტორი. იგი ყველაფერში გვეხმარება და ანგარიშს გვიწევს ქართველ და ჩერქეზ პედაგოგებს. მისი ოპტიმიზმი ისეთი გადამდებია, რომ ჩვენ, უცხოელებს მისით გვიხარია იქ ყოფნა.
– როგორ მიდის ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება თურქეთში?
– მიგვაჩნია, რომ თურქეთის უნივერსიტეტებში ქართული ენა (პირველ ეტაპზე მაინც) ქართველმა თურქოლოგებმა უნდა ასწავლონ. ქართველი მასწავლებელი, წმინდა ქართველოლოგი იქ ისედაც ყოველთვის საჭირო იქნება, სანამ არ აღიზრდებიან ამ საქმის სათანადო დონეზე შემსრულებელი თურქი სპეციალისტები.
შუაგულ თურქეთში სტუდენტი მოდის ქართული ენის, ლიტერატურის, კულტურისა და ისტორიის შესასწავლად და შენ არ გაქვს უფლება ათქმევინო მას, რომ ვერ ასწავლი, რომ აზუთხინებ, რომ ვერაფერს აგებინებ. ჩვენ უნდა გავუადვილოთ თურქებს ქართული ენის (მათთვის საკმაოდ რთული ენის) სწავლა ქართველი თურქოლოგების დახმარებით; ვინ თუ არა ჩვენ უნდა ვასწავლოთ თურქებს ქართული? ჩვენ უნდა შევაყვაროთ მათ საქართველო, ქართული ენა და ქართველები. უნდა ვასწავლოთ ქართული უფრო მომხიბლავად, მიმზიდველად, მათი მშობლიური ენის დახმარებით, მშობლიურ ენასთან შედარების მეთოდით და ეს ხელეწიფებათ ქართველ თურქოლოგებს. ვფიქრობთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტების თურქოლოგიის კათედრებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრებთან ერთად, მომავალში მჭიდრო ურთიერთობები უნდა იქონიოს თურქეთის სხვადასხვა ქალაქების უნივერსიტეტებში აღმოცენებულ ქართული ენისა და ლიტერატურის ცენტრებთან. მით უმეტეს, დღეს, თანამედროვე საქართველოს პირობებში, ჩვენ მოწმენი ვართ იმისა, თუ როგორი მონდომებით ეწევიან საკუთარი ენისა და კულტურის პროპაგანდას თურქები და ამას აღწევენ თავიანთი მასწავლებლებისა და ჩვენი აღზრდილი თურქოლოგიის განყოფილებების კურსდამთავრებულების დახმარებით. შედეგიც არ აყოვნებს. დღეს თურქული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ენაა საქართველოში. ნამდვილად არ გვაწყენდა, გადაგვეღო მათი მაგალითი და გვესწავლებინა ქართული თურქეთში ისე, როგორც ისინი ასწავლიან და პოპულარიზაციას უწევენ თურქულს საქართველოში. თურქოლოგიის კათედრების მოვალეობა არ არის მხოლოდ თურქული ენის სწავლება ქართველი სტუდენტებისათვის. თურქოლოგებმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ თურქებისათვის ქართული ენის სწავლებაშიც. მეცნიერული მუშაობა, ახალი სახელმძღვანელოების შედგენა… უნდა გაძლიერდეს ამ მიმართულებითაც.
– თქვენ მუჰაჯირების სოფლებში მიდიხართ და იმ ქართველობას, თითქმის დავიწყებული რომ აქვთ ქართული ენა, თავიდან ასწავლით. რა სირთულეებს აწყდებით ამ პროცესში და საინტერესოა თქვენი მოსწავლეები როგორ ითვისებენ? რა ასაკის მოსწავლეები გყავთ უფრო ხშირად?
– დიახ, ამჯერად ადგილობრივ ქართველებს, მუჰაჯირთა შთამომავლებს ვასწავლით ქართულ ენას. ცოდვა გამხელილი ჯობია და ასიმილაციის პროცესი აქ მთელი სისწრაფით მიიწევს წინ. ჩემი მშობლების თაობა მეტყველებს ქართულად. მაგრამ ასეთები უკვე ძალიან ცოტაა დარჩენილი, თითზე ჩამოსათვლელია. ჩემი თაობა ასე თუ ისე ახერხებს ,,ჩიქორთულად“ ლაპარაკს, ზოგს მხოლოდ ესმის და ვერ მეტყველებს ქართულად. მაგრამ ახალგაზრდობამ ფაქტობრივად, ენა აღარ იცის. როგორც ცნობილია, ენას ეუფლები იმდენად, რამდენადაც მისი საჭიროება დგას. ქართველობით გულანთებული მხოლოდ უფროსი თაობაა. ახალგაზრდობა უკვე ასიმილირებულია…
– საქართველოს პროგრამა, რომლის დახმარებითაც თურქეთში მცხოვრები ქართველი ბავშვები ერთი თვით საქართველოში ჩამოჰყავთ, რამდენად წარმატებული გამოდგა და რეალურად ეხმარება თუ არა მათ, სამშობლოს უკეთ გაცნობაში? როგორი შედეგები გვაქვს?
– საქართველოს პროგრამა, რომლის დახმარებითაც თურქეთში მცხოვრები ქართველი ბავშვები ერთი თვით საქართველოში ჩამოჰყავთ ნამდვილად წარმატებული გამოდგა. იგი რეალურად ეხმარება მათ ისტორიული სამშობლოს უკეთ გაცნობაში. შარშან მთელი წელი ვიარე დუზჯეს ვილაეთის სოფელ აიდიფინარში. ამ სოფელში ადგილობრივი მასწავლებლის, წარმოშობით ქართველი სეიჰან ოქმენის თაოსნობით გაიხსნა ქართული ენის კურსები. კურსების ჩასატარებლად ადგილი, საკუთარი რესტორნის პირველი სართული, გამოგვიყო ასევე ქართველმა მუამერ ყაფლანოღლუმ. ქართული ენის კურსებზე ჩაირიცხა 35 ყმაწვილი, წარმოშობით ქართველები. ეს ის ახალგაზრდები არიან, ვინც გასულ წელს ზაფხულში ანაკლიის ბანაკში დაისვენეს და იქიდან საქართველოზე უზომოდ შეყვარებულები დაბრუნდნენ. ანაკლიის ბანაკის დამსახურებაა, რომ მათ სურვილი გაუჩნდათ ესწავლათ მშობლიურ ენაზე წერა-კითხვა. გარდა ამისა კურსებს ესწრებოდა სოფლის ასაკოვანი ინტელიგენცია (სკოლის დირექტორი, სასწავლო ნაწილი, პენსიონერი მასწავლებლები, გადამდგარი ოფიცრები და ა.შ.). ყველაზე სასიხარულო ჩემთვის იყო ის ფაქტი, რომ კურსებზე ჩაეწერნენ სოფლის თავსაფრიანი ქალბატონები. მათ გაბედეს და მოვიდნენ ქართული ენის კურსებზე. ბოლოს ისე მოეწონათ და გაუტკბათ, მეზობელი სოფლებიდანაც მოიყვანეს მეგობრები, მეზობლები, ნათესავები.
– როგორ ფიქრობთ ბევრი მათგანი დაბრუნდება სამშობლოში?
– დუზჯეს ადგილობრივი ქართველები ძირითადად, აჭარიდან გადმოსახლებულნი არიან. ამიტომ გული მომეტებულად ბათუმისაკენ მიუწევთ. ბევრი მათგანი ყიდულობს სახლს ბათუმში, აჭარაში ეძებს ნათესავებს, პოულობს კიდეც. არიან ისეთებიც, ვისაც პენსიაზე გასვლის შემდეგ საქართველოში დასახლება სურს.
– რა უნდა გააკეთონ მხარეებმა (ან თუნდაც მარტო ქართულმა მხარემ), რომ ეს ურთიერთობები უფრო გაღრმავდეს?
– ამ ურთიერთობების გასაღრმავებლად, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისათვის მათი ისტორიული სამშობლოსადმი ინტერესის გასაღვივებლად, რასაკვირველია, საჭიროა მათთვის საქართველოს, მისი კულტურის, ცეკვისა და ფოლკლორის უკეთ გაცნობა. ამისათვის საზაფხულო ბანაკები კარგი მიგნებაა, მაგრამ ბანაკებსაც დახვეწა ესჭიროება. მე ვესაუბრე ანაკლიაში ნამყოფ ყმაწვილებს: ბანაკის საჭმელებს ვერ ვჭამდითო; ბანაკში გამოცხადებული და ნათქვამი არაფერი გვესმოდაო; ურთიერთობები ძირითადად ინგლისურ ენაზე ყალიბდებოდაო… მაგრამ მაინც ძალიან მოეწონათ. აღნიშნეს, რომ საინტერესო ღონისძიებები ტარდებოდა. საქართველოს თითქმის ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში არის თურქოლოგიის განყოფილება. ორი-სამი თურქულად მოლაპარაკე თარჯიმნით ბანაკის საკადრო შემადგენლობის უზრუნველყოფა სულაც არაა ძნელი საქმე. ამით მოიხსნება ვაკუუმი ურთიერთობებში.
ოქტომბრის თვეში, საქართველოს განათლების სამინისტროს პროგრამითა და მარიკა ოძელის თაოსნობით, დუზჯეს უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილების 12 სტუდენტი ეწვია საქართველოს. მათ დაათვალიერეს როგორც თბილისი და მისი ღირშესანიშნაობები, ასევე კახეთისა და ახალციხის რაიონები. ბავშვები აღფრთოვანებულები დაბრუნდნენ ამ არაჩვეულებრივად ორგანიზებული ღონისძიებიდან.
– საქმე, რასაც ემსახურებით, თქვენთვის პროფესიაზე მეტია?
– ის საქმე, რასაც დღეს ვემსახურებით, ჩემთვის მხოლოდ პროფესიაა კი არა, სულია, გულია. ეს ის საქმეა, რომლის წარმატებით დაგვირგვინებას წლების განმავლობაში ველოდით…
ნანა კაჭარავას სტუდენტები დუზჟეს უნივერსიტეტში