პაპირუსიდან ბიომეტრიულ პასპორტამდე – როდის და სად აიღეს პირველად დოკუმენტი

ლათინურად passus ნიშნავს მოძრაობას და porta კარიბჭეს.

პასპორტი განსაკუთრებული ღირებულებისა და დანიშნულების დოკუმენტია, რომლის თან ქონაც საზღვრების გადაკვეთისას აუცილებელია.

21-ე საუკუნეში მსოფლიოს მრავალი ქვეყანა პასპორტების ახალ თაობაზე – ბიომეტრიულ პასპორტზე გადადის. საქართველოში მსგავსი სახით, ის 2010 წლის 15 აპრილიდან გაიცემა.

ოსმალეთის იმპერიის პასპორტი

პასპორტის სახის დოკუმენტი პირველად ძველ აღთქმაში გვხვდება. ბიბლიის ამ მონაკვეთში გადმოცემულია მეფე არტაქსერქსე I-ის მეფობის ხანა სპარსეთის იმპერიაში. მერიქიფე ნეემია თხოვს მეფეს სპარსეთის გავლით, იუდეაში ჩასასვლელად ნებართვა მისცეს. თხოვნის თანახმად, ეს ნებართვა მეფემ წერილის სახით უნდა ჩამოაყალიბოს, ანუ გასცეს დოკუმენტი, რომელიც იმ ხანად თანამედროვე პასპორტის როლს ასრულებდა.

ეგვიპტეში, ჯერ კიდევ ისლამიზაციის საწყის პერიოდში, მოქმედებდა მკაცრი საპასპორტო რეჟიმი. არც ერთ იქ მცხოვრებს არ შეეძლო დაეტოვა ოლქი ხელისუფლების ნებართვის გარეშე. ასეთ პასპორტებს სიჯილი ეწოდებოდა და ისინი პაპირუსისგან მზადდებოდა. ტულუნიდების დინასტიის მმართველობის დროს ეგვიპტის დასატოვებლად საჭირო იყო ჯავაზის ქონა, ამ პასპორტში თანმხლები მონებიც კი უნდა აღრიცხულიყვნენ.

ძველი სამგზავრო დოკუმენტი ევროპაში

ისლამურ ხალიფატში პასპორტის მნიშვნელობას ასრულებდა ჩეკი, რომელიც გაიცემოდა სპეციალური გადასახადების გადახდისას.

ევროპაში ზოგიერთი წყარო „პასპორტის“ პირველი ნიმუშის ავტორად ინგლისის მეფე ჰენრი V-ს მიიჩნევენ, ხოლო სიტყვა პასპორტის სამშობლოდ საფრანგეთი ითვლება. შუა საუკუნეების ევროპაში ასეთი ტიპის დოკუმენტები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაიცემოდა მოგზაურებზე და მასში აღნიშნული იყო ის ქალაქები და დასახლებები, სადაც ამ დოკუმენტის მფლობელს შეეძლო შესვლა ქალაქის კარიბჭეების გავლით.

პირველი იაპონური პასპორტი

XX საუკუნემდე პასპორტში მოცემული იყო მხოლოდ ტექსტური ველები მფლობელის ანთროპოლოგიური აღწერით, ფოტოტექნოლოგიების გავრცელებასთან ერთად, აუცილებელი გახდა ფოტოსურათის არსებობაც.

აქტიური პასპორტიზაცია XV საუკუნიდან იწყება, რაც იყო მათხოვრების და მაწანწალა ადამიანების წინააღმდეგ მიღებული მკაცრი ზომების ნაწილი.

ძველი ჩინური პასპორტი

 იქიდან გამომდინარე, რომ ისინი მუდმივად იცვლიდნენ ადგილსამყოფელს, მოგზაურები იძულებული იყვნენ დამატებით წარედგინათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც მათ მაწანწალებისგან გაარჩევდნენ. XVII საუკუნის შუა ხანიდან პასპორტის მნიშვნელობა უფრო იზრდება: დეზერტირობის აღსაკვეთად შემოიღეს სამხედრო პასპორტი (Militärpass), იმ ქვეყნებიდან ჩამოსულებისთვის სადაც გავრცელებული იყო ჟამი, შემოიღეს ე.წ. ჟამური პასპორტი (Pestpass); შემდგომში გამოჩნდა განსაკუთრებული პასპორტი ებრაელებისთვის და სახელოსნო სასწავლებლის მოსწავლეებისთვის; ამავე დროს პასპორტის რეგისტრაციის აუცილებლობაც იქმნება.

სამხედრო პასპორტი (Militärpass)

საპასპორტო სისტემის განვითარებამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია XVII და XIX საუკუნეების მიჯნაზე, უმთავრესად საფრანგეთში. იკრძალებადა ყოველგვარი გასვლა ქალაქიდან პასპორტის მიღების გარეშე. საპასპორტო სისტემა პოლიციის ხელში იყო.  იმჟამინდელი განუწყვეტელი ომიანობის პერიოდში, პასპორტი განსაკუთრებულ როლს ასრულებდა ქვეყანაში ჯაშუშების აღმოჩენის პროცესში.

XIX საუკუნის მიწურულიდან პირველ მსოფლიო ომამდე, ევროპაში მოგზაურობისთვის პასპორტის საჭიროება არ იყო აუცილებელი, საზღვრების გადალახვა იყო გამარტივებული. ამიტომ პასპორტს ფლობდა მოსახლეობის მცირე ნაწილი. ევროპულ საპასპორტო სისტემაში გარდატეხა მომძლავრებულმა სარკინიგზო გადაზიდვებმა მოახდინეს.

XIX საუკუნეში სარკინიგზო სისტემის მკვეთრმა ზრდამ, ადამიანების უზარმაზარ მასებს საშუალება მისცა სწრაფად გადაადგილებულიყვნენ ქვეყნებს შორის. ამან ტრადიციული ევროპული საპასპორტო სისტემა მოუქნელ და საშინლად გართულებულ სისტემად აქცია და ევროპელები იძულებული გახდნენ უარი ეთქვათ მასზე. მეფის რუსეთში და ოსმალეთის იმპერიაში საპასპორტო სისტემა შენარჩუნდა, მაგრამ მასთან ერთად არსებობდა შიდა პასპორტების სისტემაც, რომელიც ქვეყნის შიგნით მიმოსვლას არეგულირებდა.

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი

პასპორტში ფოტოს დართვა მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გახდა აუცილებელი. ამის მიზეზი კი გახდა გერმანიისთვის მომუშავე ჯაშუში, რომელიც დიდ ბრიტანეთში ყალბი პასპორტით შეიპარა.

21-ე საუკუნიდან, სახელმწიფოები იწყებენ მხოლოდ მანქანურად კითხვადი პასპორტების გაცემას. ბიომეტრიულ პასპორტს დამატებული აქვს ელექტრონული მატარებელი, რომელზეც დატანილია პერსონალური მონაცემები, ელექტრონული ფოტოსურათი და თითის ანაბეჭდები. ბიომეტრიული პასპორტი  მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისგან დაცული სამგზავრო დოკუმენტია.

BBC-ის ინფორმაციით, დღეს ყველაზე რთული გასაყალბებელი ნიკარაგუას პასპორტია, რომელსაც დაცვის 89 უნიკალური ელემენტი აქვს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.