23 ნოემბერს გიორგობას მხოლოდ საქართველოში აღნიშნავენ

23 ნოემბერს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ეს დღე მართლმადიდებლური სამყაროს ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველოში აღინიშნება. 

ვინ იყო წმინდა გიორგი

წმინდა გიორგი კაპადოკიელი დიდებული და რომის იმპერიის მსახური იყო, რომელმაც ქრისტიანობა საკუთრ რელიგიად აღაიარა, შემდეგ კი ამავე სარწმუნოებისათვის ეწამა.

წმინდა გიორგი III საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში დაიბადა. იგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი იყო. თუმცა, ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდგომ  იმპერატორს განუდგა.

დიოკლეტიანემ და მაგნენტიოსმა კერპთმსახურება ააღორძინეს და გასცეს ბრძანება ქრისტიანთა დევნილებისა და იმ მორწმუნეთა დაწინაურების შესახებ, რომელნიც უარყოფდნენ ქრისტიანობას. ხოლო ვინც შეეწინააღმდეგებოდა იმპერატორის ბრძანებას, სიკვდილით უნდა დასჯილიყო.

წმ. გიორგის წარდგომა იმპერატორთან (საგურამოს წმ. ილია მართლის სახელობის ტაძრის ფრესკა)

წმინდა გიორგის მოწამეობრივი ღვაწლი

წმინდა გიორგიმ, უარი განაცხადა, დამორჩილებოდა იმპერატორის ბრძანებას, პასუხად იმპერატორმა მისი წამება განიზრახა.

გადმოცემით, წმინდანის ხორცის შეხებისას ლახვარი სანთელივით მოიდრიკა. როცა ამგვარად ვერაფერი დააკლო, დიოკლეტიანემ წმინდა გიორგი ურმის თვალზე დააკვრევინა, დაღმართზე კი მახვილები დააგებინა, რის შედეგადაც მოწამის სხეული. მაგრამ ანგელოზის გარდამოსვლით წმინდა გიორგი განიკურნა და ასე განახლებული ბრწყინვალებით წარდგა მეფის წინაშე. ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე, რისთვისაც ქალაქგარეთ თავისმოკვეთით დასაჯა ისინი.

ქრისტიანობა დედოფალმა ალექსანდრიამაც ირწმუნა, რომელმაც დეოკლიტიანეს წინაშე უშიშრად აღიარა ახალი სარწმუნოება, შემდგომ  დედოფალიც დაატყვევეს.

მრავალი სასწაული უკავშირდება წმინდა გიორგის სახელს.   მისი თაყვანისცემა საქართველოში მე–4 საუკუნის დასაწყისში იწყება. ძველი დროიდანვე საქართველოს, წმინდა გიორგის ქვეყანას, გეორგიას უწოდებენ. წმინდა არსენ იყალთოელის ცნობით, წმინდა ნინო დიდმოწამის ბიძაშვილი იყო და ქართველმა ერმა სწორედ მისგან შეიტყო წმინდა გიორგის მოწამეობის შესახებ. საქართველოში უამრავი ლეგენდა არსებობს, თუ როგორ შეეწეოდა ხოლმე წმინდა გიორგი ქართველთა ლაშქარს მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლაში, მათ შორის დიდგორის ბრძოლაშიც.

რატომ გამოსახავენ წმინდა გიორგის ცხენზე ამხედრებულს მახვილით გველეშაპის განგმირვის დრო

გველეშაპის ძლევა (საგურამოს წმ. ილია მართლის სახელობის ტაძრის ფრესკა)

ლეგენდის თანახმად, ქალაქ ლასიაში მეფობდა ქრისტიანების მიმართ შეუბრალებელი, კერპთმსახური სელინოსი. ქალაქის მახლობლად მდებარე ტბაში გამოჩნდა ბოროტი ვეშაპი, რომლის მოკლაც ვერავინ შეძლო. დამფრთხალმა მეფემ ქალაქის მცხოვრებლებს უბრძანა, თავიანთი შვილები რიგ-რიგობით მიეცათ მხეცისთვის შესაწირად და როდესაც ჯერი მასზე მიდგებოდა, ისიც შესწირავდა თავის ერთადერთ ასულს.

ასეც მოხდა: ყველა მოსახლემ გაიმეტა თითო შვილი და მეფის ასულის ჯერიც დადგა. მეფემ ხალხს ურიცხვი სიმდიდრე შესთავაზა ოღონდ კი ვინმეს აერიდებინა მისი ქალიშვილისთვის ეს ხვედრი, მაგრამ ამაოდ.

 სწორედ იმ დროს, როდესაც ქალი ტბიდან ვეშაპის გამოსვლას ელოდა, გზად წმინდა გიორგიმ გაიარა, დაინახა თვალცრემლიანი ქალიშვილი და ტირილის მიზეზი ჰკითხა. მაშინ ქალმა მოუთხრო თავისი გასაჭირის შესახებ. წმინდა გიორგიმ დაამშვიდა იგი და უთხრა, რომ ჭეშმარიტი ღმერთის სახელით იხსნიდა მას.

“უფალო ღმერთო, გადააქციე ეს მხეცი ჩემს მორჩილად”. შევედრა წმინდა გიორგიმ ღმერთს და გველეშაპი წმინდანის ფეხებთან დაეცა. „იწამეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ყოვლად ძლიერი ჭეშმარიტი ღმერთი და მე მოვკლავ ამ ვეშაპს”. წმინდა გიორგიმ იშიშვლა მახვილი, მოკლა გველეშაპი და ქალიშვილი მამას დაუბრუნა. ხალხი დაემხო წმინდანის წინაშე და ჭეშმარიტი ღმერთი განადიდა.

სწორედ ამ სასწაულს უკავშირდება ხატებზე გამოსახული წმინდა გიორგი, რომელიც მახვილით კლავს მხეცს. ქრისტიანული სახისმეტყველების მიხედვით, ეს არის ქრისტიანობის ბოროტებასა და ცოდვაზე გამარჯვების სიმბოლო, ხოლო ხატი, რომელზეც იგი დიოკლეტიანეს კლავს, არის სიმბოლო ეკლესიის გამარჯვებისა მის ხილულ მტრებზე, მათზე, ვინც ქრისტიანობას ცეცხლითა და მახვილით ებრძოდა.

რატომ აღინიშნება საქართველოში გიორგობა წელიწადში ორჯერ

წმ. გიორგის თავის კვეთა (საგურამოს წმ. ილია მართლის სახელობის ტაძრის ფრესკა)

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ – 23 აპრილსა (6 მაისი) – მისი თავისკვეთისა და წმინდანად შერაცხვის, ხოლო 10 ნოემბერს (23 ნოემბერი) ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ნოემბრის გიორგობას მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს, რადგან, ქართული ეკლესია თვლის, რომ  წმინდანის საგვემელ ბორბალზე წამება სისასტიკით ჯვარცმასაც არ ჩამოუვარდება.

წმინდა დიდმოწამე გიორგი მრავალი ქვეყნის მფარველადაა მიჩნეული, მათ შორის, ინგლისის, ეთიოპიისა და საქართველოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები