„ის წუთი და წამი, როცა კამერა მიჭირავს, დიდი ბედნიერებაა ჩემთვის“… – როგორ დარჩა ბრიტანელი ფოტოხელოვანი საქართველოში

ფილიპ ჰუდლსტონი ბრიტანეთში დაიბადა და თბილისში, ოჯახთან ერთად, დაახლოებით 8 წელია ცხოვრობს. ის მუსიკითა და ფოტოხელოვნებით 15-16 წლის ასაკში დაინტერესდა, რის შემდეგაც ფოტოებს რეგულარულად იღებს.
ამავდროულად, ფილიპ ჰუდლსტონი ბენდ „ნალის“ წევრია. 2014 წელს მათ პირველი ალბომი გამოუშვეს.
ფილიპსა და მის მეუღლეს თბილისში ცხოვრება სტუმართმოყვარე და თბილმა ქართველმა ხალხმა გადააწყვეტინა, რომელსაც დიდი და საინტერესო კულტურა და ისტორია აქვს.

– 12 წლის წინათ გავიცანი ქართველი მეგობარი, რომელსაც დავპირდი, რომ თბილისში მეუღლესთან ერთად ჩამოვიდოდი. 2010 წელს, მართლაც, პირველად ვესტუმრე საქართველოს. აქ ორი კვირა დავყავით, მეუღლეს ვუთხარი, რომ ეს ის ადგილია, სადაც მინდა, რომ ვიცხოვროთ- მეთქი. ასე გადავწყვიტეთ აქ დარჩენა.
– მაგრამ მაინც ხშირად გეკითხებიან, ბრიტანეთის სამეფოში ხართ დაბადებული და რატომ აირჩიეთ საცხოვრებლად საქართველოო?
– რთულია, გადმოსცე ის ემოცია სიტყვებით, რომელსაც ვგრძნობდი თბილისისა და საქართველოსადმი. რაღაცნაირად მივეჯაჭვე ქართულ კულტურას, ქართველი ხალხი სტუმართმოყვარე, ძალიან თბილი და კეთილია.
მომეწონა ქართული სამზარეულო, ღვინის წარმოების უძველესი კულტურა. ესეც ერთგვარი მიზეზების კრებულია, რატომაც ვცხოვრობ აქ და გადავწყვიტე საქართველოში დარჩენა.
ძალიან მდიდარი და საინტერესო კულტურა აქვთ ქართველებს, ასევე ისტორია, რომელიც ძალიან მომწონს, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ ინგლისსაც გააჩნია მდიდარი კულტურა და რაღაცნაირად ვგავართ ჩვენ.
– უკვე გქონდათ „ნიუ ტიფლისის“ სასტუმროში პირველი გამოფენა. როდის დაინტერესდით ფოტოგრაფიით?


– მუსიკითაც და ფოტოხელოვნებითაც აქტიური დაინტერესება დაახლოებით 15-16 წლის ასაკში დავიწყე. მაგრამ ფოტოგრაფიით ყოველთვის რეგულარულად ვიყავი დაკავებული. რამდენიმე პროექტში ვმონაწილეობდი, როგორც პროფესიონალი ფოტოგრაფი. ვიმუშავე ძლიერ ბრიტანელ ფოტოგრაფებთან, ვისგანაც ვისწავლე ტექნიკური მხარეები, და მერე დამოუკიდებლად განვვითარდი.
თითოეული წუთი და წამიც კი, როცა კამერა მიჭირავს, დიდი ბედნიერებაა ჩემთვის.
სასტუმრო „ნიუ ტიფლისის“ უნიკალური, ორიგინალური დიზაინის შენობა ნახვისთანავე ძალიან მომეწონა. ეს ზუსტად ის ადგილია, რაზეც ნებისმიერი ფოტოგრაფი ოცნებობს.
ძალიან მომეწონა სასტუმროს მე-10 სართული, სადაც რესტორანი მდებარეობს. აქედან თბილისის ულამაზესი ხედები იშლება. ამ ხედებმა ჩემზე დატოვა წარუშლელი შთაბეჭდილება და მივიღე გადაწყვეტილება, მალე ჩატარებულიყო პირველი გამოფენა სწორედ ამ სასტუმროში.
ორი დღე დამჭირდა სურათების გადასაღებად. მერე, როცა ვაჩვენე სასტუმროს დირექტორ ქეთევან რაჟამაშვილს და მენეჯერ ანა გიორგაძეს, მრავალი საქებარი სიტყვა დავიმსახურე. მახარებს, რომ მოეწონათ ჩემი ნამუშევრები და რომ მომცეს საშუალება, ჩემი ხელოვნების თუნდაც პატარა ნაწილი წარმომედგინა.
– საქართველოში მალე მეორე გამოფენა უნდა გაიმართოს. ახლახან ჭიათურაში იმყოფებოდით და ერთი დღე, ასე ვთქვათ, ჭიათურელი იყავით… უამრავი ფოტო გადაიღეთ…
– ჭიათურის ჩვეულებრივი მკვიდრი ვიყავი, ვსადილობდი, ვცხოვრობდი, ვმოძრაობდი იმ ტრანსპორტით, რომელსაც ჭიათურელები ყოველდღე იყენებენ, ის ადგილებიც ვნახე, სადაც შეყვარებულებთან ერთად სეირნობენ ხოლმე. აღმოვაჩინე ულამაზესი, მიმზიდველი ხედები და ახალი არქიტექტურის ნიმუშები, მაღაროელების მძიმე მუშაობასაც გავეცანი.


ძალიან მომეწონა ჭიათურა, ქალაქიც და მისი ხედებიც. თავიდან მეგონა, რომ ინდუსტრიულ ქალაქში ვიმყოფებოდი, რადგან გზის გაყოლებაზე ქარხნებს და სამუშაო გარემოს ვხედავდი. საბაგირომ, და რომ ის ჭიათურაში გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა, გამაოგნებული შთაბეჭდილება დატოვა.
მიკვირს, ამ სიძველის ტექნიკა დღემდე როგორ გამართულად მუშაობს. მეგონა, წარსულში დავბრუნდი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ხარისხიანია და 100 პროცენტით გამართულადაც მუშაობს. პარალელებს ვავლებდი ინგლისის მსგავსი პატარა ქალაქების საბაგიროებთან და იქ მომუშავე ხალხთან. ძალიან მინდოდა, ფირზე აღმებეჭდა ადგილობრივების ყოველდღიურობა, მათი ცხოვრება, და პლუს – სიძველე.
მრავალი ფოტო გადავიღე. მათ შორის, ვაგონეტის კაბინიდანაც. ამ ადამიანებსა და იმათ შორის, რომლებსაც ცხოვრების კარგი პირობები აქვთ, დიდი კონტრასტია. იმათ ფონზე ჭიათურელები გმირები არიან, არცთუ სახარბიელო პირობებში შრომობენ და ქმნიან. ამან ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე.
– თქვენ მაღაროელებიც მოინახულეთ…
– ჯერ ვიტყვი იმას, რომ დიდი სხვაობაა ქვეყანასა და აქაურ ინდუსტრიას შორის. მაგრამ ამ პატარა ქალაქში ძალიან მომეწონა ის დალაგებული სისტემა, თუ როგორ აქცევენ ყურადღებას მაღაროელების უსაფრთხოებას ჭიათურაში. არსად არ შეგვიშვეს, სანამ ხელი არ მოგვაწერინეს, სანამ ინსტრუქტაჟი არ ჩაგვიტარეს. როცა შევედით, მეგონა, დაღლილ, არცთუ სტუმართმოყვარე სახეებს დავინახავდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანებს უყვართ საკუთარი საქმე. ისინი სინამდვილეში ძალიან კეთილი ხალხია, ხშირად იღიმებიან და მათთან ურთიერთობა მალევე დავამყარე.
– ვიცი, რომ ერთ-ერთი კადრის გადაღებისას საშიში სიტუაციაც შეიქმნა…
– მაღაროს გაჭრის მერე წესების დარღვევით დავდექი იქ, სადაც უნდა ჩამონგრეულიყო მასა და ვინც ამას აკეთებდა, იმ მაღაროელის სახე მაინც გადავიღე. როცა წარმოვიდგინე, ისინი ამას ყოველდღე აკეთებენ, ჩემს საქმიანობას ცოტა სხვანაირი პასუხისმგებლობით მოვეკიდე.
– რა იყო გადაღების დროს მნიშვნელოვანი?
– ძალიან ბევრი რამ შეიძლება აღმოაჩინო ჭიათურაში, თუნდაც პირველად ჩასვლისას. ყველაზე ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი საბაგიროების გადაღება იყო, საბაგიროთი მოგზაურობისას ვაგონეტის კარის გაღება მოვინდომე გადასაღებად, რაზეც სასტიკი უარი მივიღე, მაგრამ კამერის გაყოფა და კადრების დაჭერა მაინც მოვასწარი ფანჯრებიდან. მართლაც, უჩვეულო სიტუაციაში აღმოვჩნდი.


ვხუმრობდით, რომ ჭიათურა იდეალური ქალაქია, სადაც შეიძლება კარგი დეტექტიური ფილმის გადაღება მკვლელობის გამოძიებაზე, რადგან ძალიან ჰგავს ამერიკულ ინდუსტრიულ ქალაქებს, სადაც მრავალი მსგავსი ფილმი შექმნილა.
გადავიღეთ ტაქსისტები, დრო გვქონდა და გავესაუბრეთ ჭიათურის შესახებ, ძალიან მომეწონა ის სიამაყე, რომ ჭიათურელები არიან, რომ მათ სურთ, განვითარდეს ჭიათურა, იზრუნონ ქალაქზე, და არა ის, რომ გაიქცნენ იქიდან. ამ ქალაქში არაჩვეულებრივი ბუნებაა. არის იმის პოტენციალი და რესურსები, რომ ტურისტული მიმართულებით, ასევე, კლდეზე ცოცვის თვალსაზრისით განვითარდეს.
– გადაღების უჩვეულო და ორიგინალური ტექნიკა გაქვთ… რა არის ამის საიდუმლო?
– პირველ რიგში, რასაც ყურადღებას ვაქცევ, ისაა, რომ რამე ისეთი გადავიღო, რაც ჯერ არ სხვას არ აღუბეჭდავს. ამით ხდება ჩემი განცალკევება საერთო მიმართულებიდან და ხედვიდან, ყოველთვის რაიმე ახალს ვეძებ, რითაც შეიძლება იგივე პროდუქტი სულ სხვანაირი გამოვიდეს.
თუ შეხედავთ მსოფლიოში ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრებს, ძალიან მარტივად განასხვავებთ მათ ნაშრომებს – თავისი ხელწერა აქვთ, ამას წლები და დიდი ხნის მუშაობა უნდა.
მეც ვმუშაობ ჩემი ხელწერის შესაქმნელად, ჯერ ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე დავეუფლე, მაგრამ პროცესში ვარ.
ვცდილობ, ყველა სურათი ისე გადავიღო, რომ თუნდაც ძალიან ცნობილი რამ სულ სხვა კუთხით დავანახვო მაყურებელს, ისე, რომ მან გვერდი არ აუაროს, გაჩერდეს, თითო სურათთან რაღაც დრო დაჰყოს და დაფიქრდეს. ფოტომ რაც შეიძლება მეტი ყურადღება უნდა მოიზიდოს ორიგინალურობითა და ხედვით.
რამე ლოკაციაზე მუშაობისას ვცდილობ, მაქსიმალური გავაკეთო, რაც სხვამ შეიძლება ვერ დაინახოს, ან ყურადღება არ მიაქციოს.

                                                      „თბილისი“ – ფილიპ ჰუდლსტონის ფოტო
„თბილისი“ – ფილიპ ჰუდლსტონის ფოტო

– მუშაობის პროცესში იყენებთ ძვირადღირებულ ლინზებსაც…
– ეს ხარისხისა და სიზუსტისთვისაა საჭირო, სხვა დანარჩენი უკვე გადაღებაზეა დამოკიდებული. ჩემეული ხედვა და სტილია. მაშინაც კი, როცა ადამიანების პორტრეტებს ვიღებ, ყოველთვის ვცდილობ, არა მარტო რაღაც ახალი აღმოვაჩინო პორტრეტის სტილისტიკაში, ობიექტს აბსოლუტურ თავისუფლებას ვაძლევ, რომ ჯერ მან იპოვოს საკუთარ თავში რაღაც ახალი, მან წარმოაჩინოს თავი ისე, როგორც მას არ წარმოუდგენია. ეს პროცესი დიალოგია იმ ადამიანთან, ვის პორტრეტსაც ვიღებ, და ამ თავისუფლების პროცესში ვპოულობ ზუსტად იმას, რაც მსურს. ხშირად მოდელიც კი ვერ ცნობს საკუთარ თავს.
ჩვენ ფოტოხელოვნებისთვის ძალიან მნიშვნელოვან დროს ვცხოვრობთ, ბევრად უფრო განვითარებული ტექნიკა და დამხმარე პროგრამებია. კარგი ტექნიკით შეიძლება ძალიან კარგი ფოტოს გადაღება, მაგრამ დამატებითი საშუალებებით ამ ფოტოს შედევრად ქცევა შეიძლება. ეს არ იყო 20-30 წლის წინათ, სადღეისოდ ტექნიკას უსწრებს პროგრამები, რაც გაძლევს საშუალებას, შენეული შექმნა, ანუ საკუთარი სტილი ჩამოაყალიბო.
ჩემი საყვარელი მიმართულება ფოტოხელოვნებაში პორტრეტების გადაღებაა და ჩემი კონტაქტი იმ ადამიანთან, ვისაც სურათს ვუღებ. ვცდილობ, დავამშვიდო იგი, რომ იყოს ისეთი, როგორც მას სურს. ამასობაში ვეძებ იმ წამს და წამის მეათედს, რომელიც შემდგომ პორტრეტი უნდა გახდეს.

“ნარიყალა“ – ფილიპ ჰუდლსტონის ფოტო

ყველაზე მეტად ეს პროცესი მომწონს, რომელიც ცოტა ამაღელვებელია, მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურად არაჩვეულებრივია, ვცდილობ, მათში მთავარი დამახასიათებელი ვიპოვო. ოღონდ ისე, რომ ადამიანმა ეს საკუთარი ნებით აჩვენოს, ანუ ეს ბუნებრივი იყოს, და არა – თამაში.

ვინაიდან პორტრეტის გადაღებისას თავად ვარ ჩართული ვერბალურადაც და ტექნიკურადაც, ეს პროცესი უფრო მეტად მომწონს, ვიდრე სხვა რამის გადაღება. უშუალოდ პროცესი ბევრად უფრო მეტ კომპონენტს შეიცავს და უფრო საინტერესოა.
– როგორი იყო თქვენი განცდა, როცა მაღაროელების სახეებს იღებდით?
– სანამ დავიწყებდი მუშაობას და ამ ადამიანებს გავიცნობდი, სულ სხვა წარმოდგენა მქონდა მათზე, გაცნობის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მათ მართლა უყვართ საკუთარი საქმე. თავისებური ხედვა აქვთ ყველაფერზე, თავიანთ ცხოვრებაზეც.
მათ მაქსიმალურად მიიღეს მონაწილეობა გადაღების პროცესში, იმის გარდა, რომ გვასწავლეს ყველაფერი, რაც კი შეიძლება ესწავლებინათ მაღაროებზე, სიამაყენარევი შეგრძნებით ლაპარაკობდნენ ამ თემებზე. ისინი, საფრთხის მიუხედავად, ძალიან გულწრფელი და რთულ საქმეს შეჭიდებული ადამიანები არიან.
დღეიდან ასეთ ადამიანებს ცოტა სხვანაირად ვაფასებ. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა ასეთ გადაღებაში მონაწილეობა.
– სამომავლოდ რის გადაღებას აპირებთ?
– ჩემი სურვილია, გადავიღო საქართველოს რაგბის ნაკრები. ვარჯიშისა და თამაშის დროს აღვბეჭდო მათი სახეები და ემოციები. ძალიან მიყვარს რაგბის ნაკრები, ვთვლი, რომ კიდევ ბევრს მიაღწევენ, რადგან რაგბის სამყაროში უკვე ბევრი რამ თქვეს.
ასევე, ქართული ეროვნული ცეკვების ფანი ვარ და მაინტერესებს მოცეკვავის ემოციების გადაღება, როცა იგი ქართული ეროვნული ცეკვის ელემენტებს ასრულებს. მინდა, ქართული ცეკვის პროფესიონალური ფოტოსესია არა მარტო ქართულ საზოგადოებას, არამედ მსოფლიოს ვაჩვენო.

მეუღლესთან ერთად
მეუღლესთან ერთად

– თანამედროვე მუსიკის შემსრულებელი ბენდის – „ნალის“ წევრი ხართ…
– ჩემი თანამშრომლობა ბენდთან დაიწყო დავით კაჭარავას გაცნობით, ეს ის მეგობარია, რომელსაც დავპირდი, რომ საქართველოში ჩამოვიდოდი. მართლაც, ჩამოვედი და „ნალი“ გავიცანი.
გაცნობიდან 2 კვირის მერე დავიწყე მათთან თანამშრომლობა, ვისწავლე ხმის დამუშავება და გადავწყვიტეთ, დაგვეწერა სიმღერები და ჩაგვეწერა ჩემს სტუდიაში.
2014 წელს გამოვუშვით პირველი ალბომი, რომლის სიმღერების ტექსტების ავტორი ვარ მეც და ბენდის სხვა წევრებიც.
რამდენიმე კვირის წინ დავიწყეთ მუშაობა დათოსთან ერთად ახალი ალბომის ჩასაწერად, წესით, რამდენიმე კვირაში უნდა გამოვიდეს. ახალი ალბომის მერე პროცესი გრძელდება, მე და დათო დავიწყებთ ისევ ახალი ალბომის სიმღერების ჩაწერას.
– სანამ საქართველოში ჩამოხვიდოდით, ორივეს – თქვენც და მეუღლესაც სხვა აღმსარებლობა გქონდათ. საქართველომ თქვენი სახით ორი ადამიანი რადიკალურად შეცვალა…
– მეუღლე ზარინა ეროვნებით აზერბაიჯანელია, ჩვენ აზერბაიჯანში გავიცანით ერთმანეთი, თბილისში დასასვენებლად ჩამოვედით და დავრჩით კიდეც. აქ მოვინათლეთ, ჯვარიც აქ დავიწერეთ, ბავშვებიც მართლმადიდებლურად მოვნათლეთ.
მეუღლე მუშაობს სტილისტად სილამაზის სალონ „პოდიუმში“, პატარა ქალიშვილები ბაღში დადიან. გუშინ საოცარი რამ მოხდა, უმცროსმა გოგონამ, რომელიც სულ რაღაც ერთი თვეა დადის ბაღში, სახლში ქართულად ლაპარაკი დაიწყო. ჩვენს ოჯახში ბავშვები 3-4 ენაზე ლაპარაკობენ, ეს ჩვეულებრივი რამ არის. მაგრამ თუ ბავშვი ასე მალე აითვისებდა და ქართულად დაილაპარაკებდა, არ ველოდით. ამან მე და ჩემი მეუღლე აგვაღელვა.
ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ საქართველოზე, სადაც ჯერ კიდევ ბევრი რამ არ არის განვითარებული, მაგრამ ამის დიდ სურვილს ვხედავთ. საქართველოს პოტენციალი ამოწურული კი არა, ჯერ ნახევრამდეც არაა მისული. ჩემი ოჯახის მაგალითით მსურს სხვებს ვაჩვენო, რომ საქართველოს ნებისმიერ მაცხოვრებელს აქვს საუკეთესო შანსი, აქ იღვაწოს და ადგილზე აკეთოს სასარგებლო საქმე.
რადგან ჩვენმა ოჯახმა აქ გადაწყვიტა ცხოვრება, მეუღლემ მალევე აითვისა პროფესია, რომელიც მას ძალიან მოსწონს. მას უკვე სრულ სამუშაო გრაფიკს სთავაზობენ იქ, სადაც გაიარა ეს სწავლება.


ვფიქრობ, ადამიანებს ოდნავ მეტი მოტივაცია სჭირდებათ მიზნის მისაღწევად. ქვეყანაში ნამდვილად არის რესურსი, აკეთო ის, რაც გინდა, როგორც გინდა და, უხეშად რომ ვთქვათ, უკან არ უნდა დაიხიო, უფრო მეტად უნდა იყო მოტივირებული.
მეც მაქვს მოტივაცია და სურვილი, აქ რაღაც გავაკეთო, რაღაც შევქმნა და სხვას მივცე მაგალითი, კი არ წავიდეს სადმე სხვაგან, არამედ, აქ, სადაც ვართ, შევქმნათ რაიმე სასარგებლო.
– საქართველოს სიყვარულით დარჩით აქ, მაგრამ ქართული ენა არ იცით… რატომ გაგიძნელდათ შესწავლა?
– სიმართლე გითხრათ, ზარმაცი ვარ ენების სწავლების თვალსაზრისით, ცოტაოდენი რუსულიც მეუღლის გამო ვისწავლე… საიდუმლოს გაგიმხელთ: რადგან ინგლისური საერთაშორისო ენაა, ვისთვისაც ის მშობლიურია, ძალიან ზარმაცობს, რომ სხვა ენასაც დაეუფლოს. ისინი თვლიან, რომ რადგან მათ ენაზე ლაპარაკობს დანარჩენი მსოფლიო, ეს საკმარისია, მაგრამ ვეცდები, რომ აუცილებლად ვისწავლო ქართული ენა.
როცა მე და ჩემი მომავალი მეუღლე ერთმანეთს შევხდით, მეუღლემ მხოლოდ 6 ინგლისური სიტყვა იცოდა, სამ თვეში კი უკვე ჩვეულებრივად ვსაუბრობდით.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები