„ბაიას ღვინო“ ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე

დები, ბაია და გვანცა აბულაძეები ბერლინის საერთაშორისო ღვინის გამოფენაზე  „RAW WINE Berlin 2019“ საკუთარ ოჯახურ მეღვინეობას წარადგენენ. ფესტივალი ბერლინში 1-2 დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეული მეღვინეები მიიღებენ.

ბაია აბულაძემ საოჯახო მევენახეობა 2015 წელს, ბაღდათის  რაიონის სოფელ ობჩაში დაიწყო. ორ ჰექტარზე გაშენებული ვენახიდან 5000 ბოთლამდე რაოდენობის ციცქა, ცოლიკოური და ოცხანური საფერე ჩამოასხა და განსაკუთრებული მოწონებაც დაიმსახურა, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთშიც.

როგორც ბაიამ ფესტივალის ორგანიზატორებს განუცხადა, „ის მიყვება ქართული ღვინის ტრადიციებს, არ იყენებს თანამედროვე აპარატურას და ასხამს ეკოლოგიურად სუფთა ღვინოს, რომლიც სარწყავადაც კი მხოლოდ წვიმის დროს შეგროვებული წყალი გამოიყენება, შესაბამისად -არანაირი ქიმიკატები“.

ბაია აბულაძის ოჯახური მეღვინეობის ეკოლოგიურად სუფთა ღვინო ევროპაში დიდი მოწონებით სარგებლობს. თავად მეღვინე კი ამ ყველაფერს ღვინის განსაკუთრებულ გემოს უკავშირებს, რომელიც იმერეთის კლიმატისა და ბაბუის რჩევების დამსახურებაა.

ღვინის ყოველწლიური გამოფენა გერმანიის დედაქალაქში დეკემბერში იმართება და იგი ერთ-ერთი მთავარი პლატფორმაა ევროპის მასშტაბით, რომელიც მეღვინეებს საშუალებას აძლევს, გაზარდონ საკუთარი ღვინის ცნობადობა და მიიღონ ახალი ბიზნეს-შეთავაზებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები