კანადის პრესტიჟულ კოლეჯში ქართველმა კურსანტებმა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქართული კუთხე მოაწყვეს
კანადის პრესტიჟულ სამხედრო სასწავლებელში, კვებეკის პროვინციის ქალაქ სენ ჟენის სამეფო თავდაცვის კოლეჯში საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ღონისძიების ფარგლებში, კოლეჯში მოსწავლე სხვადასხვა ქვეყნის კურსანტებმა, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ილია ჩანადირმა და ალექსი ბაძაღუამ, თავიანთი ქვეყნების პრეზენტაცია გამართეს. ქართველმა ოფიცრებმა მოაწყვეს საქართველოს კუთხე, რომელიც ხალხური რეწვის ნიმუშებით და ქართული დროშებით იყო გაფორმებული. ისინი, კოლეჯის უმცროს ოფიცერთა კურსების მონაწილე ქართველ კადეტებთან ერთად, ღონისძიების სტუმრებს ქართული კერძებით გაუმასპინძლდნენ.
ღონისძიებას საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე დაესწრო. იგი ერთადერთი ელჩია, რომელიც კოლეჯში გამართულ საერთაშორისო დღის აღნიშვნაზე მიიწვიეს. ელჩის მიერ კოლეჯში ჩატანილმა საქართველოსადმი მიძღვნილმა ფოტოგამოფენამ, ბანერებმა, ბროშურებმა ქართული ანბანისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, ასევე, სხვადასხვა სახეობის ღვინომ, კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა ქართული კუთხე. ღონისძიებას კვებეკში მცხოვრები ქართველებიც დაესწრნენ.