პირველი ემიგრანტული ფესტივალი და ქართულ-ებრაული ურთიერთობების ახალი ფურცელი
ისრაელში, ქალაქ ბათ-იამში ახალ ქართულ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი: პირველი ემიგრანტული ფესტივალი – „ქართული ოჯახები ისრაელში“ ყოველ წელს გაიმართება. პირველმა ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა, ემიგრანტულმა ორგანიზაციამ „ქართული ხელოვნების ცენტრი ისრაელში“ თანამემამულეებს ერთად მოუყარა თავი. ფესტივალის მიზნად ქართული ოჯახების მოძიება, გაერთიანება და წარმოჩენა იქცა.
ღონისძიებაში, ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისა და ქართველ ებრაელთა თემის თითქმის ყველა თაობის წარმომადგენელი მონაწილეობდა. საგანგებოდ ამ დღისთვის, შეასრულეს ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები, კლასიკური თანამედროვე საესტრადო და ჯაზური მუსიკა, წაიკითხეს გამოჩენილი ქართველი პოეტებისა და პროზაიკოსების ნაწარმოებები…
მარინა გელაშვილი ემიგრანტი 3 წლის წინ გახდა. პროფესიით რეჟისორი ხელოვნებას ვერ შეელია და ემიგრაციაში წასვლიდან მალევე, საყვარელი საქმე იპოვა… ორი წლის წინ, „ქართული ხელოვნების ცენტრი ისრაელში“ დააფუძნა და უამრავი საინტერესო პროექტის ავტორი გახდა.
– როდის და როგორ გაჩნდა მსგავსი ფესტივალის შექმნის იდეა და ამ წამოწყების მიზანი რა არის?
– გარემოებამ დამანახა მსგავსი ცენტრის დაფუძნების აუცილებლობა. თანამოაზრეების ძებნა დავიწყე… საინიციატივო ჯგუფი შევქმენი. ნამდვილი აღმოჩენა იყო ჩემთვის მუსიკოსების: ზურა ბერიაშვილისა და ირინა დევდარიანის უმშვენიერესი ოჯახი, რომლებიც ისრაელის მოქალაქეები არიან, აგერ უკვე ოცი წელია. ოცნებობდნენ მსგავსი ორგანიზაცია შეექმნათ. სახლში მოწყობილი ჰქონდათ პატარა სტუდია და ამეცადინებდნენ ადგილობრივ ბავშვებს, რა თქმა უნდა ასწავლიდნენ ქართულ მუსიკასაც. სწორედ ზურაბ ბერიაშვილი ავირჩიეთ დირექტორად და მის სახელზე დავარეგისტრირეთ ორგანიზაცია. სახელი ქალბატონი ირინა დევდარიანის სურვილით შევურჩიეთ.
ჩვენთან ყველაფერი წესდების მიხედვით მოქმედებს. ცენტრს ჰყავს: დამფუძნებელი, დირექტორი, საინიციატივო ჯგუფი, სამხატვრო ხელმძღვანელი, საბავშვო სამუსიკო სექტორის ხელმძღვანელი, პროექტების მენეჯერი… დაფუძნების დღე საზეიმოდ აღვნიშნეთ და მას მერე არ ვჩერდებით.
წარმოიდგინეთ, საორგანიზაციო ჯგუფის ზოგიერთი წევრი სამშობლოს უკვე დაუბრუნდა: ვიცე პოლკოვნიკები, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები – ზურა პოპიაშვილი და გოჩა ბაბუნაშვილი, მაგრამ როცა პროექტი მზადდება სრულ კოორდინაციაში არიან. ორგანიზაციას წევრები ჰყავს საქართველოშიც- ჟურნალისტი მაია გელიაშვილი და მომღერალი ნათია სუდაძე. ისინი ჩვენი მოწვევით ჩამოდიან ხოლმე და მონაწილეობენ ღონისძიებებში.
როდესაც ხელოვნების ცენტრის დაფუძნება განვიზრახე, რა თქმა უნდა მისი სამოქმედო გეგმაც განვსაზღვრე. ათასწლეულებში გამოვლილი ქართული ხელოვნება არის საშუალება, რითაც ნებისმიერ მანკიერებას დაუპირისპირდები და განდევნი, თუ თანამოაზრეები მოძებნე და ძალები გააერთიანე. ჩვენ ეს შევძელით.
როგორც რეჟისორს ჩვევად მაქვს არსებულ მოვლენებს თვალი ვადევნო, გავიაზრო სარგებლიანობა ჩემი ქვეყნისთვის და საპასუხოდ შევქმნა ესა თუ ის პროექტი.
დღეს დიდი განსაცდელის წინაშეა ქართული ოჯახები. დაჩეხილი, გაყოფილი და გადახვეწილი…
თუ ოჯახს გვარი, ჯიში და წინაპარი უვარგა, ახერხებს მთლიანობის შენარჩუნებას. თუ განსაცდელი ვერ დაძლია ირღვევა და ნადგურდება. მაშინ ვღებულობთ სახელმწიფოს, არა ოჯახების შემადგენლობით, არამედ გეოგრაფიული მიწის ნაგლეჯს ცალკეული ინდივიდებისაგან შემდგარს. ქართველი ემიგრანტები ისრაელში, რომლებიც ქართულმა ხელოვნების ცენტრმა გაგვაერთიანა, ყველანი კარგი ჯიშ-ჯილაგის ხალხი ვართ. ამიტომ ემიგრაციაშიც არ ვკარგავთ იმ ფასეულობებს, რასაც ოჯახი და მისი ტრადიციული კულტურა გვკარნახობს. ფესტივალის მიზანი იყო ქართული ოჯახების მოძიება, გაერთიანება და წარმოჩენა.
მონაწილეობის მსურველი მრავლადაა, თუმცა ჩვენ ამ ეტაპზე წარმოვადგინეთ ხელოვნების ცენტრში გაერთიანებული ქართველ ემიგრანტთა და ქართველ ებრაელთა ოჯახები, რადგან ისინი განუყოფელნი არიან ქართული კულტურის ისტორიისგან.
– ალბათ ერთ-ერთი მიზეზი მსგავსი ორგანიზაციის შექმნის ისიც იყო, რომ თავადაც ხელოვანი ბრძანდებით და გინდოდათ ხელოვნებასთან კავშირი ბოლომდე არ გაგეწყვიტათ…
– ძნელია, სამშობლოდან შორს სულიერება იპოვო. თუ შეგიძლია ყველაფერი უნდა გააკეთო სხვებისა და საკუთარი თავის გადასარჩენად. უამრავი ნიჭიერი ადამიანია ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასული და საცოდაობაა მათი ცხოვრება ისე გავიდეს, რომ თავიანთი სათქმელი ვერ თქვან. ამ ცენტრის დაფუძნებით, სწორედ ამის საშუალება მივეცით.
ემიგრანტობას გაძლება უნდა… არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაიმუხლო. ემიგრაციაში რამდენი დიდი და ბუმბერაზი წინაპარი გვყოლია, საუკუნეები რომ შეიდგეს მხრებზე. ვინ დავითიანი დაწერა, ვინ ეროვნული საგანძური გადაარჩინა… თუ მათ ტოლფას საქმეს ვერ ვიზამთ, არ დავივიწყოთ მაინც.
– როგორც ორგანიზატორი რას იტყვით, გაამართლა თუ არა იმედი პირველმა ღონისძიებამ?
– ორი წლის განმავლობაში უამრავი საჭირო და აქტუალური პროექტი განვახორციელეთ. ასეთი შინაარსის პირველად. ფესტივალის შეფასება მაყურებელმა იტვირთა, რომელმაც აღიარა, რომ მსგავსი რამ არც ისრაელში და არც სხვაგან არ ჩატარებულა. ხაზგასმით გამოვყოფდი მსოფლიო მასშტაბის მეცნიერს, ტომით ქართველ ებრაელს, ბატონ იცხაკ დავიდს, რომელიც ვაშინგტონიდან საგანგებოდ გვესტუმრა. მან ასე მიმართა ახალგაზრდა ემიგრანტ მუსიკოსებს: ,,ისრაელმა თქვენით უნდა იამაყოს, თქვენ ამ დარბაზში კი არა, უფრო ფართო აუდიტორიების წინაშე უნდა გამოდიოდეთ”. ვინ თუ არა დიდმა მეცნიერმა და მკვლევარმა უკეთ უწყის ქართული გენისა და ჯიშის ამბავი, ტრადიციულ ქართულ ოჯახებში აღზრდილი ადამიანების ფასი. რამხელა სტიმულია ასეთი სიტყვა სამშობლოდან უგზოუკვლოდ გადმოხვეწილი ემიგრანტებისთვის, რომლებიც ემიგრაციაში ერთფეროვანი და უმძიმესი რეჟიმით ცხოვრობენ. ერთეულებს ქართული ხელოვნების ცენტრის არსებობით გაუღიმა ბედმა, მაგრამ ვინაიდან ორგანიზაცია ენთუზიაზმით არსებობს, მრავალთათვის ხელმიუწვდომელია ჯერ კიდევ.
ფესტივალში ერთნაირად იყო ჩართული როგორც შემსრულებელი, ისე მაყურებელი. ყველა ერთად თავს გრძნობდა გაერთიანებულ, მონატრებულ საქართველოში.
ფესტივალს, საქართველოდან საგანგებოდ ჩამოსულმა ოჯახებმაც დაუჭირეს მხარი. ყოველგვარი ჰონორარის გარეშე მიიღეს მონაწილეობა და კვლავ გააგრძელებენ თანამშრომლობას.
– სამომავლოდ როგორი გეგმები გაქვთ, მასშტაბის გაზრდას ხომ არ აპირებთ?
– მასშტაბები აუცილებლად გაიზრდება. ახლაც იყვნენ მსურველები სხვადასხვა ქვეყნებიდან. საკმაოდ ცნობილი და წარმატებული ხელოვანი ქართული ოჯახები. მაგრამ ჩვენ როგორც ენთუზიასტები, სათანადოდ არ ვიყავით მზად.
– რამდენად უწყობენ ხელს მსგავსი პროექტები სხვადასხვა მხარეს გაბნეული ემიგრანტების გაერთიანებას?
– სწორედ გაფანტული ემიგრანტების გაერთიანების მიზნითაა ნაკარნახევი ეს და ყველა ის პროექტი, რასაც ,,ქართული ხელოვნების ცენტრი ისრაელში“ ახორციელებს. ყველა პროექტმა თავისებური შედეგი გამოიღო. ჩვენ არამარტო ისრაელში, თვალყურს გვადევნებენ სამშობლოში და სამშობლოს გარეთ გაბნეული ქართველობა. გასულ წელს ნოდარ დუმბაძის საიუბილეოდ გავაკეთეთ ” გადაძახილი ისრაელიდან”, უნდა გენახათ – მოძახილი თითქმის ყველა ქვეყნიდან მოისმა…
– ,,ქართული ხელოვნების ცენტრს ისრაელში“ უამრავი სხვა საინტერესო პროექტიც აქვს განხორციელებული… ვინ არიან გაერთიანებულნი თქვენს გარშემო?
– ჩვენი პროექტები ყოველთვის კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის იყო და არის. ეძღვნებოდა ექვთიმე თაყაიშვილს, შოთა რუსთაველს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვას, დედაენის დღეს, ჯემალ აჯიაშვილს, ლევან გოთუას, ოთარ ჩხეიძეს, მიხაკო წერეთელს… ლექცია – საუბრებით ვირტუალური ჩართვები გვაქვს ბატონ როსტომ ჩხეიძესთან და კითხვა-პასუხის რეჟიმში გვესაუბრება ჩვენთვის საინტერესო ეპოქებზე, პიროვნებებზე…
ხელს ვუწყობთ ნიჭიერი ემიგრანტების წარმოჩენას. ჩვენს პროექტებში საგანგებოდაა ჩართული ქართველი ებრაელობა და ქართულ-ებრაული ურთიერთობების ისტორიაში ახალი ფურცლები ივსება.
ვალდებულება გვაქვს: სადაც არ უნდა ვიყოთ, როგორც არ უნდა გვიჭირდეს ან გვილხინდეს, სამშობლოს ფასეულობებზე ზრუნვა უპირველესია.
ჩვენს ცენტრში გაწევრიანების მსურველი ბევრია, მაგრამ ნუ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, სიმკაცრეს ვიჩენ. ქართველებში ნიჭის დეფიციტი არ არის, მაგრამ ჩვენთვის უმთავრესი მოთხოვნაა, ნიჭს თან ახლდეს ზნეობა და პატრიოტიზმი, ენთუზიაზმი. ემიგრაციაში შიშველი ხელებით აკეთო ის, რასაც ჩვენ ერთმუშტად შეკრულნი ვაკეთებთ, არ არის იოლი, ამიტომაც ჩვენს თითოეულ წევრს ბუნებრივად თან სდევს ის მახასიათებელი, რაც ჩამოვთვალე.
– ისრაელში ქართული კულტურა, ხელოვნება დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორ ფიქრობთ რა არის ამის მთავარი მიზეზი და როგორია თქვენი როლი ამ ყველაფერში?
– ხუმრობა საქმე არ არის, ისეთ პატარა, მაგრამ მრავალკულტუროვან და რელიგიურ ქვეყანაში, როგორიც ისრაელია, ემიგრანტმა შენი ეროვნული სახე აჩვენო, თუმცა ამის საფუძველი ქართველ ებრაელობასაც ჩაყრილი ჰქონდა. თუ აქ ქართული კულტურა და ხელოვნება დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამის სამი მიზეზი არსებობს: უპირველესი და უდიდესი, ჩვენი წინაპრების კვალია უშორესი წარსულიდან – მათ მიერ აგებული სამონასტრო კომპლექსები. მათი ფრესკებად გადარჩენილ, პირნათელი და ვალმოხდილი სახეები. როგორც არ უნდა შლიდნენ და გვავიწყებდნენ, ისტორიული მეხსიერება არ ივიწყებს მათ. მეორე მიზეზი ჩვენი ქართველი ებრაელობაა, რომლებმაც თან წამოიღეს და დაამკვიდრეს ჩვენი კულტურა და ტრადიციები. მესამე გახლავთ ის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ისრაელში ჩამოსულ ებრაელობას შორის, პროცენტულად დიდია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან დაბრუნებული ებრაელობა. მოგეხსენებათ, იმ ეპოქაშიც საქართველო ხაზგასმით გამორჩეული ქვეყანა იყო თავისი კულტურით და ქუხდა. ამიტომ, რა გასაკვირია.
თუ აქ ვინმე ტრანსპორტში დაგემგზავრა, მზად იყავი – თავისუფლად შეიძლება გამოგესაუბროს რუსთაველის ეპოქაზე, ფიროსმანზე, ნოდარ დუმბაძეზე, სუხიშვილებზე, გია ყანჩელზე, ლაღიძეზე, სოფიკო ჭიაურელზე, გია დანელიას თუ რეზო ჩხეიძის ფილმებზე… არამარტო ახსოვთ, არამედ კარგად იციან. მუდმივად ვფიქრობ – ჩვენ რით დაგვიმახსოვრებენ, ჩვენი თაობა რას დატოვებს?…