შეხვედრა 9 წლის შემდეგ – მოულოდნელი საჩუქარი იუბილარ დედას

სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ, ემოციური ვიდეო გავრცელდა, სადაც შვილი 9 წლის უნახავ დედას ხვდება. მაია გოგმაჩაძე მონატრებულ მშობელს სიუპრიზს მოუწყობს და მოულოდნელად საბერძნეთში ესტუმრება.

ჯულიეტა გურგუჩიანი 9 წელია საბერძნეთში, კუნძულ კოსზე ცხოვრობს და მუშაობს – როგორც ყველა ქართველი ემიგრანტი ერთ-ერთ ბერძნულ ოჯახში. ემიგრანტი ქალბატონი ვერც კი წარმოიდგენდა, 50 წლის იუბილეს ქალიშვილი მსგავსი სიურპრიზით თუ მიულოცავდა. მაია გოგმაჩაძემ ემოციური შეხვედრის დეტალები ,,ქართულ კვირას“ უამბო.

მაია გოგმაჩაძე: ,,უკვე 9 წელი გავიდა, რაც დედამ საქართველო დატოვა და ემიგრანტი გახდა. 3 შვილი: 2 ვაჟი და ერთი ქალიშვილი გაგვზარდა. შემდეგ მოუწია საბერძნეთში გამგზავრება. 3 წელია, რაც კუნძულს კოსზე ერთ ბერძნულ ოჯახში მუშაობს. ისინი ძალიან კარგი ადამიანები აღმოჩნდნენ, დედა ოჯახის წევრივით მიიღეს და შეიყვარეს.

ქრისტინა სტაკოუ სვიმონიასთან ერთად
ქრისტინა სტაკოუ სვიმონიასთან ერთად

დედა საქართველოში დაბრუნებას ცოტა ხნის წინ აპირებდა, მაგრამ საბუთების ამბავს დიდი დრო დასჭირდა… 10 ნოემბერს დაბადების დღე ჰქონდა. 50 წელი უსრულდებოდა. შვილებს გვეგონა, რომ დედა ამ დღეს უკვე საქართველოში იქნებოდა და საზეიმოდ აღვნიშნავდით. როდესაც გაირკვა, რომ საბუთების ამბავი იგვიანებდა, იმ ოჯახის დიასახლისმა, ქრისტინა სტაკოუ სვიმონიამ, გადაწყვიტა დედასთვის განსაკუთრებული საჩუქარი გაეკეთებინა. მომწერა და მიმიწვია მათთან. იცოდა, რომ დედასთვის 9 წლის უნახავი შვილის ნახვა და მასთან ჩახუტება, ყველაზე დიდი ბედნიერება იქნებოდა… რთულია სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია, რაც ამ შეხვედრით განვიცადეთ. დიდი მადლობა ქალბატონ ქრისტინას  და მის ოჯახს საოცარი საჩუქრისთვის და იმ სითბოსთვის, რაც მათ ჩვენს მიმართ გამოხატეს. მართლაც დაუვიწყარი დღეები გვაჩუქეს. შეიძლება ითქვას, რომ ამისთვის 9 წელი ვემზადებოდით და როგორც იქნა ეს დღე დადგა. 

დედა დეკემბერში ელოდება საბუთებს და საქართველოში დაბრუნდება…

მინდა ასევე მადლობა ვუთხრა ყველა იმ ქართველს, ვინც სიუპრიზის მომზადებაში დამეხმარა.

ვუსურვებ ყველა ემიგრანტ დედას, რომ მონატრებული შვილები მალე ჩაეკრათ გულში და მალე ეგრძნოთ ის სიხარული და ბედნიერება, რაც ჩვენ განვიცადეთ.“

მაიამ სოციალურ ქსელში, საბერძნეთში ყოფნისას დედასთან გადაღებული უამრავი ახალი ფოტოც გამოაქვეყნა, ქვეშ კი ბერძნულ თავგადასავალს ემოციური ლექსი მიუწერა:

შენ არაფერს მსაყვედურობ დედა,

შენ არასდროს გავიწყდები ტკბილო…

ზოგჯერ დარდის თქმას რომ ვერ გიბედავ

რამე ხომ არ გაწუხებსო შვილო…

თითქოს გიგრძნობს ეს სათუთი გული,

როდის მილხინს, როდის მიჭირს, მტკივა…

გავიზარდე, მაგრამ,ვერ გავდიდდი-

ზოგჯერ დედი უსაშველოდ მცივა…

მე თუ დიდი სიყვარული ვიცი-

შენგან ვიცი, შენ მასწავლე დედა!

შენ მასწავლე ერთგულების ფიცი,

ცხოვრებისგან იარების თმენა…

იმედი ხარ, ჩემი დიდი ძალა-

სალოცავი, საფიცარი დედა!

რაც არ უნდა დაგიმალო სევდა,

ჩემს თვალებში შენ ყველაფერს ხედავ!

სამყარო ხარ, უსასრულოდ დიდი,

მე ბავშვი ვარ, სანამ მყავხარ, გხედავ!..

მენატრები! კილომეტრებს იქით,

მეგულები, მელოდები დედა!

შენს სიყვარულს სხვა ფერი აქვს დედა,

შენი კალთის, აკვნისფერი, თბილი…

შენ რომ მყავხარ, შიში არ მაქვს ქვეყნად,

ფეხქვეშ მიწაც ღრუბელია რბილი…

რამდენი რამ გადავლახეთ ერთად-

შენს ნაოჭებს ვენაცვალე დედა!

არასოდეს დამიბერდე დედა!

არასოდეს მიმატოვო დედა…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები