ემიგრაციაში გატარებული ცხოვრება და მწერლის ნატვრა, საქართველოდან შორს…

„ჩემი ნატვრაა: როცა ამ სოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, მწიფობისას, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს, მეტს არასა ვთხოვ საქართველოს“- ეს გრიგოლ რობაქიძის ნატვრაა, საქართველოდან შორს… მწერალი 1962 წლის 19 ნოემბერს, ქალაქ ჟენევაში გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს. 1976 წელს, ქართველი ემიგრანტების თაოსნობით საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზე გადაასვენეს და დღეს იქ განისვენებს.

პოეტი, მოაზროვნე, პუბლიცისტი და ფილოსოფოსი, თანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ერთ–ერთი ფუძემდებელი იმერეთის პატარა სოფელ სვირში დაიბადა. ქუთაისის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო ჯერ იურიევის (ტარტუს), ხოლო შემდეგ ლაიპციგის უნივერსიტეტში.

გერმანიიდან 1908 წელს დაბრუნებული გრიგოლ რობაქიძე ქართველ სიმბოლისტთა ერთ–ერთი გამორჩეული ლიდერი გახდა. მისი აქტიური მონაწილეობით დაარსდა საქართველოს მწერალთა კავშირი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში (1918-1921) გრიგოლ რობაქიძემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დამოუკიდებელი საქართველოს საზოგადოებრივ–პოლიტიკურ და ლიტერატურულ ცხოვრებაში.

მწერალმა კომუნისტური რეჟიმის პირობებში 10 წელი იცხოვრა. საქართველოში შეიქმნა მისი რომანი “გველის პერანგი”, პიესები: “ლონდა”, “მალშტრემი”, “ლამარა”, (რომლებიც კოტე მარჯანიშვილმა დადგა რუსთაველის თეატრის სცენაზე), ლექსები, პუბლიცისტურ–კრიტიკული წერილები. საქართველოს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ, გრიგოლ რობაქიძე მუდმივად იდევნებოდა საბჭოთა სახელმწიფოს რეპრესიული აპარატის მიერ. ხელისუფლებას ეშინოდა მწერლის პატრიოტული იდეოლოგიის.

1931 წლიდან, იგი პოლიტიკურ ემიგრაციაშია. ცხოვრობდა გერმანიასა და შვეიცარიაში. გრიგოლ რობაქიძე ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ–ერთი გამორჩეული მოღვაწე იყო, სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით ქართველ ემიგრანტთა შორის.

შემოქმედებითი კუთხით, ნაყოფიერი იყო გერმანიაში გატარებული წლები. 1931-1945 წლებში გერმანულად გამოქვეყნდა “მეგი”, “ჩაკლული სული”, “ქალღმერთის ძახილი”, “გრაალის მცველნი”, “დემონი და მითოსი”. ევროპულ პრესაში ხშირად იბეჭდებოდა გრიგოლ რობაქიძის ლექსები, ლიტერატურული და პოლიტიკური წერილები, ესეები. დიდი პოპულარობა მოიპოვა გერმანულ და სხვა ენებზე მრავალგზის გამოცემულმა კრებულმა “კავკასიური ნოველები”.

გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებას სხვადასხვა დროს მაღალი შეფასება მისცეს შტეფან ცვაიგმა, რომენ როლანმა, ნიკოს კაზანძაკისმა… იგი არჩეული იყო ევროპის რამდენიმე ლიტერატურული საზოგადოების წევრად. გადაწყვეტილი იყო მისი წარდგენა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე, რასაც ხელი შეუშალა მწერლის გარდაცვალებამ.

მიუხედავად საერთაშორისო აღიარებისა, სიცოცხლის ბოლო წლები მწერალმა მარტოობაში და მატერიალურ სიდუხჭირეში გაატარა. გარდაცვალების შემდეგ, მისი ბინა პოლიციამ დალუქა, არქივი კი,  ლიკვიდაციას შვეიცარიელი მეგობრების ძალისხმევით გადაურჩა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები