ამერიკელმა ავტორმა ქართული ღვინის შესახებ წიგნი დაწერა

ამერიკელმა ღვინის მაგისტრმა, ლიზა გრანიკმა ქართულ ღვინოზე წიგნი „The Wines of Georgia” დაწერა. წიგნის ელექტრონული ვერსია ღვინის კლასიკური ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე, ალკოჰოლური სასმელების მსოფლიო ექსპერტების მიერ შედგენილ წიგნთა შორისაა განთავსებული.

336-გვერდიან წიგნში ლიზა გრანიკი საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის 8000-წლიან ისტორიაზე, კულტურასა და პოტენციალზე საუბრობს.

„მიუხედავად 8000-წლიანი ისტორიისა, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ბოლო 25 წლის მანძილზე საქართველო ახალი ძალით აცოცხლებს მეღვინეობის ტრადიციებსა და ვაზის ადგილობრივ, უნიკალურ ჯიშებს“- ნათქვამია წიგნის ანოტაციაში.

ღვინის მაგისტრმა  გამოცემაზე მუშაობის რამდენიმეწლიან პერიდოში მოიარა საქართველოში მეღვინეობის თითქმის ყველა კუთხე და კონსულტაციები გაიარა ადგილობრივ მეღვინეებთან.

ღვინის ინდუსტრიის ისტორიისა და თანამედროვეობის პარალელურად, ავტორი თავის ნაშრომში ასევე აღწერს ქართული სუფრის ტრადიციებსა და იმ ღირშესანიშნაობებს, რომლებიც მკითხველს ქართული ღვინის გაცნობასთან ერთად, ქვეყანაში მოგზაურობის ინტერესს უჩენს.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, წიგნს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები