„გამარჯობა“- ქართველი მეგობრების სტარტაპი გერმანიიდან

„გამარჯობა“ ასე ჰქვია ქართული პროდუქტების ონლაინ მაღაზიას, რომელიც ორმა ქართველმა მეგობარმა, ვალერიან გეგიძემ და ჯაბა ბებუამ ბერლინში გააკეთეს.

სტარტაპი მთელი ევროპის მასშტაბით მომხმარებელს შესთავაზებს ქართულ პროდუქციას, რომელსაც ონლაინ-პლატფორმის საშუალებით შეკვეთის შემდეგ, შინ მოგიტანენ.

ამ ეტაპზე „გამარჯობა“ ძირითადად ქართული სასმელებისა და საკვები პროდუქტების რეალიზაციას ეწევა. ისეთების, როგორიცაა   ქართული  ღვინო, კონიაკი/ბრენდი, ჭაჭა და კომპოტებიც კი.

 

„მე და ჯაბა ორივე გერმანიაში, ბერლინში ვცხოვრობთ და ვსაქმიანობთ. ჯაბას კომპანია არის გერმანიაში ქართული პროდუქტების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი, თანამშრომლობს გერმანიის უმსხვილეს დისტრიბუტორებთან, აკეთებს ქართული პროდუქტების პოპულარიზაციას და დასაქმებული ჰყავს ქართველები თავის ბიზნესში. მე ციფრული კრეატიული სააგენტო მაქვს ბერლინში. ჩემს სააგენტოშიც ძირითადად  ქართველები არიან დასაქმებული. ონლაინ მაღაზიის იდეა წელს გაგვიჩნდა, რაც  ძალიან ლოგიკური იყო, გავაერთიანეთ ჩვენი კომპანიების პროდუქტები და სერვისები და შევქმენით საერთო პროექტი “გამარჯობა” – გვიყვება ონლაინ-მაღაზიის ერთ-ერთი შემქმნელი, ვალერიან გეგიძე.

როგორც სტარტაპის ავტორები ამბობენ, მათი მთავარი მიზანი საქართველოსა და ქართული პროდუქტის პოპულარიზაციაა, როგორც გერმანიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ისინი ქართველ მეწარმეებს ევროპულ ბაზარზე გასვლისა და თვითრეალიზების  შესაძლებლობასაც სთავაზობენ.

სტარტაპერების სამომავლო გეგმებში ბიზნეს-მოდელის განვითარება და სხვა ქვეყნების  ონლაინ ბაზრებზე გასვლაა. მანამდე კი დაგეგმილია, რომ ღვინოსა და საკვებ  პროდუქტებს ქართველი დიზაინერების ნამუშევრებიც დაემატოს.

„საბოლოოდ, გვსურს, რომ ჩვენს ონლაინ-მაღაზიაში ხელმისაწვდომი იყოს ყველაფერი, რაც საუკეთესო გვაქვს ქართველებს და იწარმოება ჩვენს სამშობლოში“- ამბობს ვალერიან გეგიძე.

“სიყვარულით საქართველოდან”… “პროდუქტი, რომელსაც აქვს ხასიათი” და “ღვინო 8000-წლიანი ისტორიით”- ასეთია ძირითადი მარკერები  მაღაზიისა, რომელმაც გერმანულ ონლაინ ბაზარზე მუშაობა სულ რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.