საქართველო კანადის დედაქალაქის მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობის დონორი გახდება

კანადაში, ოტავას ცენტრალურ უბანში, კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი თავისუფლების მემორიალის მშენებლობა დაიწყო. საქართველო მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობის დონორი გახდება. 

მემორიალის მშენებლობის პროექტში საქართველოს ჩართვის შესახებ შეთანხმებას გასულ წელს მიაღწიეს. ერთი წლის წინ, ამ ადგილას გაიმართა მემორიალის საფუძვლის ჩაყრის საზეიმო ცერემონია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კანადის მემკვიდრეობისა და კულტურული მრავალფეროვნების მინისტრმა პაბლო როდრიგესმა, მემორიალის პროექტის ავტორმა, კანადური ორგანიზაციის “Tribute to Liberty” თავმჯდომარემ, ლუდვიკ კლიმკოვსკიმ და მემორიალის პროექტის მონაწილე ქვეყნების ელჩებმა, მათ შორის, საქართველოს ელჩმა კანადაში კონსტანტინე ქავთარაძემ.

გასულ წელსვე საქართველოს მთავრობამ, მემორიალის თანადაფინასების მიზნით, სპეციალურ კანადურ ფონდში 25 000 კანადური დოლარის ექვივალენტი აშშ დოლარი გადარიცხა. ამით საქართველო მიუერთდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს – უნგრეთს, პოლონეთს, ჩეხეთს და ლატვიას, რომლებიც მემორიალის მშენებლობის პროექტში რამდენიმე წლის წინ ჩაერთვნენ.

ტორონტოს მუნიციპალიტეტის დადგენილებით, იმ ქვეყნებსა და ინდივიდებს, რომლებიც მინიმუმ 25 000 კანადური დოლარის ოდენობის თანხას გაიღებენ ოტავას ტერიტორიაზე ძეგლების ან მემორიალების ასაგებად, ოტავას დონორის სტატუსი ენიჭებათ.

კანადის 8 მილიონი მოქალაქე, ანუ ყოველი მეოთხე კანადელი, თავს მიიჩნევს საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში გასულ საუკუნეში არსებული კომუნისტური რეჟიმების მსხვერპლად ან ამ მსხვერპლთა შთამომავლად. ეს არიან ადამიანები, რომლებიც რეპრესიებს გაექცნენ პოლონეთიდან, უნგრეთიდან, ჩეხეთიდან, იუგოსლავიიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, უკრაინიდან.

დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და პატრიოტის, ბოლშევიკების მიერ დახვრეტილი კოტე აფხაზის შვილი ნიკოლოზ აფხაზიც, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო და საბოლოოდ, კანადისთვის შეეფარებინა თავი.

კანადის მთავრობამ სწორედ ამ ადამიანებისა და ქვეყნებისადმი პატივის მიგების მიზნით, დაიწყო მუშაობა კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალის პროექტზე.

მემორიალის სიგრძე 21 მეტრი იქნება, სიმაღლე 4 მეტრი. მშენებლობის დასრულება 2020 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

მემორიალში ჩამონტაჟდება სპეციალური ელექტრონული მოწყობილობა, რომელშიც ჩაიტვირთება ინფორმაცია 1917 წლის შემდეგ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მომხდარი მოვლენების, მათი გასაბჭოების, რეპრესიების, თავისუფლებისთვის ბრძოლის შესახებ. მასში აისახება საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი და ტრაგიკული მოვლენებიც, მაგალითად: 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადება, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, 1924 წლის ანტიბოლშევიკური აჯანყების ჩახშობა, 1978 წელს ქართული ენის დასაცავად დაწყებული მასობრივი გამოსვლები, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია, 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენა, 1990-ანი წლების დასაწყისის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, სოხუმის დაცემა და ქართველი მოსახლეობის გამოდევნა, 2008 წლის რუსული აგრესია და საქართველოს რეგიონების ოკუპაცია, დევნილთა ახალი ტალღა. ამ მოწყობილობის მეშვეობით საქართველოს შესახებ ინფორმაციის წაკითხვა მემორიალთან მისულ დამთვალიერებლებს მობილური ტელეფონებითაც შეეძლებათ.

,,იმ პირობებში, როდესაც კანადის ფართო საზოგადოება საქართველოს ნაკლებად იცნობს, ამგვარ პროექტში მონაწილეობა მნიშვნელოვნად გაზრდის იმ კანადელთა რიცხვს, რომლებიც საქართველოსა და მისი ისტორიის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ. ის ფაქტი კი, რომ საქართველო კანადის დედაქალაქის მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობის დონორი გახდება, აამაღლებს საქართველოს პრესტიჟს ოტავას მაცხოვრებლებს შორის.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად პროექტში საქართველოს ჩართვა პოზიტიური პოლიტიკური გზავნილიც არის. ეს კანადელებს აჩვენებს, რომ საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია, ამ ქვეყნებთან მას მსგავსი გეოგრაფიული არეალი და ისტორია აერთიანებს.“ – ნათქვამია კანადაში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.