„ოკუპაციის მივიწყებული მსხვერპლი საქართველოში“  – რომში ანტისაოკუპაციო ექსპოზიცია გაიხსნა

იტალიის დედაქალაქი ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 90-იანი წლებიდან დღემდე, სხვადასხვა პერიოდში გადაღებული ფოტოები, რომლებიც ომსა და დევნილი მოსახლეობის ტრაგედიას ასახავს.

გამოფენის გახსნაზე მოწვეულ იტალიელ სტუმრებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ. ელჩმა შეკრებილებს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მძიმე სოციალური პირობებისა და დევნილი მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ.

გამოფენაზე წარმოდგენილ ავტორთა შორის არიან ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფები, ჯონ ჯონსონი და მალქომ ლინტონი. გამოფენილია შახ აივაზოვის, გოგი შარაშენიძის, ლელა ბლაგონრავოვასა და გიორგი აბდალაძის ნამუშევრებიც, ასევე საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული უნიკალური ფოტომასალა. გარდა ფოტონამუშევრებისა, ექსპოზიციაზე უჩვენებენ თაკო რობაქიძის მიერ შექმნილ ვიდეორგოლს, „მცოცავი ოკუპაცია“.

როგორც გამოფენის ორგანიზატორები ამბობენ, მათი მიზანია  მსოფლიოს მიაწვდინონ  ხმა საოკუპაციო ხაზს მიღმა  დარჩენილი ქართველი ადამიანების მძიმე ყოფისა და ოკუპაციის შედეგების შესახებ.

ფოტოექსპოზიცია, სახელად „ოკუპაციის მივიწყებული მსხვერპლი საქართველოში“  რომის ისტორიულ ცენტრში მდებარე გალერეა „კარლო მარია ბიაჯარელიოში“ 16 ნოემბრამდე დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები