2020 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულებების რეიტინგში საქართველო ლიდერობს
„საუკეთესო მიმართულება თქვენი მოგზაურობისათვის“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ცნობილი გამოცემა “Travellemming” და მკითხველს 2020 წელს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს.
საუკეთესო 30 მიმართულება 2020 წელს მოგზაურობისათვის სპეციალური ჟიურის მიერ შექმნილი სიაა. საქართველო სიის სათავეში წელს პირველად მოხვდა.
“საქართველო ფარული მარგალიტია თქვენი მოგზაურობისათვის. მხოლოდ იმის თქმაც საკმარისია, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც ერთდროულად შეგხვდებათ მთები, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდებიან ალპებს; ძველი და ბოჰემური ქალაქები, რომლებიც პრაღას მოგაგონებთ და რაც მთავარია, ქართული ღვინო. ქართული ღვინო აღიარებულია მთელ მსოფლიოში და ამჟამად მიმდინარეობს პროცესი, რომ საქართველო ღვინის სამშობლოდ დასახელდეს. თუმცა, მათ, ვინც საქართველოში ვყოფილვართ და უძველესი ქვევრები გვინახავს, ამაში ეჭვიც არ გვეპარება. მარტივად, მთელი ევროპა ერთ ქვეყანაში ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად“ – ნათქვამია სტატიაში.
საქართველოსთან ერთად, სიაში ისეთი ცნობილი ტურისტული ქვეყნებიც მოხვდნენ, როგორებიცაა შოტლანდია, შვედეთი, ლაოსი და ავსტრალია.
გამოცემამ აზერბაიჯანიც ერთ-ერთ სასურველ ტურისტულ მიმართულებად დაასახელა. იგი რეიტინგში 26-ე ადგილს იკავებს.