,,ბავშვებმა საკუთარი ფესვები არ უნდა დაივიწყონ”- ემიგრანტი, რომელიც ესპანეთში დაბადებულ ქართველ ბავშვებს “აი ია“-ს ასწავლის

ია ჭიკაძე დაახლოებით სამი წელია, რაც ესპანეთის ქალაქ კორდობაში ცხოვრობს. როგორც ემიგრანტი გოგონა “ქართულ კვირასთან” საუბარში ამბობს, ქალაქში ბევრი ქართველია, რომლებიც ცხოვრების სირთულეებს ერთმანეთის თანადგომით უმკლავდებიან. ია ჭიკაძის ძალისხმევით, ქართველი ემიგრანტების დიდმა ჯგუფმა, საკუთარი სახსრებით, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე რამდენიმე პატარას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინა.

ასეთი ბავშვების აღმოჩენა-შესწავლის პროცესი ყოველდღიურად გრძელდება. ამას გარდა, ია ჭიკაძე ესპანეთში დაბადებულ ქართველ ბავშვებთანაც მუშაობს და მათ ქართულად წერა-კითხვას უსასყიდლოდ ასწავლის.

„მესამე წელი დაიწყო, რაც ემიგრანტი გავხდი. საქართველოში წარმატებული კარიერა მქონდა, მაგრამ მივხვდი, რაღაც სიახლე მინდოდა და გადავწყვიტე, დროებით სამშობლო დამეტოვებინა…

დავიწყე ძიძად მუშაობა, როგორც თითქმის ყველა ემიგრანტი, მეც ასე ვმუშაობდი… გასულ წელს, სამსახურში ვიყავი, რა დროსაც დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ერთი ქართველი ქალბატონი ღამეს ქუჩაში ათევდა.

სამსახურის შემდეგ მოვძებნე და ჩემი ემიგრანტი მეგობრების დახმარებით, ის საქართველოში ოჯახს დაუბრუნდა… ამის მერე სულ მაწუხებდა ის აზრი, რომ ჩემი ქვეყნისთვის რაიმე გამეკეთებინა, მით უმეტეს ყოველდღე სოციალურ ქსელში უამრავი ინფორმაცია მხვდებოდა, სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვების შესახებ.

დავიწყე ფიქრი… პირველი რაც გავაკეთე, რამდენიმე მეგობარს ჩემი იდეა გავანდე. აღმოჩნდა რომ, ჩვენი აზრები ერთმანეთს დაემთხვა და ამან მეტი სტიმული მომცა… ასე დაიწყო ეს საქმე, თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი.

რამდენიმე ბავშვს უკვე დავეხმარეთ მატერიალურად… ახლა თანხის შეგროვების პროცესში ვართ, რომ კიდევ ერთ პატარას შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ.

მუდმივად ვფიქრობ, აქედან კიდევ რისი გაკეთება შემიძლია…

კორდობაში დაბადებულ ქართველ ბავშვებს მშობლიურ ენაზე წერა-კითხვას ვასწავლი, ანაზღაურების გარეშე. ვფიქრობ, საკუთარი ფესვები არ უნდა დაივიწყონ და ამაში ჩვენც უნდა მივეხმაროთ. ბავშვებს მოსწონთ და მზად არიან ისწავლონ ქართული “აი ია“.

ვაპირებ სამშობლოში დაბრუნებას, მინდა იგივე საქმიანობა ჩემს ქვეყანაში გავაგრძელო”,- ამბობს ია ჭიკაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები