„ბესიკ ხარანაული – 80“

11 ნოემბერს მწერალთა სახლში თანამედროვე ქართველი პოეტის, ბესიკ ხარანაულის 80 წლის იუბილე აღინიშნება.

 „არის „კარგი მწერალი“, „ძალიან კარგი მწერალი“, „დიდი მწერალი“… კიდევ ათასგვარი სხვა ეპითეტი არსებობს მწერლებთან მიმართებაში, მაგრამ მე მინდა დავამკვიდრო ახალი ეპითეტი და დავიწყო ბესიკ ხარანაულით. ის არის კარგი მკითხველების მწერალი“ – ასე აფასებენ ლიტერატურათმცოდნეები მის შემოქმედებას.

ბესიკ ხარანაული ავტორია ოცზე მეტი პოეტური კრებულისა და ორი პროზაული წიგნისა – „ეპიგრაფები დავიწყებული სიზმრებისთვის“ და „სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა“.

ლიტერატურული მოღვაწეობა 1954 წელს დაიწყო, პირველი კრებული კი 1968 წელს გამოსცა. მას შემდეგ გახდა რამდენიმე ქართული და საერთაშორისო პრემიის ლაურეატი, მათ შორის, 2011 წელს წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში.

მისი ნაწარმოებები თარგმნილი და გამოცემულია გერმანულ, ჰოლანდიურ, იტალიურ, ჩეხურ, უნგრულ, რუსულ, ბულგარულ და ფრანგულ ენებზე.

როგორც თავად ხშირად აღნიშნავს, იგი არ წერს ვინმესთვის, წერს საზოგადოდ და ხშირად დროში არეულად – „პოეზია მაინც რაღაცად გარდაქმნის ცხოვრებას, კიდევ აქვს დატოვებული  გზები პოეზიას ადამიანისთვის, რომ მან თავი განწირულად არ იგრძნოს იმიტომ, რომ ასეთი შემთხვევები ხშირად არის მის ყოფაში და საერთოდ, მძიმე გარემოს რაღაცნაირად, მგონი, პოეზია აძლევს მომავალს… პოეზია არ ცვლის არაფერს, პოეზია მხოლოდ ჰანგია, რომელიც ადამიანს უძღვება ცხოვრებაში“.

80 წლის ქართველი მწერალი და პოეტი კვლავ აგრძელებს აქტიურ ლიტერატურულ მოღვაწეობას და ამბობს, რომ „მწერლობაში გამოსაგონებელი ძალიან ცოტაა, უფრო ბევრია ამოსაცნობი ცხოვრებასა და გარემოში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.