“ამიერკავკასიის სამკაული“ – თბილისით გერმანული გამოცემა დაინტერესდა

გერმანული გამოცემა “RP-online” საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

 „თბილისი, საქართველოს ამაღელვებელი დედაქალაქი, სადაც შენი შვებულება უნდა გაატარო“ – ასე იწყებს თბილისზე საუბარს  ბერტა მეჯონგი. 

ჟურნალისტი თბილისს ბოლო დროის საუკეთესოდ განვითარებულ ქალაქად მოიხსენიებს და ტურისტებს ურჩევს, აუცილებლად მოინახულონ ქვეყანა, რომელიც ერთდროულად ევროპასა და აზიას ეკუთვნის.

სტატია აერთიანებს ყველაფერს, რაც  შეიძლება უცხოელი ვიზიტორისათვის საინტერესო იყოს. მათ შორის, ინფორმაციას თბილისისა და მისი ღირსშესანიშნაობების შესახებ. ჟურნალისტი თბილისური სანახაობის მისეულ ათეულსაც უზიარებს მკითხველს – ჩამონათვალი სიონის ეკლესიით იწყება.

სტატია ასევე შეიცავს მარტივ რჩევებს კომუნიკაციისათვის და ტურისტებს ურჩევს, ისწავლონ და გამოიყენონ ქართული სიტყვები, განსაკუთრებით, „გამარჯობა“ და  „მადლობა“.

ავტორი ყურადღების მიღმა არც ქართულ დამწერლობას ტოვებს და მას მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ანბანად მოიხსენიებს. ტურისტებისათვის პრაქტიკული რჩევების მიცემისას კი ქართული კერძების მრავალფეროვანი ასორტიმენტის დაგემოვნებასა და ქალაქისთვის თავის მინდობას ურჩევს – „შეეშვით რუკებს, სანახაობები თავად გიპოვნიან“ – ნათქვამია სტატიაში.

რამდენად უსაფრთხო ქალაქია თბილისი? – სვამს კითხვას ბერტა მეჯონგი და თავადვე პასუხობს, რომ საქართველოს დედაქალაქში ვიზიტისას ზუსტად ისევე მოგეთხოვებათ ყურადღებით ყოფნა, როგორც, მაგალითად ბერლინსა ან ჰამბურგში.

როგორც ავტორი აღნიშნავს, თბილისში სამოგზაუროდ საუკეთესო პერიოდი ოქტომბერს და აპრილშია – „მაგრამ, თუკი ოქტომბერი უკვე გამოტოვეთ, აუცილებელი არაა,  ელოდოთ აპრილს – საქართველო ზამთრის კურორტებითაც მდიდარი ქვეყანაა.“

“RP-online”,  სტატიასთან ერთად, საქართველოში მოგზაურობით დაინტერსებულ პირებს თბილისის ხედებით ფოტოგალერეასაც სთავაზობს.

გერმანული გამოცემა “RP-online” პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას ტურისტებისათვის საინტერესო ახალი ადგილების შესახებ. თბილისი მათ ჩამონათვალში წელს პირველად მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები