ზემო ქვალონიდან პეკინამდე – ქართველი სტუდენტი ჩინეთში

პირველად მამამ ურჩია ესწავლა ენა, რომელიც თანდათან გაცილებით მნიშვნელოვანი ხდებოდა მსოფლიოში. მამა იყო მისი პირველი გულშემატკივარიც. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, ეს როლი ლექტორებმა იტვირთეს და ახლა უკვე მათი რჩევით მოჰკიდა ხელი ერთ-ერთი ურთულესი  ენის შესწავლას. საკუთარი თავისთვის  ნათქვამმა  „რატომაც არა“ და მოტივაციამ მიიყვანა ბიჭი ხობის რაიონის სოფელ ზემო ქვალონიდან ჩინეთის დედაქალაქამდე.

გოგი ყურაშვილის წარმატების გზა საკუთარი სამშობლოდან 6000 კილომეტრით შორს, პეკინში, ენისა და კულტურის უნივერსიტეტში გრძელდება. იგი უკვე ნახევარი წელია ჩინურ ენას ეუფლება, მანამდე კი 3 წელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლა, შემდეგ გაცვლითი პროგრამით ეწვია აზიას, სადაც კიდევ  ნახევარ წელს გაატარებს.

– რატომ გადაწყვიტე ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება და რატომ მაინცდამაინც ჩინეთი?

– პროგრამის შესახებ იმ მეგობრებისგან გავიგე, რომლებიც უკვე გამოცდილები იყვნენ. გადავწყვიტე მეც მეცადა და, როგორც ჩანს, ჩემი მცდელობა წარმატებული გამოდგა.  ყოველთვის მიყვარდა გამოწვევები და მხიბლავდა ეგზოტიკა, პეკინი კი სწორედ მათი ნაზავია. ამ კითხვას ხშირად მისვამენ არა მარტო ქართველები ან ევროპელები, ჩინელებიც კი. რატომღაც უკვირთ. ყოველთვის მინდოდა, ქვეყნის საზღვრებს გავცდენოდი და სწავლა უცხოეთში გამეგრძელებინა. როცა გავიგე, რომ თსუ ორი ახალი უცხო ენის, ჩინურისა და იაპონურის შესწავლას მთავაზობდა, მე ჩინური ავირჩიე. მთავარი მოტივაცია, ალბათ, პეკინში სწავლის გაგრძელება იყო. გადავწყვიტე, მიმეღო ჯერ გამოწვევა და შემდეგ- გამოცდილება, არა მარტო სწავლის, ცხოვრებისაც.

– როგორც ვიცით, რამდენიმე წლის წინ სხვა გაცვლითი პროგრამით სწავლობდი ჩინეთში, მაშინ ერთ-ერთ პროვინციაში მოგიწია ყოფნა. რით განსხვავდება შენთვის ცხოვრება პატარა პროვინციასა და დედაქალაქს შორის?

– სრულიად განსხვავებულ ქვეყანაში ცხოვრება ჩემთვის ნამდვილად დიდი შანსია. შანსი, რომელიც, უნივერსიტეტმა მომცა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, როცა სხვა გაცვლითი პროგრამით ხუნანის პროვინციას ვეწვიე. თუმცა, მეორე ვიზიტი სრულიად განსხვავებული და გაცილებით ხანგრძლივი გამოდგა. ამჯერად, საკმარისი დრო მაქვს ადგილობრივებისთვის საქართველოს გასაცნობად.  ორ ნაწილად გაყოფილი ჩინეთის პოლიტიკურ ნაწილში საქართველოს შესახებ მეტს სმენია, ვიდრე პატარა პროვინციებში. აქ მსოფლიოს ცნობადობაც გაცილებით მაღალია და პროვინციებისგან განსხავებით, უცხოელებს „მუზეუმის ექსპონატებად“ არ აღიქვამენ.

– რამდენად იცნობენ ჩინეთში საქართველოს?  რა სმენიათ კავკასიის ამ პატარა ქვეყნის შესახებ?

– აქაურების დიდმა ნაწილმა საქართველოს შესახებ არაფერი იცის, ზოგი კი პირიქით- გაგაოცებს, იმდენ რამეს მოგიყვება. ცნობადობა ძირითადად სტალინს უკავშირდება, რაც ახალი თაობისათვის არც ისე სასიამოვნოა – „ა, სტალინის ქვეყნიდან ხარ?!“- ნამდვილად არაა ის, რის მოსმენასაც ისურვებდი, მაგრამ სტალინი აქაურებისთვის საკულტო ადამიანია, მეოცე საუკუნის უძლიერესი მმართველი, ამიტომ კამათს აზრიც არ აქვს. ნაწილი ნამყოფია კიდეც საქართველოში და ხსენებისთანავე მაჩვენებს თბილისის, მცხეთისა  თუ ბათუმის ფოტოებს. ასეთი რაღაცები გულს გითბობს, გახარებს.

– რა კეთდება იმისათვის, რომ თუნდაც სტუდენტებმა უკეთ გაიცნონ საქართველო?

– მათთვის, ვინც ქვეყანას ჯერ  არ იცნობს, პეკინის უნივერსიტეტში კულტურის ფესტივალი იმართება, როგორც ადგილობრივები  მას უწოდებენ – „ვენხუაძიე“. აქ  გამოფენილ სტენდებზე მილიონობით ადამიანს აქვს საშუალება, გაეცნოს ქართულ კულტურას და გაიგოს მეტი ჩვენი ქვეყნის შესახებ.

– სირთულეები  ადაპტაციის პროცესში…

– პირველი შოკი იყო ჩემთვის, როცა აღმოვაჩინე, რომ ჩინელები არ ჭამენ პურს, ყველს, რძეს, მარილიანს – იმას, რაც ქართული სამზარეულოსთვის ასეთი ორგანულია. ზოგადად, შეგუების პროცესი რთული იყო, ძალიან დიდი სხვაობაა კულტურათა შორის. მაგრამ აქაურები ძალიან დამეხმარნენ, მათთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია, მათი ენითა და კულტურით რომ ინტერესდება უცხოელი, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ უკეთ ინტეგრაციაში ხელშესაწყობად. თუმცა, ხანდახან ეროვნული სიამაყის განცდა „ერთვებათ“ და თუკი ნებისმიერ  კითხვაზე უპასუხე, საქართველო ან ქართული სამზარეულო ჯობიაო, ყველანაირად ეცდებიან, გადაგარწმუნონ.

– როგორ ფიქრობ, რა არის მთავარი განსხვავება ქართველი და ჩინელი ხალხის ხასიათს შორის?

– ზედმეტად მოწესრიგებულები არიან, რობოტიზაციის დონემდე, რაც ჩვენთვის ცოტა უცხოა. მახსოვს, ერთხელ გზა ჩაინგრა უნივერსიტეტთან. საქართველოში მის აღდგენას, ალბათ, თვეები დაჭირდებოდა, ჩვენ კი მეორე დღეს ვერც კი მივხვდით, ზუსტად სად ჩამოწვა მიწის მასა, კვალიც კი არსად იყო.

თუმცა, არის რაღაცები, რაშიც „ვჯობნით“. აქაურები ზედმეტად მატერიალისტები არიან. თუკი საქართველოში შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ, აქ უსასყიდლოდ რაიმე დახმარების მიღება თითქმის გამორიცხულია. მარტივ რაღაცებს არ ვგულისხმობ, პირიქით, თუ, მაგალითად, გზა აგერია და იკითხე, შეიძლება გამოგყვნენ და მიგაცილონ კიდეც.

– თავად ჩინელები ამჩნევენ ამ სხვაობებს?

– ის, ვინც საქართველოს იცნობს, პირადი გამოცდილებით რამდენიმე განსხვავების გაზიარებას არ დაგზარდება ხოლმე, მაგალითად,  ჩემთვის უთქვამთ, რომ, თურმე მათთვის ძალიან უჩვეულოა, როცა სახელმწიფო დაწესებულებები დილის 10 საათზე იწყებენ მუშაობას. ჩინეთში დღე  გამთენიის 5-ზე იწყება და მთელი დღე პროდუქტიულ მუშაობაში გადის.

– როგორია ქართველი სტუდენტის ერთი დღე პეკინის უნივერსიტეტში?


-აქაური უნივერისტეტების გარშემო სტუდენტური ქალაქებია მოწყობილი, საცხოვრებელი კამპუსებით, სასწავლო კორპუსებით, სპორტული მოედნებითა და ასე შემდეგ. დილაადრიან დაწყებული ლექციები დღის პირველ ნახევარშივე სრულდება ამიტომ, ხშირად გვრჩება დრო გართობისთვის – პეკინში კი ყველაფერია გასართობად.

– რა მოგცა პეკინის უნივერსიტეტმა ახალი?

– გარდა განათლებისა, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი – ადამიანური ურთიერთობები მივიღე. აზიის, ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუდენტებთან ერთად, მთავარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც ვიძენ.

– საქართველო თუ ჩინეთი – რომელ ქვეყანას უკავშირდება შენი გეგმები?

– ჯერ-ჯერობით კვლავ ჩინეთი, შემდეგ კი საქართველო. ზოგადად, 10-15 წელზე გათვლილი გეგმები არ მაქვს. სპონტანურად ვცხოვრობ და ეს ამართლებს. საქართველოში კიდევ ერთი კურსი უნდა ვისწავლო, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კი ვგეგმავ, დავბრუნდე ჩინეთში სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად, თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, სპონტანურობას შევეჩვიე, ამიტომ შეიძლება ამ ერთ წელიწადში რაღაცები შეიცვალოს. ზუსტად ვიცი მხოლოდ ის, რომ  ბოლოს მაინც ვიქნები საქართველოში  და ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას ამ ქვეყანას მოვახმარ“.

ავტორი: თამუნა ზარანდია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები