გიორგი მელიქიშვილი: თბილისი – ნიუ-იორკი – თბილისი
დიდი ხანი არ არის, რაც ყოველ შაბათს კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრის სცენაზე უკრავს. ნელ-ნელა დარბაზი ხალხით ივსება. მისი მსმენელები სხვადასხვა ასაკისანი არიან. ეს გიორგი მელიქიშვილი გახლავთ. 20 წელია, რაც ემიგრაციაში იმყოფება. ნიუ- იორკის ერთ-ერთმა მუსიკალურმა გამოცემამ “New York City Jazz Record”-მა მას ნიუ – იორკის ჯაზის და მსოფლიო მუსიკის სცენის ვეტერანი უწოდა.
დრამერი, პერკუსიონისტი, კომპოზიტორი და მომღერალი გიორგი მელიქიშვილი (მსოფლიოში ცნობილი ფსევდონიმით ჯორჯ მელ) დაიბადა თბილისში, თუმცა ის, როგორც მუსიკოსი აშშ-ში ჩამოყალიბდა. Magna Cum Laude, Berklee College Of Music -ის წარჩინებული სტიპენდიანტი, 2000 წელს, კოლეჯის დამთავრების შემდეგ ბოსტონიდან ნიუ – იორკში გადავიდა, სადაც ის ნიუ – იორკის, ინტერნაციონალური ჯაზისა და კრეატიული მუსიკალური სცენის განუყოფელი ნაწილი გახდა. ბოლო 14 წლის განმავლობაში გიორგის დაკრული აქვს მსოფლიო დონის ისეთ ვარსკვლავებთან, როგორიც არიან: Esperanza Spaldingi, Mino Cinelu, Lionel Loueke, Leo Genovese, Badal Roy, Dom Salvadori, Gabriel Grossi, Leni Sterni და მრავალი სხვა. გიორგის წარმატებული საკონცერტო მოღვაწეობა კი მდიდარია გამოსვლებით ისეთ პრესტიჟულ და ლეგენდარულ საკონცერტო დარბაზებსა და კლუბებში, როგორიცაა: Carnegie Hall, Blue Note, Jazz Standard, Smoke, Irridium, World Cafe Live, The Deer Head Inn…ამ ყველაფრის საფუძველზე ამერიკის მუსიკოსთა კავშირმა და ამერიკის მთავრობამ გიორგი მელიქიშვილს გამონაკლისის წესით აშშ-ს მოქალაქეობა მიანიჭა. „ექსტრაორდინალური შესაძლებლობების მქონე არტისტის“ სტატუსის კატეგორიაში.
2014 წელს, თბილისის საერთაშორისო ჯაზ ფესტივალზე იგი თავისი ჯგუფით George Mel Quartet-ით წარდგა ქართველი მსმენელის წინაშე. აღსანიშნავია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს მისი პირველი კონცერტი იყო საქართველოში და კონცერტის შემდეგ მან გადაწყვიტა, რამდენიმე ხნით სამშობლოში დარჩენილიყო. მას დიდი სურვილი აქვს ამერიკაში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება ქართველ მუსიკოსებსა და მსმენელს გაუზიაროს.
გიორგი მელიქიშვილი დღეს რუბრიკა „პერსონის“ სტუმარი გახლავთ.
– გიორგი, რა ასაკში შემოვიდა მუსიკა თქვენს ცხოვრებაში?
– ბავშვობიდან. დედაჩემი, ოლგა მელიქიშვილი პროფესიით პიანისტი გახლავთ. სამწუხაროდ, სოლისტი ვერ გახდა, მაგრამ წლების განმავლობაში მუშაობდა პედაგოგად და ჩვენს სახლში სულ ჟღერდა ბახი, ბეთჰოვენი, მოცარტი, ჩაიკოვსკი… მამაც, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომისტი იყო, დიდი მოყვარული გახლდათ მუსიკის. ასე რომ, მუსიკა ბავშვობიდანვე შემოიჭრა ჩემს სულში. დედა იხსენებს, სულ პატარა ასაკში, როგორ ვიცვამდი ნეკა თითზე ვინილის პირფიტებს და როგორ ვმღეროდი ყველაფერს, რაც ფირფიტაზე იყო ჩაწერილი. 5 წლის ასაკში შემიყვანეს მუსიკალურ სკოლაში და, სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ზედმეტად მკაცრი პადაგოგი შემხვდა, მალევე დავანებე თავი მუსიკას. შემდეგ ჩემმა ინტერესებმა სხვა სფეროში გადაინაცვლა. იმის გამო, რომ სუსტი ჯანმრთელობა მქონდა, მშობლებმა ცურვაზე მიმიყვანეს. ძალიან გამიტაცა სპორტმა. სულ მალე წყალბურთელების გუნდში მოვხვდი, ფეხბურთსაც ვთამაშობდი, მაგრამ აქაც იჩინა თავი ჯანმრთელობის ახალმა პრობლემამ და სპორტსაც ჩამოვშორდი. შემდეგ ახალი ძალით თავიდან შემოიჭრა მუსიკა ჩემს ცხოვრებაში. ოჯახში გამართულ ერთ-ერთ წვეულებაზე, მამაჩემის ახალგაზრდა თანამშრომელს, რომელიც დიდი მოყვარული იყო როკმუსიკის, კასეტა დარჩა ჩვენთან სახლში და ეს იყო ნამდვილი გადატრიალება ჩემთვის. დღემდე მახსოვს, რა ჯგუფები იყო ჩაწერილი იმ კასეტაზე: pink floyd, the beatles, deep purple, led zeppelin. შემდეგ დავიწყე სხვადასხვა ჯგუფის ჩანაწერების შეგროვება. მშრალ ხიდზე მელომანებთან ერთად დიდ დროს ვატარებდი და ერთ დღეს გავაცნობიერე, რომ მხოლოდ მელომანობა აღარ იყო ჩემთვის საკმარისი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა მუსიკალურად და გამომეხატა საკუთარი თავი. თავის დროზე, როცა ჯანმრთელობის პრობლემა გამიჩნდა, ხელმეორედ და სპორტს თავი დავანებე, მამამ გიტარა მაჩუქა (ახლაც მაქვს ის გიტარა შენახული), მაგრამ მოხდა ისე, რომ (ისევ ბედისწერა იყო ალბათ) თითი ჩამყვა კარებში და მივხვდი, გიტარისტის კარიერასაც ვერ გავიკეთებდი. ასე დავუბრუნდი ჩემს ადრინდელ გატაცებას და სახლში არსებული ჯამ-ჭურჭლით გავაკეთე დასარტყამი ინსტრუმენი. როკ-ენ-როლით მოწამლული დიდხანს ვუკრავდი ჩემს ნახელავ ინსტრუმენტზე.
– თუმცა, თავიდანვე პროფესიად მუსიკა არ აგირჩევიათ…
– არა. სკოლის დამთავრების შემდეგ, საბჭოთა ჯარის თავიდან აცილების მიზნით ჩავაბარე სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე. მაშინ მთავარი იყო, სადმე ჩამებარებინა, თორემ კი ვგრძნობდი, რომ ჩემი მოწოდება მუსიკა იყო. ბევრს ვუკრავდი, დამოუკიდებლად ვარჩევდი სხვადასხვა პარტიებს, მაგრამ ისევ სამოყვარულო დონეზე ვრჩებოდი. საბჭოთა კავშირის დაშლამდე 2 წელი იყო დარჩენილი, გავბედე და მივედი ჩვენი ფაკულტეტის დეკანთან, ვუთხარი, ახლა სტუდენტური ოლიმპიადა ახლოვდება, მე შემიძლია შევკრიბო ჯგუფი და ჩვენი ინსტიტუტის სახელით მივიღოთ მონაწილეობა ამ ოლიმპიადაში – მეთქი. ეს იდეა ჩვენმა დეკანმა დიდი ენთუზიაზმით აიტაცა და ყველა პირობა შეგვიქმნა რეპეტიციების ჩასატარებლად. ვრეპეტიციობდით ტელეგრაფთან არსებულ კლუბში. ჯგუფის სხვა წევრები ჩემზე წინ აღმოჩნდნენ მუსიკაში, ზოგ მათგანს მუსიკალური სკოლაც კი ჰქონდა დამთავრებული, ამიტომ რეპეტიციის დაწყებამდე სამი საათით ადრე მივდიოდი კლუბში და პარტიებს ვსწავლობდი. შემდეგ პროგრესისკენ წავიდა ჩემი მუსიკალური ზრდა. მაინც სხვა იყო ნამდვილ ინსტრუმენტთან შეხება, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ვიგრძენი, რომ ეს დონე აღარ მაკმაყოფილებდა და სხვა ჯგუფს დავუწყე ძებნა. ასე გავიცანი ჩემი ინსტიტუტელი ზაზა ნარსია, სწორედ მან დამაკავშირა ჯგუფთან, რომელიც ბლუზს უკრავდა და ერქვა „ლიმუზინი“. 1989 წლის სექტემბერში უნივერსიტეტში შევხვდი ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, ვატო ვარაზს (ავთო ვარაზის შვილს). დასაკრავად სარდაფში ჩავედით, მაგრამ შუქი ჩაქრა და სამხატვრო აკადემიაში მოგვიწია წასვლა, იქ შედგა ჩემი მოსმენა. ასე ჩამოყალიბდა ჯგუფის პირველი შემადგენლობა: ვატო ვარაზი, კახა კაკაბაძე, ზაზა ჩიმაკაძე და მე. შემდეგ იყო როკფესტივალი. ამ დროისათვის საბჭოთა კავშირი უკვე ინგრეოდა. ჩვენ უნივერსიტეტის სარდაფში (რომელიც ნამდვილ კატაკომბებს გავდა) ვუკრავდით, იქვე ვატარებდით კონცერტებს. დარაჯი მოსყიდული გვყავდა. რაჭული ჭაჭის საფასურად უპრობლემოდ უშვებდა მსმენელს.
– როდის გახდით პროფესიონალი მუსიკოსი?
– ლიმუზინში დაკვრის დროს… რადიოტექნიკოსის განათლებით არასოდეს მიმუშავია. მთელი ჩემი ენერგია მუსიკისკენ მივმართე. გასტროლებიც გვქონდა რუსეთსა და უკრაინაში. ანუ, 20 წლის ასაკში მე უკვე ვიცოდი, რა მინდოდა. ასეთ დიდ სიამოვნებას ვერავინ და ვერაფერი მანიჭებდა, მხოლოდ როკ-ენ-როლი და როკმუსიკა იყო იყო ჩემთვის მთავარი. „ლიმუზინს“ მოყვა ჯგუფი „მისტერია“. ეს იყო ჩემთვის გარდამავალი ეტაპი როკიდან ჯაზისკენ. მიუხედავად იმისა, რომ “მისტერიაში“ არცერთს არ გვქონდა შესაბამისი მუსიკალური განათლება და ტექნიკა, ჩვენ ვცდილობდით, დაგვეკრა პროგრესული როკი. ახლა პარალელურად ორ ჯგუფში ვიყავი. რამდენიმე ხნის შემდეგ წამოვედი „ლიმუზინიდან“ და მთლიანად „მისტერიით“ დავკავდი. ასე გრძელდებოდა 1994 წლამდე, სანამ ისევ დავბრუნდებოდი „ლიმუზინში“. ამასობაში აქ ყველაფერი აირია და მუსიკისთვის ნამდვილად აღარავის ეცალა. ფაქტი იყო, თავისთვის უნდა გვეშველა და სადმე ქვეყნის ფარგლებს გარეთ უნდა გავსულიყავით. და ამ დროს ვატოს გაუჩნდა იდეა, დაკავშირებოდა ერთ თავის დანიელ ნაცნობს, რომელიც ახლოს იცნობდა, ამსტერდამში, წითელი ფარნების კვარტალში არსებული ორი ბარის მეპატრონეს. ბარებში ზუსტად იმ მუსიკაზე იყო მოთხოვნა, რომელსაც ჩვენ ვუკრავდით, ბლუზსა და როკზე. მეპატრონემ მხოლოდ ტურისტული ვიზების აღება და გზის დაფინანსება გვთხოვა, დანარჩენი კი, იქ დაბინავება და ორი თვის განმავლობაში კვირაში 5 სამუშაო დღით უზრუნველყოფა თავის თავზე აიღო. ასე დაიწყო 1994 წლიდან ჩემი ემიგრაცია.
– ჯგუფის წევრები საქართველოში დაბრუნდნენ, თქვენ კი დარჩით.
– მაშინ სხვა გზა არ მქონდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, 22 წლის ასაკში გავხდი ოჯახის უფროსი და ოჯახი უნდა მერჩინა. ნებისმიერ სამუშაოს ვთანხმდებოდი, მებაღედაც კი მიმუშავია ერთ-ერთ დიზაინერულ კომპანიაში. სიმართლე გითხრათ, მძულდა ის სამსახური. ძალიან ბევრ რასისტთან მიხდებოდა შეხვედრა, რომლებიც ქედმაღლურად მექცეოდნენ, მაგრამ საქმეს სჭირდებოდა და ყველა სირთულე გადავლახე. გამაძლებინა მხოლოდ იმის ცოდნამ, რომ ეს დროებითი მოვლენა იყო, რომ საბოლოოდ მე მაინც მუსიკას დავუბრუნდებოდი და ჩემს გასაკეთებელს მაინც გავაკეთებდი. იმის კომფორტი არ მქონია, რომ მატარებლით მემგზავრა ამსტერდამამდე, სადაც ჯემ-სეიშენები ეწყობოდა, საათნახევარი მივდიოდი ველოსიპედით ამსტერდამში და საათნახევარში ვფარავდი გზას უკან, საცხოვრებელ ადგილამდე. საღამოს 10 საათიდან ღამის პირველ საათამდე გრძელდებოდა სეიშენები, სახლში მხოლოდ დილის 3-4 საათზე ვბრუნდებოდი, 8 საათზე კი ისევ სამსახურში უნდა ვყოფილიყავი. ფაქტორივად არ მეძინა. მაგრამ როცა ახალგაზრდა ხარ, ბევრის ატანა შეგიძლია. თან მუსიკა, რომელსაც ვუკრავდი და ძალიან მიყვარდა (ბლუზი, ფანკი, როკ-ენ-როლი) დიდ მუხტს მაძლევდა. ჰოლანდიური ეტაპი ჩემთვის ერთგვარი მუსიკალური გამოწვევა იყო. იქაური საშემსრულებლო დონე ბევრად აღემატებოდა ჩემსას, ამიტომ თავდაუზოგავად ვშრომობდი. ნახევარი წლის შემდეგ, სეიშენებში მონაწილეობის შედეგად, აღმოვჩნდი ჯგუფში, რომელშიც იყვნენ: ინგლისელი ვეტერანი ბლუზმენი გიტარაზე, ბოსნიელი ბასისტი, ამერიკელი მუსიკოსი ორგანზე და მე. მალე კვირაში 5 სამუშაო დღე მოგვცეს. შემდეგ კი უკვე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გავედით. ევროკავშირი იმხანად იქმნებოდა. ძალიან საინტერესო მომენტი იყო. ქვეყნებს შორის საზღვრები თითქოს თვალსა და ხელს შუა ქრებოდა. ასე მოვიარეთ საფრანგეთი, ბელგია, ლუქსემბურგი, დანია. პრაღამდეც კი ჩავედით. ასე გრძლედებოდა მთელი წლის განმავლობაში.
– საცხოვრებლად ამსტერდამში გადახვედით, სადაც ჯაზით „მოიწამლეთ“
– დიახ, სხვა სამუშაოებს მაშინვე დავანებე თავი და ისევ მუსიკით დავიწყე ცხოვრება. ამ პერიოდში მყავდა მეგობარი ქალი, რომელიც ჯაზდრამერი იყო. სწორედ მისი დახმარებით აღმოვჩნდი ამ საოცარ სამყაროში, რომელსაც ჯაზი ქვია. იმ დღეებში, როცა არ ვმუშაობდი, მასთან მივდიოდი ჯემ- სეიშენებზე დასაკრავად. ამ მუსიკამ ცუნამივით წამიღო. ეს თავისუფლება, ეს რისკზე წასვლა, განსხვავებული კილო, შესრულების მანერა. მე მაშინ განათლება არ მქონდა, მხოლოდ სმენით ვგრძნობდი, რომ ეს ბევრად დახვეწილი მუსიკა იყო, ვიდრე როკ-ენ-როლი, რასაც მე ვუკრავდი. დავიწყე უკვე ისეთი მუსიკოსების მოსმენა, როგორიც იყვნენ: მაილს დევისი, კოლტრეინი, ბილ ევანსი, მონკი.
ამ პერიოდში გადავწყვიტე მიმეღო მუსიკალური განათლება და იქაური ამერიკელი ემიგრანტების რჩევით, რომლებმაც დიდი ყურადღება გამოიჩინეს ჩემ მიმართ, მივმართე იქაური კონსერვატორიის ჯაზდეპარტამენტს. იქ არც კი მომისმინეს, 25 წლის ხარო, განათლების გარეშე, როკმუსიკოსი ქუჩიდან, შენ არავითარი შანსი არ გაქვსო. გულგატეხილი ჩემს ამერიკელ მეგობრებთან დავბუნდი, მათ კი მითხრეს, რომ ამერიკაში იყო ერთი სკოლა, ძალიან გონებაგახსნილი მენტალიტეტით, ბერკლის სამუსიკო აკადემია, სადაც შემეძლო სტიპენდიაც კი ამეღო. იმ პერიოდში ჩემი ინგლისური საშინელ დღეში იყო, ასე რომ, ენობრივი ბარიერიც მიშლიდა ხელს. ამერიკელი მეგობრები აქაც დამეხმარნენ, ჩემ მაგივრად შეადგინეს ყველა საჭირო დოკუმენტი, გავაგზავნე ჩემი ჩანაწერები, ყველაფერი, თუკი როდესმე მქონდა დაკრული და, ჩემდა გასაოცრად, პასუხიც მივიღე და ძალიან მნიშვნელოვანი, 75%-იანი სტიპენდიაც დამინიშნეს. ამსტერდამში უკვე აღარაფერი მაკავებდა, ახალი კანონის მიხედვით ბარებში დაკვრის დროს გარკვეული დეციბელების გადაჭარბება არ შეიძლებოდა და 5 სამუშაო დღიდან ოთხი დავკარგეთ (სწორედ მაშინ წამოვიდა ჯაზის და აკუსტიკური მუსიკის ტალღა ამსტერდამში). ჩემს მეგობარ ქალსაც დავშორდი, არალეგალურად ქვეყანაში ცხოვრებაც რთული იყო. სასწრაფოდ ჩამოვედი საქართველოში, ნახევარი წლის აქ ყოფნის შემდეგ უპრობლემოდ ავიღე 5- წლიანი სტუდენტური ვიზა და 1996 წლის მაისში ამერიკაში წავედი. გზის ფულის დასაფარად და იქ რაღაც პერიოდით საცხოვრებლად, ოჯახმა ყველაფერი გაყიდა, თუ რამის გაყიდვა შეიძლებოდა. ასე დაიწყო ჩემთვის ამერიკული ეტაპი, რომელიც 18 წელი გაგრძელდა. მე ძალიან გამიმართლა, რომ ჯაზის მექაში ჩამოვყალიბდი მუსიკოსად.
– ამერიკაში ადგილობრივებთან ურთიერთობა როგორი იყო?
– პირველი წელი რთული იყო. მაინც არსებობდა ენის ბარიერი. ჰოლანდიაში ნასწავლი ინგლისური საკმარისი არ აღმოჩნდა. ტოეფელის ტესტები კი ჩავაბარე, მაგრამ საუბარი ძალიან მიჭირდა. პირველი წელი სოციალური ცხოვრება არც მქონია. იმდენი რამე უნდა მესწავლა (ჯერ თეორიული საგნები, სოლფეჯიო და ჰარმონია და მერე ჩემს ინსტრუმენტზე მუშაობა), რომ ფაქტობრივად დრო არც მრჩებოდა ურთიერთობებისთვის. მე ან საკლასო ოთახში ვიყავი ჩაკეტილი, ან ვმუშაობდი: ვუკრავდი ბლუზსა და ფანკს ბოსტონის სხვადასხვა კლუბში, რომ თავი მერჩინა. პირად ცხოვრებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. ღამეებს ვათენებდი საკუთარ თავზე მუშაობაში.
– რომელ ქვეყანაში უფრო კომფორტულად გრძნობდით თავს?
– ამერიკაში. რადგან ის ემიგრანტების ქვეყანაა. თითქოს ჰოლანდიელები ცნობილები არიან თავისი ტოლერანტულობით, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, რომ შეურაცხყოფაც მიმიღია… ამერიკაში ასე არ იყო. ბერკლის კოლეჯი ძალიან ინტერნაციონალური გახლდათ. ჩემი მეგობრებიდან მხოლოდ 10 იყო ამერიკელი. ბოლოს დავითვალე კიდეც, იქ სწავლის პერიოდში 60 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად მქონდა დაკრული.
ნიუ- იორკში კიდევ უფრო კომფორტულად ვიგრძენი თავი, რადგან ის ნამდვილად ინტერნაციონალური ქალაქია.
მიუხედავად ენობრივი ბარიერისა, კომფორტულად თავი ბრაზილიაში ვიგრძენი.
რაც შეეხება მსგავსებას ქართულ მენტალიტეტთან, სამხრეთ ამერიკა, ესპანეთი, მექსიკა, საბერძნეთი- სამხრეთული მენტალიტეტის ქვეყნები. ძალიან თბილები, უშუალოები და ემოციურად გახსნილები არიან.
– თქვენ ერთადერთი ქართველი იყავით ბერკლიში?
– იმ დროს (1996-2000) – კი, ერთადერთი ქართველი ვიყავი და აგრეთვე ვიყავი პირველი ქართველი, რომელმაც ბერკლი დაამთავრა ჩემი განხრით- Drums/Performance major (დასარტყამი ინსტრუმენტი/საშემსრულებლო(საკონცერტო) განხრა)
– ადგილობრივი სტუდენტები და ემიგრანტები როგორ თანაარსებობდნენ?
– საინტერესო იყო ის, რომ ჩვენ – ყველანი ერთ მუსიკალურ კილოზე, ჯაზის ენაზე ვსწავლობდით საუბარს. ემიგრანტები ძალიან განვსხვავდებოდით ამერიკელი სტუდენტებისგან. ისინი პირდაპირ სკოლის მერხიდან იყვნენ მოსულები, ჩვენ კი – ცხოვრებისგან გამობრძმედილები. თავიდან, ჩაბარებისას მეგონა, რომ მე ყველაზე უფროსი ვიქნებოდი ბერკლიში, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა.
– თუ იცოდნენ თქვენმა მეგობრებმა, სად იყო თქვენი სამშობლო?
– ყველამ არა, ჩემდა სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ, ყველამ გაიგო, სად მდებარებდა ჩემი ქვეყანა.
– არის თუ არა საქართველოში ჯაზის კულტურა?
– ჩემი აზრით, ჯერ განათლების სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს. ახლა, სხვათა შორის, ქართველი ჯაზმუსიკოსები, ევროკავშირთან თანამშრომლობით აყალიბებენ საქართველოში ჯაზის განვითარების ახალ პროგრამას, რომელიც მომავალ წელს უნდა განხორციელდეს. ამ პროგრამაში ჩართულები არიან: მაია ბარათაშვილი, დინი ვირსალაძე, დათო ჯაფარიძე და სხვები. მეც მიმიწვიეს და, ვფიქრობ, ამ პროგრამის განხორციელება დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ამ სფეროში. ამჟამად თბილისში ჯაზკლუბიც არ არსებობს და ეს გასაგებიცაა. ძალიან საინტერესოა ის, რომ აშშ-ს გარდა, ქვეყანები, რომლებიც მდიდარია ჯაზკლუბებით, არის სკანდინავიის ქვეყნები, იმიტომ, რომ იქ მთავრობა აფინანსებს კლუბებს, რომლებშიც ცოცხალი მუსიკა იკვრება, ამიტომ მეპატრონეს არ უწევს რისკზე წასვლა. მისთვის სულ ერთია, მოვა თუ არა მსმენელი. მსმენელი კი იქ ყოველთვის არის. ძალიან აფასებენ იქ ცოცხალ შესრულებას, არა მხოლოდ ჯაზის, არამედ სხვა მიმდინარეობებისაც. ჩვენთან კი სხვაგვარადაა. აქ ყველაფერი მაინც შემოსავალზე დაიყვანება. სხვათა შორის, ნიუ- იორკშიც, სადაც კონკურენცია ძალიან მაღალია, ასევეა. მაგრამ ის ჯაზის მექაა და ეს ტრადიცია არჩენს. ეს რომ არა, ნიუ- იორკშიც მკვდარი იქნებოდა ჯაზი. დიდ ხელოვნებას სჭირდება დაფინანსება და ამის მაგალითები უხვადაა ხელოვნების ისტორიაში.
– ცნობილი ადამიანები, ვისთან ერთადაც დაგიკრავთ და რომლებმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს თქვენზე…
– ასეთი ძალიან ბევრია. ამ ასპექტში აუცილებლად უნდა გავიხსენო ნიუ – იორკის ეტაპი, იმიტომ, რომ ის იყო ჩემს ემიგრაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი. ბერკლის დამთავრებისთანავე ნიუ -იორკში გადავედი , სადაც ბედნიერება მხვდა, დამეკრა უამრავ საინტერესო მუსიკოსთან. ეს იყო ყველაზე დიდი სკოლა და ჩემი მუსიკალური დაღვინება, თუ შეიძლება ასე ითქვას, სწორედ ამ ქალაქში მოხდა. მახსოვს ჩასვლისთანავე წავედი ერთ-ერთ ბარში, რომელსაც Zinc Bar-იჰ ქვია და იქ მოვუსმინე დრამერს ჯეფ “ტეინ” უოთს. მართლაც, წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. სამწუხაროდ, იმის ფუფუნება არ მქონდა, რომ მისგან გაკვეთილები ამეღო, მაგრამ ჩუმად, ქურთუკში ვიდებდი ხოლმე მინი დისკ-ფლეიერს და ვიწერდი მის დაკრულს, შემდეგ კი სახლში ვარჩევდი პარტიებს. კიდევ ერთხელ გავაცნობიერე, რა დიდ მუსიკოსებთან მომიწევდა კონკურენცია და ახალი ძალით დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა. მოგვიანებით დავუმეგობრდი კიდეც ჯეფს და ვსაუბრობდით ყველაფერზე მუსიკის გარდა. მუსიკაზე საუბარი არ უყვარდა. ამის შემდეგ 9 წლის განმავლობაში ვმუშაობდი ბრაზილიელ მუსიკოსებთან, რომლებმაც ისე შემაყვარეს თავისი მუსიკა, რომ ენაც კი ვისწავლე. ჩემი ინდივიდუალური სტილის ჩამოყალიბებაში ამ მუსიკას ისევე დიდი ადგილი უჭირავს, როგორიც ჯაზს. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებთანაც დამიკვრია და რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს ჩემზე, მათი სია ძალიან დიდია: Esperanza Spalding-შესანიშნავი ბასისტი და ვოკალისტი, Mino Cinelu-პერკუსიონისტი, Avishai Cohen-საყვირი, Lionel Loueke-გიტარა Badal Roy-ტაბლა,Sheryl Bentyne -ვოკალი Valeri Ponomarev-საყვირი Leni Stern-gitara, Leo Genovese-პიანო, Dom Salvador-პიანო Gabriel Grossi-ჰარმონიკა , Thiago Espirito Santo-ბასი Keith Carlock-დრამი და მრავალი სხვა…
– ძლიერი ინსპირაციის წყარო…
– ცხოვრება, ადამიანებთან ურთიერთობა, გამოცდილება, ცუდი თუ კარგი…
– ვინმეს გავლენა ხომ არ გაქვთ?
– რა თქმა უნდა. გავლენის გარეშე არავინ არსებობს. ძალიან მიყვარს Elvin Jones, Toni Williams, Jack De Johnette, და არის კიდევ ერთი ახალგაზრდა შემსრულებელი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემი ხელწერის ჩამოყალიბებაში, Brian Blade.
მისი გამოჩენა ჩემთვის იყო სინათლის სხივივით ბნელ გვირაბში, მანამდე ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რა მიმართულებით უნდა წავსულიყავი…სია მართლაც დიდია…
– დამწყებ ჯაზმენებს რა ურჩევდით?
– ვურჩევდი, ბევრი იმუშაონ, ბევრ შემსურებელს მოუსმინონ. ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ არ აქვს მნიშვნელობა, სად დაიბადე და რა კულტურაში გაიზარდე, მთავარია, სიყვარულით მოეკიდო შენს საქმეს და დიდი ინფორმაციისა და გამოცდილების დაგროვების შემდეგ, ზუსტად გამოხატო შენი თავს ამ მუსიკაში… მოსმენა მთავარი სკოლაა მუსიკოსისთვის. ჯაზის ძველ კორიფეებს არ ჰქონდათ განათლების მიღების საშუალება, ახალ თაობას კი ამ ინფორმაციულ ეპოქაში თავის გასამართლებელი აღარ აქვს, ახლა ყველაფერზე მიგიწვდება ხელი, მთავარია თავდაუზოგავად იშრომო. საქართველოში ზუსტად ახლა ყალიბდება ჯაზის სკოლა. მე შევთავაზე კონსერვატორიის ჯაზის დეპარტამენტს, მონაწილეობა მიმეღო საგანმანათლებლო პროცესში და ჩემი გამოცდილება სტუდენტებისთვის გამეზიარებინა. ჩავატარე მასტერკლასებიც. დიდი იმედი მაქვს, რომ მიიღებენ ჩემს შემოთავაზებას და საშუალება მექნება ჩემი წვლილი შევიტანო ჩვენს ქვეყანაში ჯაზის განვითარებაში.
– ვიცით, რომ კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში გაქვთ შაბათობით გამოსვლები. როგორ მოხდა თქვენი ამ თეატრთან დაკავშირება?
– კონსერვატორიის რექტორმა, რეზო კიკნაძემ მითხრა, რომ ამ თეატრში სამშაბათობით იმართებოდა ჯემ- სეიშენები და მეც მივედი. შესვლისთანავე მოვიხიბლე იქაური შემოქმედებითი გარემოთი და კახა ბაკურაძეთან საუბრის შემდეგ გადაწყდა, რომ ყოველ შაბათს დავუკრავდი აქ ჩემს მეგობართან, დათო ჯაფარიძესთან და სხვა ქართველ მუსიკოსებთან ერთად.
კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში სულ სხვა ამპლუაში წარვდგები მაყურებლის წინაშე: ჩემს ნაწარმოებებთან ერთად ვასრულებ ჩემი საყვარელი შემსრულებლების სიმღერების ორიგინალურ ინტერპრეტაციებს. ყოველ შაბათს, 10 საათზე განსაკუთრებულ და განახლებულ პროგრამას ვთავაზობ მსმენელს სხვადასხვა ინსტრუმენტალური შემადგენლობით. აქ მსმენელი გაიცნობს ჩემი მუსიკალური ჩამოყალიბებისა თუ გამოცდილების ყველა ასპექტს. გამიცნობს, როგორც პერკუსიონისტს, დრამერს და ასევე, როგორც გიტარისტსა და მომღერალს. ძალზედ მრავალფეროვანსა და საინტერესო საღამოებს გთავაზობთ.
– ქართველი და უცხოელი მსმენელი…
– ჩემი 20- წლიანი გამოცდილებით, მსმენელი ყველგან ერთნაირია. თუ მუსიკა გულიდან მოდის, თუ ყველაფერს გულწრფელად გასცემ სცენაზე, რეაქცია ყველგან ერთია. თბილისის საერთაშორისო ჯაზფესტივალზე ჩემს კვარტეტთან ერთად წარვდექი, საკმაოდ რთულ მუსიკას ვუკრავდით და დიდი შიში მქონდა, რომ ხალხი ვერ გაუძლებდა და წავიდოდა, მაგრამ დარბაზიდან არავინ გასულა და ფეხზე ადგომით აპლოდისმენტებითაც დაგვაჯილდოვეს, იმიტომ, რომ ბოლომდე დავიხარჯეთ.
– მას შემდეგ, რაც წახვედით, ბევრი რამ შეიცვალა საქართველოში, როგორია კონტრასტი რომელიც ჩამოსვლისას აღმოაჩინეთ?
– კონტრასტი, მართლაც, დიდია. საზღვარგარეთიდან ეს უფრო შესამჩნევია. როცა აქ ხარ და ყოველდღიურობაში ხარ ჩაფლული, იმდენად ვერ შეიგრძნობ ამ ყველაფერს. საქართველო სრულიად სხვაგვარი დამხვდა, ჯერ კიდევ ბევრია გასავლელი, მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენს ქვეყანას აქვს იმის რესურსი, რომ ჩამოყალიბდეს ევროპულ სახელმწიფოდ. ძალიან მომწონს ახალი თაობა, სრულიად სხვა მენტალიტეტითა და პრიორიტეტებით. ის რადიკალურად განსხვავდება 90-იანების თაობისგან, რომლისთვისაც „ქუჩაში დგომა“ და ქურდული მენტალიტეტი იყო ღირებული.
– რაც საქართველოში დაბრუნდით, ქართველ მუსიკოსთაგან, ვისთან მოგიწიათ თანამშრომლობა?
– ძალიან ბევრთან: თამაზ ყურაშვილთან, დათო ჯაფარიძესთან, რეზო კიკნაძესთან, ზურა რამიშვილთან, ზაზა მარჯანიშვილთან, მაია ბარათაშვილთან, პაპუნა შარიქაძესთან… არ მინდა ვინმე გამომრჩეს… ძალიან ბევრი ნიჭიერი მუსიკოსია საქართველოში და მიხარია მათთან ურთიერთობა რომ მაქვს.
– რა არის თქვენთვის წარმატება?
– ჩემთვის წარმატება და ბედნიერება ერთია. ნამდვილი ბედნიერება კი ის არის, როცა იცი, ცხოვრებაში რა გინდა, რა გიყვარს და მხოლოდ იმას აკეთებ. იღბალიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ აღიარება მოიპოვო. შრომა, მიზანდასახულობა.
– იყო თუ არა შემთხვევა, როცა მიწვევაზე უარი გითქვამთ?
– ორჯერ, და ორივეჯერ ეს რუსეთს უკავშირდება. 2009 წელს მოწვევა გვქონდა ისეთი ცნობილი პიროვნებისგან, როგორიცაა არტემ ტროიცკი, მაგრამ 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენების შემდეგ, მტკიცედ გადავწყვიტე, რომ პუტინის რუსეთში არასოდეს დამეკრა. ამის გამო ჩემი ამერიკელი კოლეგები მოვიმდურე, მაგრამ მოგვიანებით, როცა გაიგეს ჩემი უარის მიზეზი, მათთვისაც ყველაფერი გასაგები და მისაღები გახდა. მე, რა თქმა უნდა, არ განვსჯი ჩემს იმ თანამემამულეებს, რომლებიც რუსეთში მოღვაწეობენ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პოზიციაა.
– შემოქმედებითი ოცნება თუ გაქვთ?
– განვითარება! ღმერთმა მაშოროს ის დღე, როცა ვიფიქრებ, რომ ყველაფერს მივაღწიე. მინდა მუდმივად მეტამორფოზას განვიცდიდე. ჯაზში, და მუსიკაში, ზოგადად, ეს არის მთავარი და აქ თვითგამოხატვისთვის ზღვარი არ არსებობს.