ისტორია და ისტორიები სლაიდერი

8 ნოემბერს, ზუსტად 182 წლის წინ, ილია ჭავჭავაძე დაიბადა

„მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა“ -ილია ჭავჭავაძე

ზუსტად 182 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1837 წლის 8 ნოემბერს ყვარელში, გადამდგარი ოფიცრის ოჯახში ილია ჭავჭავაძე დაიბადა.

სამშობლოსა და ქართული ენის სიყვარული ბავშვობიდანვე ჩაუნერგავთ მასში მშობლებს.

,,მამაჩემმა ძალიან კარგი ზღაპრები იცოდა და ჩვენც გვიყვარდა ყურისგდება ზღაპრისა“, – ასე ალაპარაკებს ილია ჭავჭავაძე მამას მოთხრობაში ,,ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“, ხოლო ავტობიოგრაფიაში პირდაპირ წერს: ,,მამაჩემი რამდენადმე განათლებული კაცი იყო, აფიცრად მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნის პოლკში და რუსული კარგად იცოდა“. თუმცა,  პირველ მასწავლებლად მაინც დედას ასახელებს: ,,დადაჩემმა მშვენივრად იცოდა მაშინდელი ქართული მწერლობა. სულ ზეპირათა ჰქონდა დასწავლული თითქმის ყველა ლექსი და ყველა ძველებური მოთხრობა და რომანი, რომელიც კი იშოვებოდა მაშინ ან დაბეჭდილი ან ხელნაწერი. საღამოობით დაგვსხავდა ბავშვებს და გვკითხავდა: აბა, ვინ უფრო კარგად მიამბობს, რაც გუშინ გაიგონეთო. ვინც კარგად ვუამბობდით, გვაქებდა და ამ ქებას ჩვენც დიდად ვაფასებდით“.

შემდეგ იყო კლასიკური განათლება ჯერ რაევსკის პანსიოში, შემდეგ თბილისის გიმნაზიასა  და პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

კოხტა აფხაზი იხსენებს: „უნივერსიტეტში ილიას განსაკუთრებით პოლიტიკური და ეკონომიური სამეცნიერო საგნები აინტერესებდა… ჩვენ, სტუდენტები, ხშირად ვიკრიბებოდით და ვბაასობდით როგორც საზოგადო კითხვებზედ, აგრეთვე ჩვენს დაბეჩავებულს სამშობლოს მომავალზედ. ვკითხულობდით ხშირად ქართულ წიგნებს“.

ილიასთან ერთად პეტერბურგის უნივერსიტეტში ოცდაათამდე ქართველი სწავლობდა. სწორედ მის გარეშემო შეკრებილმა სტუდენტებმა შეადგინეს საქართველოში დაბრუნების შემდეგ, „პირველი დასი“.

ილიას დროს შეიქმნა რუსეთში ქართველი სტუდენტობის-“თერგდალეულთა“ ტრადიციები.

“მესმის, მესმის სანატრელი, ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა…“ წერდა  ილია პეტერბურგში ყოფნისას და იტალიის განმათავისუფლებელი მოძრაობის ფონზე, საკუთარი სამშობლოს თავისუფლებას ნატრობდა.

მალევე ილია საქართველოში დაბრუნდა. “როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას?!“- როგორც დრომ აჩვენა, ეს იყო საუკეთესო შეყრა უბედური ქვეყნის და მისი გადარჩენის მოსურნისა.

საქართველოში დაბრუნებისთანავე ილია აქტიურად ჩაება როგორც მწერლობაში, ასევე საერო საქმეებში – დაარსა გაზეთი „საქართველოს მოამბე“, რომელიც, მიუხედავად მძიმე ცენზურისა, მაინც იქცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მედროშედ. 1874 წელს ილიამ  სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის წესდების დამტკიცებაც მოახერხა. არც ლიტერატურა დავიწყებია და ამავე პერიოდში ქართულად თარგმნა შექსპირის „მეფე ლირი“.

„საქართველოს მოამბის“ შემდეგ იყო ჟურნალი „ივერია“, რომელიც ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიის განუყოფელ ნაწილადაა ქცეული.

ორიგინალურ მხატვრულ შემოქმედებასთან ერთად, ამ პერიოდში ილიამ ქართული ლიტერატურა გაამდიდრა, როგორც მხატვრული, ისე მეცნიერული ნაშრომების თარგმანითაც.

ფასდაუდებელია მისი ღვაწლი  „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ჩამოყალიბებასა და მის შემდგომ საქმიანობაში. იგი აქტიურად ზრუნავდა, გაევრცელებინა განათლება. მისი თაოსნობით შეიქმნა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაც, რამაც საფუძველი მოუმზადა პირველი უნივერსიტეტის დაარსებას.

მთელი თავისი მოღვაწეობით ილია ჭავჭავაძე დიადი მიზნის განხორციელებას — ქართველი ხალხის გაერთიანებას, ეროვნული თვითშეგნების გამოცოცხლებასა და ამაღლებას, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ემსახურებოდა.

ილია ჭავჭავაძემ თავის პუბლიცისტურ შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში დიდი ადგილი დაუთმო სახალხო განათლებისა და მოზარდი თაობის აღზრდის საკითხებს, რამაც დიდი როლი შეასრულა ქართული პედაგოგიურ მეცნიერებისა და ქართული სახალხო ეროვნული სკოლის ჩამოყალიბების საქმეში.

ილია ჭავჭავაძე იყო არა მარტო მხატვრული სიტყვის დიდოსტატი-პოეტი, ბელეტრისტი, დრამატურგი, მთარგმნელი; არა მარტო სალიტერატურო ენის რეფორმატორი და კანონმდებელი, არამედ მეცნიერიც, რომლის  პრაქტიკული მოღვაწეობაც  საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან უბანს სწვდებოდა.

საქართველოს პოლიტიკური ავტონომიისათვის მებრძოლი ილია სიცოცხლის ბოლო წლებში ხშირად დადიოდა საგურამოდან  პეტერბურგსა და თბილისში. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დასრულების შემდეგ, ილია მეუღლესთან ერთად საგურამოში ბრუნდებოდა, როცა მათ 6-კაციანი შეიარაღებული ჯგუფი დაესხა თავს. 1907 წლის 30 აგვისტოს წიწამურის ტყეში მოკლედ ილია. მკვლელობის დეტალები დღემდე გაურკვეველი და ბურუსით მოცულია. საკამათოა, ვის ან რაში სჭირდებოდა საქართველოსა და ქართველი ერის ქომაგის თავიდან მოშორება.

ილიას მკვლელობა ეროვნული მასშტაბის ტრაგედიად იქცა.

“მშვიდობით, ძმაო!

გარემოებამ გადაგვაბა ჩვენ ერთმანეთზე. ნახევარი საუკუნის განმავლობაში ერთს უღელს ვეწეოდით, ერთი გზით დავდიოდით. ახლა ჩემი მარტოდ დარჩენა, დაობლება ძნელია.

თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, მაშინ იმასთან ერთად შენც უკვდავი იქნები და თუ სასიკვდილოა, როგორც სურთ და ჰგონიათ, მაშინ ნეტავი შენ, რომ მაგ შენი სიკვდილით წინ უსწარ მის სიკვდილს და თვალით ვეღარ ნახავ!

მშვიდობით, ძმაო! საუკუნოდ იყოს ხსენება შენი!..” – ეს სიტყვები წარმოთქვა ილიას დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა.

„ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, ალბათ საქართველოსაც მოკლავდნენ“-  წერდა შემდგომი ვაჟა-ფშაველა.

ილია მართლის სახელით წმინდანად შერაცხული ილია ჭავჭავაძე მთაწმინდის პანთეონში განისვენებს.

მან სიცოცხლეშივე მოიპოვა მოწინავე ქართველი საზოგადოებრიობის საერთო აღიარება,  პატივისცემა და დაფასება.

ილიამ პირწმინდად შეასრულა მისივე სიტყვები: „ადამიანი იმისთვის კი არ არის გაჩენილი, რომ პური სჭამოს… არამედ პურს სჭამს იმისათვის, რომ კაცურ კაცად იცხოვროს და აცხოვროს თავისი შთამომავლობა… ქვეყანა ტაძარი  არაა, საცა ხალხი უნდა ილოცვიდეს, სახელოსნოა, საცა უნდა მუშაობდეს და ირჯებოდეს.“

 

სხვა სიახლეები

“მტკვარი ზოგჯერ მისი არღნის ხმით კვნესისო” – სატრფოს ქამრით შემოსილი ყარაჩოხელი ქალის ისტორია

Editor

“უთქმელი ამბები – სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების ისტორიები”

Editor

ჭაბუკების 11 მედალი ბელარუსიიდან

Editor

კომპანია “ასკანელის” ორმაგი ოქრო „SOMMELIERS CHOICE AWARDS 2020“- ზე

Editor

ქართველი მოცეკვავეების რეკორდი “ლა-სკალაში”

Editor

„რვაფეხას“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

Editor