სტრასბურგში აფხაზეთის საგუნდო კაპელას წარმატებული კონცერტი

7 ნოემბერს,  სტრასბურგში, „Temple Neuf“-ის ტაძარში თბილისის პოლიტიკურ სწავლებათა სკოლის ინიციატივითა და ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელას კონცერტი გაიმართა.

კონცერტზე შესრულდა აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელის, ზვიად ბოლქვაძის მიერ არანჟირებული ქართული და უცხოური კომპოზიციები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს, სტრასბურგისა და კელის მერიების, სტრასბურგში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ასევე, თბილისის პოლიტიკურ სწავლებათა სკოლის მსმენელები.

6 ნოემბერს კი, სტრასბურგში ევროპის საბჭოს სასახლეში კაპელამ და ჯგუფმა The Georgian Six დემოკრატიის მერვე მსოფლიო ფორუმი საზეიმოდ გახსნეს.

დემოკრატიის მერვე მსოფლიო ფორუმში 100-ზე მეტი ქვეყნის (მათ შორის ევროპის საბჭოს 47 წევრი და ექვსი დამკვირვებელი ქვეყნის) 2000-ზე მეტი წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. წარმოდგენა პირდაპირი ეთერით გადაიცემა მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები