,,არცერთი დღე არ მიცხოვრია მუსიკის გარეშე” – ქართველი ბარიტონის ამერიკული ცხოვრება

დედა ექიმია, მამა – აკადემიკოსი. ერთი დაჟინებით მოითხოვდა თეთრი ხალათი ჩაეცვა, მეორეს სურდა პროფესორი გამხდარიყო, მან კი ხელოვნება არჩია… მშობლების ხათრით პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარა, ისწავლა მეღვინეობა და წითელი დიპლომიც დაიმსახურა, თუმცა პროფესიით არასდროს უმუშავია.

გზამ სულ სხვაგან წაიყვანა…

ოკეანის გადაღმა ახლა დილაა, ჩვენთან მოსაღამოვდა. ზარი გადის, მალევე მპასუხობს და ხანგრძლივ საუბარს საქართველოთი ვიწყებთ…

ქართველი ბარიტონი, დავით ღვინიანიძე ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა. მშობლიურ ქალაქთან ახლო კონტაქტს დღემდე არ წყვეტს. მისი მეორე სახლი დღეს ნიუ-იორკია, სადაც წარმატებულ კარიერას აგრძელებს. განრიგი წლების მანძილზე, წინასწარ გაწერილია. ზუსტად იცის, რას გააკეთებს ხვალ. ხვალინდელ გეგმებში კი, კარიერაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი, მეორე მთავარი საქმეა – „მსოფლიო ტალანტები“. ფონდი, რომელიც წლებია, ეხმარება ნიჭიერ ახალგაზრდებს ტალანტის წარმოჩენაში. მისი ძირითადი მიზანი, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა. აშშ-ში არსებობს დავით ღვინიანიძის სახელობის კულტურის ცენტრიც, რომლის ანგარიშზეც არაერთი საინტერესო პროექტია.

– იმერეთში დაიბადეთ და გაიზარდეთ… ბავშვობის მოგონებიდან რა გახსოვთ ყველაზე მძაფრად?

– ლამაზი და ფერადი ბავშვობა მაქვს გატარებული ქუთაისში. მახსოვს, საოცარი სიყვარული ჩემი მშობლებისგან, ბებია-ბაბუებისგან. ერთი ბიჭი ვიყავი ოჯახში და მანებივრებდნენ. საოცრად მიყვარდა სოფელიც. როგორც კი არდადეგები იწყებოდა, მივეშურებოდი ბებოსკენ. მე საქართველოს ყველა კუთხე მიყვარს და გული შემტკივა, მაგრამ სულ მინდოდა გვერდში დავდგომოდი მშობლიურ ქალაქს, რომელიც დიდი კულტურული ტრადიციების მატარებელია და მინდოდა დამებრუნებინა მისთვის ძველი სახე. ბედნიერი ვარ, რომ კარგი პროექტები ვაჩუქე ქუთაისს (უამრავი ცნობილი მუსიკოსი სტუმრად ჩავიყვანე, ნიჭიერ ახალგაზრდებს ვუკვალავთ გზას)  და მომავალშიც არ დავაკლებ მცდელობას, რომ ასე გაგრძელდეს.

– თქვენ ბავშვობაში საესტრადო ჟანრით იყავით გატაცებული და სკოლის დასრულების შემდეგ დაუკავშირეთ ბედი საოპერო მიმართულებას. მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ…

– ყოველთვის ვცდილობდი, არ გამეშვა არცერთი შანსი, რასაც  ცხოვრებამ მაძლევდა. სკოლის პერიოდში, ვმღეროდი ჯაზ-როკ ანსამბლში ,,ალიონი“, ვსწავლობდი მუსიკალურ სასწავლებელში…  თუმცა არასდროს მიფიქრია, რომ კლასიკურ მუსიკას ავირჩევდი და საოპერო ხელოვნებას დავუკავშირებდი მომავალს. საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ,  გადავწყვიტე სერიოზულად მომეკიდებინა ხელი ამ სფეროსთვის. ჩავაბარე კონსერვატორიაში, სადაც უკვე მშობლების წინააღმდეგობას წავაწყდი. ისინი ორჭოფობდნენ, მათთვის წარმოუდგენელი იყო, საიდან შეიძლებოდა მქონოდა საოპერო მომღერლის ხმა და ნიჭი. კომპრომისზე მომიწია წასვლა: შევთანხმდით, რომ თავდაპირველად მივიღებდი განათლებას მათთვის სასურველ პროფესიაში (მეღვინეობის განხრით) და შემდეგ ჩავაბარებდი კონსერვატორიაში. სხვა გზა არ დავუტოვე –  ერთი წლის შემდეგ, დამრთეს ნება საოცნებო პროფესიაში მეცადა ბედი და ჩავაბარე კონსერვატორიაში. გამოგიტყდებით და ოდესღაც ექიმობაზეც ვოცნებობდი, მაგრამ ეს ბავშვობის ოცნებად დარჩა. მთავარი ოცნება კი ავიხდინე.

– ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეთ, რომ მთელი ბავშვობა შემოქმედებითი ძიების პერიოდი იყო. რა იყო მაშინ მთავარი სირთულე  თქვენთვის?

– ჩემს ცხოვრებაში მარტივად არაფერი მიმიღია. დიდი შრომის შედეგია ყველა ჩემი ნაბიჯი და წარმატება. რთულად ვიღებდი ყველაფერს, ზოგჯერ დაგვიანებულადაც კი. დასაწყისშივე მივხდი, სასურველის მისაღებად ძალიან ბევრი უნდა მეშრომა. როდესაც კონსერვატორიაში ვაბარებდი, ,,მეგობრულად“ მირჩიეს სხვა პროფესიით წავსულიყავი, რადგან ჩემში განსაკუთრებულ მონაცემებს ვერ ხედავდნენ. ერთი წლის შემდეგ, ზუსტად ის პედაგოგი ვინც რჩევა მომცა, აღნიშნავდა, რომ ჩემნაირი მოსწავლე არ ჰყოლია. ამას თავდაუზოგავი შრომით და მიზნისკენ სწრაფვით მივაღწიე. მებრძოლი ხასიათი ცხოვრების ყველა ეტაპზე, ყველა ნაბიჯზე დამეხმარა. დაბრკოლებები არ მაშინებს.

– და ასეთ დროს, ალბათ გამარჯვებებსაც სულ სხვანაირი გემო და ხიბლი აქვს…

– დიახ, ნამდვილად ასეა. უფრო ძლიერდები და გაათმაგებული ძალებით იბრძვი ახალი გამარჯვებისთვის. როდესაც ვამთავრებდი კონსერვატორიას, გადაწყვეტილი მქონდა კარიერის უცხოეთში გაგრძელება, ჩვენს ქვეყანაში ამ სფეროს დიდი ასპარეზი არ ჰქონდა. მივიღე მოწვევა და შესაძლებლობა მეცხოვრა ინგლისში, შვეიცარიაში ან რუსეთში, მაგრამ რადგან პირველად მიწევდა უცხოეთში გასვლა, გადავწყვიტე მეზობელი ქვეყნიდან დამეწყო. მქონდა ენის ბარიერიც… 2000 წლის 7 მაისს დავტოვე საქართველო და  გავეშურე რუსეთისკენ. როდესაც გამოვედი შესარჩევ კონკურსში ახალი საოპერო თეატრის სცენაზე (იყო ერმიტაჟის ბაღში), მეორე ნაწარმოების შესრულებისას, ჟიური ფეხზე წამომიდგა და ამ დღიდან დაიწყო ჩემი ნაბიჯები დიდ სცენაზე. ამის შემდეგ, გავხდი რუსეთის ერთ-ერთი საუკეთესო საოპერო თეატრის სოლისტი. კარგად მახსოვს იქაური მეგობრების რჩევა – ,,ეს ქალაქი (მოსკოვი) ან გადაგყლაპავს ან შენ გადაყლაპავ“. თვითონაც ვიცოდი მარტივი არ იქნებოდა მეგაპოლისში თავის დამკვიდრება, მით უფრო ხელოვნების სფეროში, მაგრამ თავი გავართვი. ეს იყო მოსამზადებელი პერიოდი უფრო დიდი წარმატებისკენ, რომელიც ნიუ-იორკში მელოდა…

– 3 წელია ცხოვრობთ და მოღვაწეობთ მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ ქალაქში, როგორია თქვენი ამერიკული ცხოვრება? ალბათ ძალიან დატვირთული, სწრაფი რიტმით… და აქვე გკითხავთ თუ გახდა თქვენთვის ამერიკა მეორე სამშობლო?

– თავდაპირველად, არ მინდოდა ასე შორს წასვლა. გასტროლებით მომიწია შტატებში გამგზავრება. მთელი გზა ვფიქრობდი, რა დამხვდებოდა ოკეანის გადაღმა… მაგრამ ეს ქვეყანა შემიყვარდა თვითმფრინავიდანვე – დავდგი თუ არა ფეხი მის მიწაზე (ვაშინგტონში ჩავფრინდი). მაშინ მივხვდი, რომ აუცილებლად მოვიდოდა დრო, როდესაც ამ ქვეყანაში საცხოვრებლად ჩამოვიდოდი და სწორედ აქ გავაგრძელებდი კარიერას. ეს დღე, 2016 წლის 20 მარტს დადგა. მიუხედავად იმისა, რომ მწვანე ბარათი ამერიკისგან 2008 წელს მივიღე როგორც წარმატებულმა მომღერალმა,  დრო მაინც დამჭირდა ახალი ნაბიჯისთვის. დღეს ჩემთვის ამერიკა ის ქვეყანაა, რომლის დატოვება ცოტა ხნითაც კი მიჭირს. საოცარი გრძნობა და ნოსტალგია მეუფლება ასეთ დროს. უზომოდ მენატრება საქართველოც, მაგრამ იმასაც ვაანალიზებ, რომ თავიდანვე რომ არ ამეწყო ჩემი კარიერა უცხოეთში, დღეს არ ვიქნებოდი ასეთი წარმატებული და ვერ შევძლებდი იმას, რასაც ჩემი სამშობლოსთვის ვაკეთებ. მაგალითად, შეიძლება არ ყოფილიყო საერთაშორისო საოპერო ფესტივალი ქუთაისში, პროექტი ,,გზა კარნეგი ჰოლისკენ“ და სხვა.

– სწორედ ამაზე მინდა გკითხოთ, თქვენ უამრავ საინტერესო პროექტს აკეთებთ სამშობლოსთვის და ეხმარებით ნიჭიერ, ახალგაზრდა მუსიკოსებს. როგორ გაჩნდა  ფონდ “მსოფლიო ტალანტების” დაარსების იდეა (კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია). დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ნიჭიერი ადამიანი იყრის თავს თქვენს ცენტრში, მათ შორის საქართველოდან.

– როდესაც ვცხოვრობდი საქართველოში და ვსწავლობდი ორ უნივერსიტეტში, პარალელურად ვმუშაობდი აჭარის ტელევიზიაში, ვიყავი ბათუმის საოპერო თეატრის სოლისტი, ქუთაისის ოპერის მსახიობი ასევე ქუთაისის ტელევიზიაში მიმყავდა გადაცემები, ვმუშაობდი პირველი არხისთვისაც, ვასწავლიდი მუსიკალურ სკოლაში, ვკითხულობდი ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში ლექციებს და მუსიკალურ ტექნიკუმში პედაგოგი ვიყავი – ამ ყველაფერს ერთმანთთან ვათავსებდი. ჩამოვედი მოსკოვში, გავხდი საოპერო თეატრის სოლისტი და მალევე მივხვდი, მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, მაინც მრჩებოდა დრო. გადავწყვიტე საქველმოქმედო პროექტებში მიმეღო მონაწილეობა. 2 წლის შემდეგ კი, გამიჩნდა იდეა, თავად შემექმნა საქველმოქმედო ფონდი. ,,მსოფლიო ტალანტები“ დღეს სამ ქვეყანას აერთიანებს: ფონდი თავდაპირველად დაარსდა რუსეთში, შემდეგ ამერიკაში და საქართველოში. უამრავი პროექტი განვახორციელეთ, ახლაც ძალიან საინტერესო ღონისძიებისთვის ვემზადებით.  ვმუშაობთ მესამე საერთაშორისო ვოკალისტების კონკურსზე (უკვე შემდგარი მუსიკოსების), რომელიც აშშ-ში ერთ-ერთ პრესტიჟულ კონკურსად იქცა. 100-ზე მეტი კონკურსანტი გვყავს, მათ შორის არიან მეტროპოლიტენის სოლისტები და სხვა წამყვანი ოპერის თეატრის მსახიობები. ამერიკულმა პრესამ ეს კონკურსი აღიარა საუკეთესოდ და ეს ჩემთვის საამაყოა. ვამაყობ, ჩვენს მიერ დაარსებული მსოფლიო ტალანტების  საერთაშორისო საშობაო ფესტივალით კარნეგი ჰოლში. მსოფლიოს პირველმა სცენამ, უამრავი წარმატებული პროექტის შემდეგ, მოგვცა საშუალება, კონკურსის დასახელებაში გამოგვეყენებინა მისი სახელი. ღონისძიების ფარგლებში, უამრავი სტუმარი ჩამოვა, მათ შორის საქართველოდან. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს, ჩვენი აღმოჩენა ალექსანდრე ზაზარაშვილი. სულ მალე ჰოლივუდში, რამდენიმე წარმატებულ შოუში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე დაუკრავს საბა მიქელაძეც, ჩვენი კონკურსის გამარჯვებული პიანისტი და კიდევ ბევრი კარგი მუსიკოსი, რომელსაც ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ შევინახავთ.

-,,გზა კარნეგი ჰოლისკენ“- ამ პროექტით განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ახალგაზრდებს უკვალავთ გზას მსოფლიო სცენისკენ. რა გრძნობაა, როდესაც თქვენი დახმარებით, უამრავი ახალგაზრდის ოცნება ხდება? ალბათ გახსენდებათ ის დრო, როცა თავად დგამდით პირველ ნაბიჯებს…

– კარგად მახსოვს ის პერიოდები, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის პატარა ბიძგიც კი, რომ წინ წავწეულიყავი. ეს ხშირად სანატრელი იყო. ამიტომ მე კარგად მესმის მსგავსი ფონდის მნიშვნელობა – ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, დავეხმაროთ ნიჭიერ ადამიანებს. მათ, ვინც ემსახურებიან კლასიკურ მუსიკას. ბევრ ქვეყანაში ვატარებთ კონკურსებს და ღონისძიებებს, მაგრამ ორმაგად სასიამოვნოა ჩემთვის, რომ საქართველოს ვაჩუქეთ ორი მნიშვნელოვანი პროექტი უკვე და გვაქვს კიდევ ბევრი გეგმა და იდეა, რომელსაც აუცილებლად შევასხამთ ფრთებს. გზა გაკვალულია, უამრავ ახალგაზრდას დავეხმარეთ და ეს გაგრძელდება სამომავლოდ.

მამუკა ჩაუშბასთან ერთად

– ცოტა ხნის წინ, ნიუ-ორკის ერთ–ერთ პრესტიჟულ საკონცერტო სივრცეში (Master Theater) გამართეთ სოლო კონცერტი, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სტუმრები… ამ კონცერტზე თქვენთან ერთად გამოვიდა აფხაზი კოლეგა მამუკა ჩაუშბაც. მანამდე აღნიშნეთ, რომ ეს იყო ხელოვანების გზავნილი იმის დასტურად, ყველაზე დიდი პოლიტიკა ქვეყნებს შორის, რომ სწორედ ხელოვნებაა.

– ეს იყო წარმატებული კონცერტი, რომელმაც ანშლაგით ჩაიარა, საუცხოო მონაწილეებით და დამსწრე საზოგადოებით. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია გვერდით დავიყენო ისეთი მუსიკოსი, როგორიც არის ჩვენი ძმა – მამუკა ჩაუშბა. ხელოვანების ყველაზე დიდი საქმე ხომ ის არის, რომ გავაერთიანოთ საქართველო ჩვენი შემოქმედებით. ჩვენი წილი აგური დავდოთ ამ საქმეში.

– როგორ ფიქრობთ იღბლიანი ხართ?

– ძალიან. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად სირთულეებს ვაწყდებოდი, არ მიყვარდა და არ მიყვარს ფარ-ხმლის დაყრა. შვილდოსანი ვარ და მართლაც ვისრი ისრებს მანამდე, სანამ მიზანს არ მივაღწევ. სასურველ წერტილამდე ყოველთვის მივდივარ. მე ბედნიერი ვარ, რომ არცერთი დღე არ მიცხოვრია მუსიკის გარეშე. თავდაპირველად მუსიკა ჩემთვის იყო ჰობი, რომელიც შემდგომ პროფესიად იქცა და დღეს უკვე არის ცხოვრების ნაწილი. როდესაც ჩვენი თანამემამულეები აქ ჩამოდიან, უამრავ სირთულეს აწყდებიან. უწევთ პროფესიაზე უარის თქმა და იმ საქმის კეთება, რაც მათთგან შორსაა. მადლობელი ვარ ცხოვრების, რომ ყველაფერს რასაც მივაღწიე, ჩემს პროფესიასთან კავშირშია.

– თქვენი განრიგი მუდმივად გაწერილია, რა არის უახლოეს გეგმებში?

უკრაინული „ვოისის“ გამარჯვებულთან, ალექსანდრე ზაზარაშვილთან

– წინ გველოდება დიდი კონკურსი ,,ამერიკული ისტორია“, რომლის გამარჯვებულებიც  შემდეგ წარსდგებიან ფესტივალზე კარნეგი ჰოლის სცენაზე. ჩატარდება საშობაო ფესტივალი მოსკოვშიც, ასევე ჩვენი ფონდის ეგიდით შალიაპინის სახელობის ფესტივალი და ველოდებით ჩვენი პროექტების წარმატებულ გაგრძელებას ჰოლივუდში გაზაფხულზე.  გარდა ამისა, გაზაფხულზევე მოხდება კიდევ ერთი კონკურსის ჩაშვება საქართველოში. ბედნიერი ვარ იმითაც, რომ ამერიკაში არსებობს ჩემი სახელობის კულტურის ცენტრი და მას მალე სხვადასხვა ქალაქებში შეემატება ფილიალები. ამაზე წლების წინ, ვერც ვიოცნებებდი, დღეს კი რეალობაა.

– რახან ოცნებებს შევეხეთ, აქვე გკითხავთ – არის ისეთი სურვილი ან ოცნება, რომლის ასრულებასაც ახლო მომავალში ელით? და მოდით ურჩიეთ მომავალ თაობასაც რა უნდა გააკეთონ, რომ მათი ოცნებებიც ახდეს?

– ცოტა პრაგმატული ვარ. კარიერაში ყველაფერი ისეა, როგორც ვისურვებდი ყოფილიყო… ალბათ უფრო პირადში შევცვლიდი – ეს შვილებს ეხება. ახალბედა მუსიკოსებს კი ვეტყოდი იმას, რასაც ჩემს თავს კარიერის დასაწყისში: თუ გინდა რომ წარმატებას მიაღწიო, არ უნდა დაკარგო სურვილი წინსვლის და დაყარო ფარ-ხმალი. გზა შეიძლება ეკლიანი იყოს, მაგრამ ის სწორად უნდა გაიარო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.