თურქეთში საქართველოს ელჩმა გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის ახლადაღმოჩენილი საძვალის ფოტოები გაავრცელა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა ერზერუმში გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის ახლად აღმოჩენილი საძვალისა და საფლავის ქვების ფოტოებს, სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი განცხადებით, საქართველო-თურქეთის საერთო კულტურული მემკვიდრეობა საზოგადოების დიდ დაინტერესებას გამოიწვევს.

,,ექსკლუზიურად ერზერუმიდან!

ბედნიერი ვარ, რომ საქართველოდან სწორედ მე მომიწია გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის, სულთან ალაედდინ ქეიქუბად II-ის ახლადაღმოჩენილი საძვალისა და საფლავის ქვების მონახულება. ასევე, ძალიან მახარებს ის ფაქტიც, რომ სამარხში აღმოჩენილი ძვლები უკვე გადაიგზავნა ექსპერტიზაზე.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-თურქეთის საერთო კულტურული მემკვიდრეობა საზოგადოების დიდ დაინტერესებას გამოიწვევს.“ –  წერს გიორგი ჯანჯღავა.

გურჯი ხათუნი (თამარი), თამარ მეფის შვილიშვილი (რუსუდან მეფის შვილი) სულთან ყაისედინ ქეი ხუსვე მეორეზე იყო დაქორწინებული.

13 წლის იყო, როცა სელჯუკთა სულთანს მიათხოვეს. ახალგაზრდა მბრძანებელს თავდავიწყებით შეუყვარდა ლამაზი მეუღლე, რომელსაც სიყვარულით “გურჯი-ხათუნი” შეარქვა.

თამარმა დიდი გავლენა მოიპოვა სულთნის კარზე. 1236 წელს მოჭრილ ფულზე სულთანმა სიმბოლურად ამოატვიფრინა მისი სახე. ამას ისლამის რჯული სასტიკად კრძალავდა, მაშინ მეფემ ხერხი იხმარა და ემბლემა შექმნა – მზე ლომის ზოდიაქოში. 1236 წელს მოჭრილ მონეტაზე ფაფარაშლილ ლომთან ერთად მზის დიკოში უმშვენიერესი ქალის სახე ამოატვიფრინა. აქედან იღებს სათავეს აღმოსავლეთში ცნობილი ემბლემა შირ-უ-ხირშიდ (ლომი და მზე), რომელიც შემდგომ სელჩუკის სხვა სულთნებმაც გამოიყენეს და მოგვიანებით სპარსეთშიც დამკვიდრდა.

გურჯი ხათუნს მუსლიმანურ სამეფოში წმინდანივით სცემდნენ თაყვანს  და ორი სამყაროს – მუსლიმანურისა და ქრისტიანულის დედოფალს უწოდებდნენ. სილამაზისა და გონიერების წყალობით ის სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.