მუსიკალური პროექტი Nostalgie გია ყანჩელს ეძღვნება

დღეს რუსთაველის თეატრში ქართველი კომპოზიტორის ენრი ლოლაშვილის რჩეული კომპოზიციები და კინომუსიკა დიდი მაესტროს, გია ყანჩელის სურვილითა და ინიციატივით შესრულდება. მუსიკალური პროექტი Nostalgie სწორედ  გია ყანჩელს მიეძღვნება.

„ენრი ლოლაშვილის პირველი საერთაშორისო წარმატება ნანა ჯორჯაძის ფილმს „ჩემი ინგლისელი პაპა“ უკავშირდება. ფილმმა კანის კინოფესტივალზე „ოქროს კამერა“ დაიმსახურა. მუსიკა განსაკუთრებულად აღინიშნა და ქართველი კომპოზიტორი 1987 წლიდან საფრანგეთში ახალ ფილმებზე სამუშაოდ მიიწვიეს.

ნანა ჯორჯაძის ფილმში ენრიმ პირველად ითანამშრომლა ძმასთან – ჟანრი ლოლაშვილთან, რომელიც ერთ-ერთ მთავარ გმირს განასახიერებდა.

ენრი ლოლაშვილს ეკუთვნის მუსიკა ქართული და უცხოური ფილმებისთვის: მიხეილ ჭიაურელის „ჭიდაობას რა უნდა“, „რასპუტინი“ ჟერარ დეპარდიეს მონაწილეობით, პოპულარული სერიალი „ლიკვიდაცია“, „ძმები კარამაზოვები“, ფრანგული ფილმი „აღსარება უცნობთან“, გრიგორ ჩხარტიშვილის „სახელმწიფო მდივანი“ და სხვა”.

ორგანიზატორების ინფორმაციით, სცენაზე დამონტაჟებულ ეკრანზე სიმფონიური ორკესტრის მიერ შესრულებული ნაწარმოებების პარალელურად, ნაჩვენები იქნება ეპიზოდები კინოფილმებიდან.

პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. სცენარისტი და რეჟისორია – თეონა ჯორბენაძე; მონაწილეობენ: ლიზა ბაგრატიონი, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, სანდრო ნებიერიძე, ოთო ნემსაძე, პაპუნა შარიქაძე, დავით ჯაფარიძე, ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, ლევან კემულარია, წმინდა სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი, ხელმძღვანელი: სვიმონ ჯანგულაშვილი, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, ხელმძღვანელი: ზვიად ბოლქვაძე, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი დირიჟორი – პაატა ცეცხლაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები