„საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
2019 წლის 31 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იწყებს „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას.
„საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამა საშუალებას აძლევს, საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს, ერთწლიანი მანდატით, გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ და ხელი შეუწყონ საქართველოს პოპულარიზაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში.
„ახალგაზრდა ელჩების“ მთავარი ამოცანაა კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების განხორციელების საშუალებით, ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ და საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის გაფართოება.
,,პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ავსტრიის რესპუბლიკაში; აზერბაიჯანში; ამერიკის შეერთებულ შტატებში; ბელარუსში; ბელგიის სამეფოში; ბულგარეთში; გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; დანიაში; დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოში; ესპანეთის სამეფოში; ესტონეთში; თურქეთის რესპუბლიკაში; იაპონიაში; ირლანდიაში; ისრაელის სახელმწიფოში; იტალიის რესპუბლიკაში; კანადაში; კვიპროსზე; კორეაში; ლატვიაში; ლიეტუვაში; მალტაზე; მოლდოვაში; ნიდერლანდების სამეფოში; ნორვეგიაში; პოლონეთის რესპუბლიკაში; საბერძნეთის რესპუბლიკაში; საფრანგეთის რესპუბლიკაში; უკრაინაში; უნგრეთში; ფინეთში; შვეიცარიაში; შვედეთის სამეფოში; ჩინეთში; ჩეხეთის რესპუბლიკაში მოღვაწე 18-დან 29-წლამდე საქართველოს მოქალაქეებს.
კონკურსის შედეგად შერჩეული „ახალგაზრდა ელჩების“ მონაწილეობით, საქართველოში გაიმართება, ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი, რომლის ფარგლებშიც „ახალგაზრდა ელჩები“ წარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებსა და ერთი წლის სამოქმედო გეგმას. ასევე, შეხვდებიან კულტურის, პოლიტიკის, ეკონომიკის, დიპლომატიური და სხვა სექტორების წარმომადგენლებს“ – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.