იოსებ ნანობაშვილი თესალონიკში ქართულ დიასპორას შეხვდა
საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი ქალაქ თესალონიკს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
იოსებ ნანობაშვილმა საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, ბოლო წლების განმავლობაში საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ გაწეული საქმიანობის, მიღწეული შედეგების, არსებული პრობლემებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. მან ისაუბრა საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მზარდ დინამიკაზე.
ელჩმა აღნიშნა, რომ საბერძნეთში ქართულ ემიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება რჩება საბერძნეთში საქართველოს საელჩოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებად, რაც მოიცავს როგორც საქართველოს მოქალაქეებისათვის ხარისხიანი საკონსულო საქმიანობის მიწოდებას, ასევე მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილი ემიგრაციული პრობლემების გადაჭრაში ხელშესახები პროგრესის მიღწევას.
ელჩმა ასევე ისაუბრა, ათენის 50-ე და 150-ე საჯარო სკოლებში ქართული ენის შესწავლის პროექტის მიმდინარეობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს საელჩო გააგრძელებს მუშაობას ქართული ენის შესწავლის პროგრამის საბერძნეთის სხვა საჯარო სკოლებში დანერგვასთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნულ პროექტს სულ უფრო მეტი ქართველი ბავშვი უერთდება.
ქართული დიასპორის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა მუხრან გულაღაშვილმაც და მიაწოდა ინფორმაცია 2019 წლის 1 ნოემბრიდან დაკარგული პასპორტის შეცვლის ახალი რეგულაციების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია, სადაც ქართველმა ემიგრანტებმა არსებულ პრობლემებზე და მათ გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.