აშშ-ში საერთაშორისო გამოფენაზე ქვევრის ღვინოს ეცნობიან

ქვევრის ღვინის მწარმოებელები აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში მიმდინარე ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში ,,RAW Wine” (The Artisan Wine Fair) მონაწილეობენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით,  მიმდინარე წელს, საქართველოდან გამოფენაში ღვინის ათი მარანია წარმოდგენილი. ქართველი მეღვინეების განცხადებით, გამოფენა წარმატებით მიმდინარეობს და ქართული ღვინის მიმართ დიდი ინტერესია როგორც პროფესიონალების, ისე მომხმარებლების მხრიდან.

სააგენტოს განცხადებით, პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და  ექსპორტის ზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს ქვეყანა წარმოადგენს ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს, სადაც მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია ნახევარ მილიონზე მეტი  ბოთლი  ღვინო, რაც 60%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

გამოფენა ,,RAW Wine”  ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება აქვთ ასევე გაეცნონ ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებს,  მის კულტურასა და ისტორიას.

ნიუ-იორკის გამოფენის მონაწილე კომპანიები, 3-4 ნოემბერს ასევე წარმოდგენილი იქნებიან ქალაქ ლოს-ანჯელესში, ამავე ფორმატის გამოფენაზე  ,,RAW Wine LA”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები