ათენში ემიგრანტი ბავშვებისთვის ქართული ფოლკლორის თეორიული გაკვეთილები ჩატარდება
ათენის ქართული ინსტიტუტისა და კულტურის ცენტრ „კავკასიას” სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, შემეცნებითი ლექცია-შეხვედრა გაიმართა ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლ „კავკასიას“ სტუდიების აღსაზრდელებთან და მათ მშობლებთან.
შეხვედრას, რომელიც ორ ჯგუფად მიმდინარეობდა, უძღვებოდნენ ათენის ცნობილი პროფესიონალი ქორეოგრაფები – ეკა გიგოლაშვილი და შოთა ცქვიტიშვილი.
,,ამით საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთ სასარგებლო და საჭირო ტრადიციას უცხოეთის ქართულ დიასპორაში, კერძოდ, ქართული ცეკვისა და სიმღერის პრაქტიკული გაკვეთილების გარდა, ემიგრანტი ბავშვები, სავალდებულო პროგრამის ფარგლებში, თვეში ერთხელ გაეცნობიან ქართული ფოლკლორის თეორიულ მხარესაც, მოისმენენ საუბრებს და ნახავენ საილუსტრაციო მასალას, ჩვენი დიდებული ფოლკლორის ისტორიისა და განვითარების შესახებ“- ნათქვამია ათენის კულტურის ცენტრ „კავკასიას” განცხადებაში.
ამჯერად საუბრის თემა იყო საზეიმო და რიტუალური „ცეკვა ქართული“, რომელიც, როგორც დედა “ქართული ენა” მთელი საქართველოს კუთვნილებაა და კუთხურობა არ გააჩნია. ის მთელს საქართველოში დაახლოებით ერთნაირად სრულდებოდა და სრულდება დღესაც.
შეხვედრა და თეორიული ლექცია ქართული ფოლკლორის შესახებ, საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა როგორც ბავშვებისთვის, ასევე მშობლებისთვის.