გზა ოქსფორდიდან „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანებამდე“ – WUGS-ის ენთუზიაზმით დაწყებული საქმე

2013 წელს, ბრიუსელში პირველი ქართული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანება“ (WUGS) დარეგისტრირდა. ორგანიზაცია მთლიანად სტუდენტურ საწყისებზეა აგებული და ზუსტად პასუხობს იდეას: „სტუდენტები სტუდენტებისთვის“, თუმცა მიზანი, მხოლოდ სტუდენტების დახმარება არ ყოფილა, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საზღვარგარეთ არსებული ქართული სტუდენტური კერების კოორდინაციასა და გაძლიერებაში და საქართველოს პოპულარიზაციაში.

ორგანიზაციის დაფუძნების ისტორიაზე და სამომავლო გეგმებზე ,,ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების“ დამფუძნებელს ნინო შარაშიძეს ვესაუბრეთ.

– „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანება“ (WUGS) საზღვარგარეთ ქართული სტუდენტური კერების კოორდინაციისა და გაძლიერების მიზნით 2012 წელს დააფუძნეთ, რა იყო ამ ორგანიზაციის შექმნის წინაპირობა?

– ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანება ერთ დღეში არ შექმნილა, ეს იყო საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი. დაფუძნების წინაპირობას წარმოადგენდა ქართული სტუდენტური კერების გახსნა სხვადასხვა ქვეყანაში, რაც უკვე ნიშნავდა იმას, რომ ქართველი სტუდენტები საკმაო რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილნი უცხოეთში და მათ ჰქონდათ სურვილი გარკვეული წვლილი შეეტანათ საქართველოს პოპულარიზაციაში და ასევე, დახმარებოდნენ ერთმანეთს (ახალჩამოსულ სტუდენტებს) ადაპტაციის გავლასა, თუ სხვადასხვა სტუდენტური და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაში.

ზემოთ აღნიშნულ პროცესებში, თავიდანვე ვიყავი ჩართული და ყოველთვის მჯეროდა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია საქართველოსთვის რაღაცის გაკეთება, ერთად კი უფრო მეტს შევძლებდით. შესაბამისად, თუ ჩვენ ამას მივცემდით ორგანიზაციის სახეს, ფართო შესაძლებლობები იხსნებოდა, რადგან პირველ რიგში, ინსტიტუტებს უფრო მეტი ნდობა და აღიარება აქვთ დასავლეთში, ვიდრე პერსონებს, და მეორეც, თუ ვისწრაფვით მდგარდი განვითარებისკენ, აუცილებელია გაძლიერება მოხდეს ინსტიტუციურ დონეზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ.

– როგორ გაჩნდა პირველი ქართული სტუდენტური კერები საზღვარგარეთ?

– მოგეხსენებათ, ევროპის უნივერსიტეტებში არსებობს სტუდენტური კლუბებისა და საზოგადოებების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია და კულტურა, მათ შორის ნაციონალური კლუბები, რომლის შექმნაც ნებისმიერი ეროვნების სტუდენტებს შეუძლიათ, თავიანთი ქვეყნისა და კულტურის პოპულარიზაციისათვის. ასეთ გაერთიანებებს ხშირ შემთხვევაში დიდი მხარდაჭერა აქვთ საკუთარი ქვეყნიდან, რადგან ისინი სახალხო/კულტურული დიპლომატიის მნიშვნელოვან კერად მიიჩნევა, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ეს ასე არ ხდება, რადგან ამ საკითხის მიმართ არც მაშინ არსებობდა და დღემდე არ არსებობს სახელმწიფო ხედვა და სტრატეგია. შესაბამისად, ხანდახან გამოჩნდებიან ხოლმე გულანთებული ახალგაზრდები, გაერთიანდებიან, შექმნიან არაფორმალურ ჯგუფებს ან დაარეგისტრირებენ ორგანიზაციებს, აკეთებენ კეთილშობილურ და ეროვნულ საქმეს, მაგრამ მხარდაჭერის ნაკლებობის გამო, დროთა განმავლობაში აქტიურობა ან სუსტდება, ან საერთოდ წყდება.

რაც შეეხება, პირველ ქართულ სტუდენტურ კერებს, სიმბოლურია, რომ პირველი ქართული სტუდენტური საზოგადოება დიდ ბრიტანეთში – ოქსფორდში დაფუძნდა, ეს გაერთიანება 2010 წლის თებერვალში დაარეგისტრირა ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტმა (ამჟამად დიპლომატი) ირაკლი როგავამ, თუმცა რადგან მისი სასწავლო პროგრამა სრულდებოდა, ეს საქმე გადააბარა მაშინდელ დოქტორანტს (ამჟამად თავისუფალი უნივერსიტეტის დეკანი) ნიკოლოზ ალექსიძეს. 2010 წლის შემოდგომაზე, კი მოხდა ჩემი არჩევა საზოგადოების წევრების მიერ და მას შემდეგ ორგანიზაციას ორი წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი.  ამ ხნის განმავლობაში, გუნდთან ერთად 30-მდე ღონისძიება და აქტივობა განვახორციელეთ, მათ შორის: ქართული საღამოები, ფილმის ჩვენებები, ღვინის დეგუსტაციები, გამოფენები, ლექცია-დისკუსიები საქართველოზე და ა.შ.  ამ ყველაფერს ვახერხებდით სწავლის პარალელურად, მხოლოდ ჩვენი ენთუზიაზმით, ამიტომ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ის ადამიანები, რომლებიც ამ პერიოდში სწავლობდნენ ოქსფორდში და გვერდში ედგნენ ოქსფორდის ქართულ საზოგადოებას: თამარ კვანტალიანი, ლევან დანელია, ნატა ტერეხოვა, მიხეილ ნადარეიშვილი, მარიამ ხოხობაია, მარი ელიაძე და ჯეფრი გოსბი.

გარდა იმ ღონისძიებებისა, რომლებიც განვახორციელეთ, მნიშვნელოვანი იყო ოფიციალური მხარის მოწესრიგება, რადგან ოქსფორდის უნივერსიტეტს ამ მხრივ საკმაოდ მკაცრი წესები აქვს. საზოგადოებამ მუდმივად უნდა განაახლოს რეგისტრაცია, იმისათვის რომ დარჩეს მოქმედ ორგანიზაციად და თავიდან დაფუძნება არ გახდეს საჭირო, რაც ერთხელ უკვე მოგვიწია, რადგან, როგორც მოგვიანებით გაირკვა ოქსფორდის ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ 2003 წელს არსებობდა – რეგისტრირებული გიორგი გიგაურის მიერ, თუმცა რადგან აღნიშნული საზოგადოების რეგისტრაციის განახლება აღარ მომხდარა, ამიტომ საჭირო გახდა ორგანიზაციის თავიდან დაფუძნება. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი საზოგადოების სარეგისტრაციო დოკუმენტის მუდმივ განახლებას და იმას, რომ საზოგადოებას მინიჭებოდა შემდეგი სახელი – „ოქსფორდის უნივერსიტეტის ქართული საზოგადოება“ (Oxford University Georgian Society), რაც ადვილი არ ყოფილა, რადგან ამ სახელის მინიჭება კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაშია შესაძლებელი და ბევრ პროცედურასთან არის დაკავშირებული. მოხარული ვარ, რომ ეს ყველაფერი შევძელით და საზოგადოება დღემდე ფუნქციონირებს. ჩემი წამოსვლის შემდეგ, საზოგადოებას სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ: მერაბ ჩხენკელი, თათია ჩიხლაძე, სანდრო სეხნიაშვილი და ლიანა ჯაფარიძე (დღემდე). ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს.

– როგორი იყო გზა ოქსფორდიდან „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანება“-მდე?

– დიასპორის სახელმწიფო მინისტრის აპარატი ხელს გვიწყობდა, რომ ინფორმაცია ოქსფორდის საზოგადოების შესახებ მაქსიმალურად გავრცელებულიყო, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს შეიძლებოდა გამხდარიყო მაგალითი სხვებისთვის. მართლაც, მომდევნო წლებში, არაერთი ასეთი გაერთიანების მომსწრე გავხდით, მათ შორის: ბრიტანეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, ჩეხეთში, საბერძნეთში, ლატვიაში, პოლონეთში (ეს უკანასკნელი დაახლოებით ორი წლის წინ შეიქმნა არაფორმალური ფეისბუქ ჯგუფის სახით – ეკა ბერუაშვილის, მარიამ მერაბიშვილის, თამარ ლორთქიფანიძის და სხვათა თაოსნობით და დიდ საქმეს აკეთებს იქ მცხოვრები ქართველი სტუდენტებისათვის) და სხვა. მე არ ვიცი, რამდენად ვიყავით ჩვენ თითოეული საზოგადოების დამფუძნებელთა ინსპირაცია, მაგრამ ფაქტია სხვადასხვა საშუალებებით ინფორმაციის გავრცელებამ და წარმატების მაგალითმა ოქსფორდიდან, დადებითად იმოქმედა ამ საქმის კიდევ უფრო გაფართოებასა და გავრცელებაში მსოფლიო მასშტაბით.

იმ რწმენით, რომ ერთად უფრო მეტს შევძლებდით, ვფიქრობდი, რომ აუცილებელი იყო ამ გაერთიანებების ერთმანეთში კოორდინირება და საერთო პროექტების განხორციელება ერთი ქოლგის, ერთი ორგანიზაციის ქვეშ. სწორედ ამიტომ, 2011 წლის 7 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოვაწყვე ღონისძიება, სადაც ყველა არსებული საზოგადოების წარმომადგენელს მიეცა შესაძლებლობა ესაუბრა საკუთარ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე. ღონისძიების დასასრულს, კი წარვადგინე იდეა „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების“ შექმნის შესახებ. იდეამ საყოველთაო მოწონება დაიმსახურა, გამოჩნდნენ თანამოაზრეები და დავიწყეთ მუშაობა ორგანიზაციის ხედვაზე, სტრატეგიაზე, სამოქმედო გეგმაზე, პარალელურად ოფიციალური სახის მიცემაზე, რადგან ეს საზოგადოება უნდა დარეგისტრირებულიყო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსით, რაც ზუსტად ასახავდა ჩვენი საქმიანობის მასშტაბებს. რეგისტრაცია გადაწყდა ბრიუსელში, რადგან იმ დროს ვსწავლობდი ბრიუსელში და შემეძლო ამ საკითხების მოგვარება. ასევე, რა თქმა უნდა, აღნიშნული ქალაქი შერჩეულ იქნა მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, რომელიც ევროპის ცენტრია, ამიტომ ვფიქრობდით, რომ ეს იქნებოდა საუკეთესო ლოკაცია, თანაც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების უფლება ყველა ქვეყანას არ გააჩნია. ყველა ეს პირობა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ WUGS-ის შტაბ-ბინა ყოფილიყო ბრიუსელში.

როდესაც ვსაუბრობთ WUGS-ის დაფუძნებაზე, აუცილებელად უნდა აღვნიშნო ის ადამიანები, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვით ორგანიზაციის დაფუძნებასა, თუ გაძლიერებაში: მიხეილ ნადარეიშვილი და მარიამ ხოხობაია, რომლებიც აქამდეც ვახსენე ოქსფორდის ქართულ საზოგადოებაში შეტანილი წვლილისათვის, თამარ ბიჭაშვილი (ბრიუსელი, თამარმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ორგანიზაციის რეგისტრაციის საქმეში), ანრი გუგეშაშვილი (ორგანიზაციის ვიცე-თავმჯდომარე, რომელიც ჩართული იყო WUGS-ის თითქმის ყველა პროექტსა და აქტივობაში), თამთა ხონელიძე, ნიკა მეშველიანი (ლონდონი, UCL-ის ქართული საზოგადოება), ლაშა ნავერიანი (ჩეხეთის ქართველ სტუდენტთა გაერთიანება), გიგა აბუსერიძე (ლატვიის ქართველ  სტუდენტთა გაერთიანება), ანა იოსელიანი, შოთა ცაკაშვილი, ლევან თედიაშვილი, მეკო იორაიშვილი, ანასტასია ჯაფარიძე, ქეთევან კარბაია და ინა ქათამაძე.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მეუფე დოსითეს, რომელმაც გამოგვიყო სივრცე შეხვედრებისა, თუ ღონისძიებებისთვის ბრიუსელში და დღესაც, მუდამ ვგრძნობთ მის მხარდაჭერასა და გვერდში დგომას. კიდევ იყვნენ ადამიანები, ვინც სხვადასხვა აქტივობებში გვერდში დაგვიდგნენ, თუმცა ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა ორგანიზაციას – ფინანსური რესურსები, ჩვენ არ გვქონია, ამიტომ რეალურად ჩვენით ვფარავდით ორგანიზაციის ოპერირებისთვის საჭირო ხარჯებს, რამაც ორგანიზაცია შეაფერხა და გაართულა გუნდში ახალი წევრების მიღების საკითხი. ფინანსების არქონა იყო დამაბრკოლებელი საზღვარგარეთ ქართული სტუდენტური საზოგადოებების კოორდინირების საქმეშიც, რადგან ელემენტარულად საჭირო იყო წელიწადში ერთხელ მაინც მოგვეწყო გაერთიანებული კონგრესი, სადაც ყველა ამ საზოგადოების წარმომადგენელი მოიყრიდა თავს, ერთმანეთის უკეთ გაცნობისა და საერთო პროექტების დაგეგმვის მიზნით, ჩვენ კი ამის ფინანსური რესურსი არ გაგვაჩნდა.

– მიუხედავად ფინანსების არ ქონისა, WUGS–მა არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა, რომელია ის პროექტები რომლებიც განსაკუთრებით გეამაყებათ?

– ფინანსების არქონა იყო, როგორც გამოწვევა, ისე შესაძლებლობა განგვეხორციელებინა ისეთი პროექტები, რომლებიც რეალურ შედეგზე იქნებოდა ორიენტირებული და გარკვეულ ცვლილებას მოიტანდა. ამის ნათელი მაგალითია „დიასპორული სტაჟირების“ პროექტი, რომელიც ზედიზედ 5 ზაფხულის განმავლობაში განხორციელდა და მასში მონაწილეობა მიიღო 500-მდე სტუდენტმა მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. აღნიშნული პროექტის მთავარი მიზანი იყო იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც უცხოეთში გაიზარდნენ და საქართველოში მხოლოდ დასვენების პერიოდში ჩამოდიოდნენ ნათესავების მოსანახულებლად და ასევე მათთვის, ვინც რამდენიმე წლით იყვნენ სასწავლებლად წასული და ფიქრობდნენ საქართველოში დაბრუნებულიყვნენ, თუ საზღვარგარეთ აეწყოთ კარიერა, მიგვეცა საშუალება გაევლოთ ერთთვიანი ინტენსიური სტაჟირება საჯარო სექტორში, შეხვედროდნენ სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელ პირებს და უშუალოდ ჰქონოდათ შეხება საქართველოს სამუშაო გარემოსთან. ზოგიერთ მონაწილეს პროექტის დასრულების შემდეგ ხელშეკრულებაც კი გაუფორმდა და იქვე დასაქმდნენ, რაც განსაკუთრებით გვეამაყებოდა თითოეულ ჩვენგანს. ვმუშაობდით იმაზეც, რომ პრემიერის ბრძანებით/დადგენილებით, ყველა უწყებისათვის სავალდებულო გამხდარიყო ასეთი სტუდენტებისთვის ზაფხულში ერთთვიან სტაჟირებაზე კონკურსი, თუმცა სამთავრობო ცვლილებების გამო ეს საკითხი ჯერაც არ არის მოგვარებული.

არაერთი ღონისძიება ჩავატარეთ უცხოეთში განათლების მიღების მსურველთათვის, კონფერენციების, ვორქშოპების, თუ ფეისბუქ ლაივების მეშვეობით. ასევე მეამაყება ახალგაზრდული მისიები ევროკავშირსა და ნატოში, რადგან იმ დროს როცა ყველაზე აქტიური იყო ევროინტეგრაციის საკითხები 2014-2015 წლებში, ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ვხვდებოდით ევროპარლამენტარებს, ევროკომისარებს, ევროინსტიტუტების და ნატოს წარმომადგენლებს, ფაქტობრივად არ დაგვიტოვებია არცერთი ევროინსტიტუცია ბრიუსელში, ლუქსემბურგში, ჰააგასა და სტრასბურგში, სადაც ქართველი ახალგაზრდების ხმა არ გავაჟღერეთ, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ და ამას ყოველთვის დადებითად ხვდებოდნენ ევროკავშირსა და ნატოში. ეს იყო, როგორც ეროვნული მნიშვნელობის პროექტი, ისე კარიერული მნიშვნელობის სასწავლო ვიზიტები ქართველი სტუდენტებისთვის თბილისისა და ბათუმის უნივერსიტეტებიდან. მოხარული ვარ, რომ ამ საკითხშიც მაგალითი აღმოვჩნდით სხვა ორგანიზაციებისთვის და დღეს ისინი აგრძელებენ მსგავსი ტიპის ვიზიტებს.

და ბოლოს, უნდა აღვნიშნო WUGS-ის ორი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლებიც სულ ახლახანს განხორციელდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ეს არის უცხოეთში საქართველოს დიპლომატიურ მისიებში სტაჟირებისა და დიასპორული პროექტების დაფინანსების საკითხი. საქართველოს დიპლომატიურ მისიებში სტაჟირების საკითხი იყო მოუწესრიგებელი და პრობლემური, ბევრი სტუდენტი აღნიშნავდა რომ საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში მათ სურდათ საქართველოს საელჩოებში სტაჟირების გავლა, თუმცა არ არსებობდა კონკრეტული პროცედურები და ხშირად ელჩის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული აიყვანდა რომელიმე სტუდენტს სტაჟირებაზე, თუ არა. ჩვენ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ავუხსენით ამ საკითხის მნიშვნელობა, რამდენჯერმე დავაყენეთ ეს საკითხი და დაახლოებით ერთი წელია, რაც მოწესრიგდა. უკვე სამინისტროს საიტზე იდება სპეციალური ვაკანსიები საელჩოებში სტაჟირების მსურველთათვის, რაც ძალიან მისასალმებელია. რაც შეეხება დიასპორული პროექტების დაფინანსების საკითხს, იმ დროისთვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართულ დიასპორაში აფინანსებდა მხოლოდ ერთ პროექტს კონკრეტულ სეგმენტზე, რომელსაც თავადვე კურირებდა. მაშინ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ აუცილებელია პასუხი გასცეს სახელმწიფომ, რატომ არ აფინანსებს დიასპორულ ორგანიზაციებს, ცეკვისა თუ სიმღერის ანსამბლებს, საკვირაო სკოლებსა, თუ კერძო ინიციატივებს, რომელიც ასევე საქართველოს პოპულარიზაციას ემსახურება და აფინანსებს მხოლოდ ერთ, თავის პროექტს. სამინისტრომ მიიღო ეს წინადადება და დაიწყო დიასპორული პროექტების დაფინანსება გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში, თუმცა ვფიქრობ, ბევრი რამ კიდევ დასახვეწია, პირველ რიგში აუცილებელია ინფორმაციის მასშტაბური გავრცელება და რა თქმა უნდა პროცესის გამჭვირვალობა. კარგი იქნება, თუ დიასპორის წარმომადგენლები თავად აირჩევენ, რა პროექტია უფრო ღირებული და რომლის დაფინანსება უნდა მოხდეს სახელმწიფოსგან.

– ბოლოს, რომ გვითხრათ, როგორ გესახებათ  WUGS-ის მომავალი და როგორ ხედავთ მთავრობის ჩართულობას ამ საკითხში?

WUGS-ის მთავარი პრინციპი იყო, რომ თუ სახელმწიფოს არ შეუძლია შეაჩეროს „ტვინების“ გადინება ქვეყნიდან, ის მაინც უნდა შეძლოს, რომ ეს ახალგაზრდები სხვადასხვა პროექტების, თუ გაერთიანებების მეშვეობით მუდმივ კავშირში იყვნენ საქართველოსთან, რომ როცა ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, ასეთ ახალგაზრდებს გზა გაუხსნას, ამისათვის ხიდი წინასწარ უნდა იყოს აშენებული, რომ მერე ეს არ გახდეს დამაბრკოლებელი ფაქტორი. ეს უნდა იყოს ორმხრივი პროცესი, როგორც სახელმწიფოსგან, ისე ახალგაზრდებისგან. ახალგაზრდებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათ აქვთ უზარმაზარი რესურსი და თუ სახელმწიფოსგან არ იქნება ინიციატივა, თავად უნდა იბრძოლონ ამისათვის, ადრე თუ გვიან შედეგი ყოველთვის დგება და შემდეგ, ისინი ძალიან იამაყებენ ამით. ყოველთვის მჯეროდა, რომ ქართველი სადაც არ უნდა იყოს, ყველგან უნდა ემსახურებოდეს საქართველოს. ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს ახლა ძალიან ვჭირდებით, ერთიანი ძალისხმევით, კი ყველაფერს შევცვლით უკეთესობისკენ.

რაც შეეხება WUGS-ის სამომავლო გეგმებს, ჩვენ ველოდებით ახალგაზრდებს, ვინც იზიარებს WUGS-ის მიზნებს და ხედვებს და მზად არის საკუთარი დრო და ენერგია ამ საქმეს მოახმაროს, რაც ნებისმიერისთვის უნიკალური გამოცდილება, საჭირო უნარებით შევსება და დიდი თავგადასავალი იქნება. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ უბრალოდ მოგვწერონ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე – „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანება“ და ჩვენ მათ აუცილებლად გამოვეხმაურებით. იმედი გვაქვს, რომ ბევრი გულანთებული ახალგაზრდა შემოგვიერთდება, წარმატებული პროექტები გაგრძელდება და კიდევ დაემატება მიმდინარე გამოწვევებზე მორგებული ახალი ღონისძიებები და აქტივობები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.