დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურა იცვლება. შესაბამისი ცვლილებები იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში #98, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესს არეგულირებს, 1-ლი ნოემბრიდან შევა ძალაში.
ახალი რეგულაციების მიზანი დაკარგული და გაუქმებული დოკუმენტების ბოროტად გამოყენების პრევენციაა.
საკანონმდებლო სიახლე, ერთი მხრივ, იცავს საქართველოს მოქალაქეებს დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში მათი პირადი მონაცემების არაკეთილსინდისიერი გამოყენებისაგან, მეორე მხრივ კი მიმართულია საქართველოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვრის – ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნებისაკენ, რასაც უკანონოდ, სხვისი დოკუმენტით საზღვრის კვეთამ ან კიდევ ევროპულ სივრცეში რამდენიმე პასპორტით მოძრაობამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას.
ცვლილებების თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამართალდაცავ უწყებას ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს და მიიღოს მათგან პასპორტის დაკარგვის (ან მოპარვის) შესახებ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა, რომელიც, კანონით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარადგინოს ახალი დოკუმენტის მისაღებად. აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ აღებულ ამ ტიპის ცნობას ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება არ დასჭირდება.
ახალი პასპორტის ასაღებად პასპორტის დაკარგვის (ან მოპარვის) შესახებ საჩივრის ჩაბარების ცნობა, სხვა დოკუმენტებთან ერთად, საქართველოში მყოფმა მოქალაქემ უნდა წარადგინოს სერვისების განვითარების სააგენტოში, საზოგადოებრივ ცენტრებში ან იუსტიციის სახლებში, საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ კი – საქართველოს საელჩოში ან საკონსულოში.
მოქალაქის მიერ შესაბამისი საბუთების ჩაბარების შემდეგ სერვისების განვითარების სააგენტო გააუქმებს დაკარგულ (მოპარულ) პასპორტს, მისი გაუქმების შესახებ პერსონალური მონაცემების სტანდარტის დაცვით ინფორმაციას მიაწვდის ინტერპოლს და მოქალაქეზე გასცემს ახალ პასპორტს.
ახალი რეგულაციები არ გავრცელდება პირველ ნოემბრამდე შეტანილ განცხადებებზე.