გურჯაანი ყველისა და კულინარიის ფესტივალს უმასპინძლებს

გურჯაანი ყველისა და კულინარიის ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. ფესტივალი ახტალის პარკში 26 ოქტომბერს გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ ყველის ნაირსახეობები, არამედ კერძები, რომლებშიც ყველი მთავარი ინგრედიენტია. საქართველოში ამჟამად ოფიციალურად დარეგისტრირებულია ყველის 14 სახეობა.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება აგროპროდუქციის გამოფენა – მასტერკლასები ყველის კერძების მომზადებაში, რასაც როგორც ქართველი, ისე უცხოელი შეფ-მზარეულები გაუძღვებიან. ფესტივალზე დაგეგმილია, ჩურჩხელისა და ხინკლის მომზადების კონკურსის ჩატარება. ასევე, ცალკე სივრცე დაეთმობა კახურ ღვინოსა და მის დეგუსტაციას.

ყველის ფესტივალზე მოეწყობა ვიქტორინები წამახალისებელი პრიზებით, სპორტული შეჯიბრებები, ხოლო ბავშვებისთვის საპნის ბუშტების შოუ.

ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ ადგილობრივი ეთნო-ანსამბლები და მოწვეული მომღერლები.

მთავარი სიურპრიზი ფესტივალის სტუმრებს ღონისძიების ბოლოს ელოდება – ყველის ფესტივალის ორგანიზატორების ჩანაფიქრით, კულინარიული “ოსკარის” ეროვნული შესარჩევი ტურის ფინალისტები „გემრიელ შოუს“ მოაწყობენ.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები