ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით, ბოსტონში ღვინის ფორუმი ეწყობა
„ამ ბოლო დროს, სადაც არ უნდა გაიხედო, ყველა ენთუზიასტი ქართულ ღვინოზე ლაპარაკობს”, – წერს ცნობილი ამერიკული გამოცემა The Boston Globe. ის ქართულ ღვინოს ვრცელ სტატიას უძღვნის სათაურით ,,ხასიათებით სავსე ღვინო საქართველოდან“ და მკითხველს ფორუმზე ეპატიჟება, რომელიც ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით, ამერიკაში ოქტომბრის ბოლოს გაიმართება.
ღვინის ფორუმს (ღvino Forum 2019) ბოსტონი 27-იდან 29 ოქტომბრამდე მასპინძლობს. ღონისძიებათა სერია, შექმნილია საქართველოს 8000 წლის ღვინის კულტურის გააზრებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, ასევე საქართველოს, კავკასიისა და დანარჩენი მსოფლიოს ეკონომიკურ განვითარების კუთხით მის გავლენაზე. ფორუმის ფარგლებში, გაიმართება ქვევრისა და საფერავის ფესტივალი, ერთდღიანი სიმპოზიუმი ჰარვარდის ფაკულტეტის კლუბში, სავაჭრო სემინარი და დეგუსტაცია ბოსტონში City Winery-ში.
ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის გარშემო, რიგ საკითხებს განიხილავენ მეცნიერები და პრაქტიკოსები, მათ შორის დოქტორი პატრიკ მაკგოვერნი, ლიზა გრანიკი, საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და სხვა.
”საქართველო არა მხოლოდ ღვინის სამშობლოა, რომელსაც აქვს 8000 წლის უწყვეტი მეღვინეობის ტრადიცია, არამედ ის გამორჩეული ადგილია, ღვინის ჯიშების განსაკუთრებული მახასიათებლებითაც, რომელიც დღეს შერწყმულია თანამედროვე მეღვინეობის კულტურასთან და ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას”, – ამბობს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი და შავი ზღვის-კასპიის რეგიონის გეოპოლიტიკის მეცნიერი მამუკა წერეთელი.
ცნობისთვის, ,,ღvino Forum“ ამერიკაში მეორედ იმართება.