ინოვაციური პროექტი – იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები ემიგრანტებისთვის უფრო ხელმისაწვდომი ხდება

იურიდიული დამხარების სამსახურმა უპრეცედენტო პროექტი წამოიწყო. სამართლებრივი დახმარების სისტემა ემიგრანტებისთვის უფრო ხელმისაწვდომი ხდება. პროექტი უფასო სერვისების ამოქმედებას გულისხმობს და საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საუკეთესო საშუალებაა დაზოგონ დრო, ფინანსები და მოაგვარონ სხვადასხვა სახის სამართლებრივი პრობლემა. მათ ადვოკატთა ჯგუფი დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში გაუწევს კონსულტაციას და შეუდგენს სამართლებრივ დოკუმენტაციას.

პროექტის წამოწყებას წინ უსწრებდა შეხვედრები და კონსულტაციები ქართულ დიასპორებთან და ემიგრაციული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელობამ თანამემამულეებს სერვისების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. პროგრამა საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს.

აღნიშნულ საკითხზე, ,,ქართული კვირა“ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს, რაჟდენ კუპრაშვილს ესაუბრა.

– რომ გვითხრათ ამ ინიციატივის შესახებ, როგორ გაჩნდა ემიგრანტების თემის ცალკე მიმართულებად გამოყოფის იდეა და როდის დაიწყო პროექტი?

– ემიგრაცია საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. სტატისტიკურად, ყოველი მე-5 ოჯახიდან ერთი ოჯახის წევრი მაინც იმყოფება ემიგრაციაში, რაც მოსახლეობის 20%-ს შეადგენს. 2018 წლის მონაცემებით, ემიგრაციაში არის 98 935 ადამიანი. საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ხშირად აწყდებიან სამართლებრივ პრობლემებს, რომელთა გადაჭრა საჭიროებს საქართველოში ჩამოსვლას, რაც დროსთან და ფინანსებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, სამსახურმა შეიმუშავა ინოვაციური პროექტი, რომელიც მოიცავს დისტანციური კონსულტაციის გაწევას საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ადვოკატთა ჯგუფი ონლაინ რეჟიმში გაუწევს ემიგრანტებს კონსულტაციას და შეუდგენს სამართლებრივ დოკუმენტაციას. პროექტის იდეა გაჩნდა 2019 წლის აგვისტოში და სექტემბრიდან დავიწყეთ მისი განხორციელება. პროექტი საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს. უკვე მოგვმართეს ემიგრანტებმა სხვადასხვა სოციალური ქსელის საშუალებით და მიიღეს კვალიფიციური სამართლებრივი დახმარება.

შეხვედრა ქართველ ემიგრანტებთან რომში

– პროექტის წამოწყებას წინ უძღვოდა თქვენი სამსახურის შეხვედრები საქართველოს საელჩოსთან ერთად, ქართული დიასპორების წარმომადგენლობებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან. რა გაჩვენათ ამ შეხვედრებმა, რა პრობლემები გამოიკვეთა და რა კუთხით იქნება უფრო მეტი სამუშაო?

2019 წელს სამსახურმა მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩაატარა 90 გასვლითი შეხვედრა. გასვლითი კონსულტაციების დროს გამოიკვეთა არაერთი პრობლემა, მათ შორის ემიგრაციაში მყოფი ქართველებისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევის საჭიროება. სამსახურმა გადაწყვიტა შეხვედროდა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს და უშუალოდ მათგან მიეღო ინფორმაცია იმ პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ, რომელთაც ისინი ემიგრაციაში ყოფნის დროს აწყდებიან. ამ მიზნით, სექტემბრის თვეში ჩვენ შევხვდით ქართულ დიასპორას ჩეხეთში, ესპანეთში, იტალიასა და გერმანიაში. პრობლემები ეხებოდა მემკვიდრეობის მიღების, ალიმენტის და განქორწინების, ბავშვზე მეურვეობის მოპოვების, მიწების რეგისტრაციის, მხარდაჭერის მიმღებად ცნობის, უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ და სხვა სამართლებრივ საკითხებს. მთავარი პრობლემა, რაც ყველა ემიგრანტს აერთიანებს, არის დროისა და ფინანსური რესურსის ნაკლებობა. თავიანთი სამართლებრივი პრობლემების მოსაგვარებლად ისინი ვერ ჩამოდიან საქართველოში სამსახურში დატვირთული გრაფიკის, მოუგვარებელი საბუთების და ფინანსების გამო. ვიმედოვნებთ, რომ ამ პროექტით ემიგრანტებს მნიშვნელოვნად გავუადვილებთ, საქართველოში სამართლებრივი პრობლემების მოგვარებას.

– უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, როგორი იქნება იურიდიული დახმარების სამსახურის როლი, მათი პრობლემების გადაწყვეტის საქმეში? რა სამართლებრივი დახმარების შესაძლებლობებზეა საუბარი, რა პროდუქტებს, სერვისებს სთავაზობთ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს?

– ემიგრანტებს ვთავაზობთ ზეპირ ონლაინ კონსულტაციის გაწევას და საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივი დოკუმენტის შედგენას. დოკუმენტების გაგზავნა განხორციელდება ელექტრონული საშუალებებით. ამ ეტაპზე პროექტი არ ითვალისწინებს სასამართლოში წარმომადგენლობას, თუმცა უახლოეს მომავალში შესაძლებელია ამ მიმართულებითაც გავზარდოთ მანდატი.

– როგორ ხდება კომუნიკაცია და მუშაობა?

შეხვედრა ქართულ დიასპორასთან ბერლინში

– ემიგრანტებისთვის სამართლებრივი დახმარების გასაწევად, გამოიყოფა ადვოკატთა სპეციალური ჯგუფი. ადვოკატებთან დაკავშირება მოხდება ემიგრანტებისთვის სასურველი ნებისმიერი სოციალური ქსელით, მათ შორის, Skype, WhatsAPP, Viber, Messenger, Telegram და ა.შ. პროექტის ერთ-ერთი უპირატესობაა, რომ ზემოაღნიშნული სერვისები ემიგრანტი ბენეფიციარებისთვის უფასოა, მიუხედავად მათი გადახდისუნარიანობისა. ჩვენი მომსახურებით ემიგრანტები დაზოგავენ საქართველოში ჩამოსასვლელად საჭირო დროს და ფინანსებს.

– სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული კანონმდებლობა მოქმედებს, ამიტომ მარტივი არ იქნება პროცესების მართვა…

– პროცესის ფარგლებში ჩვენ მიერ შეთავაზებული დახმარება ეხება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივ საკითხებს. იქედან გამომდინარე, რომ იურიდიული დახმარების სამსახურს საზღვარგარეთ წარმომადგენლობა არ აქვს, ჩვენ დავეხმარებით ემიგრანტებს მხოლოდ იმ სამართლებრივი პრობლემების მოგვარებაში, რომელიც მათ საქართველოში აქვთ.

– რამდენად ხშირად სარგებლობენ თქვენი დახმარებით საზღვარგარეთ არალეგალურად  მცხოვრები ქართველები და რომელი ქვეყნებიდან ხდება უფრო ხშირი კომუნიკაცია?

– ვიზალიბერალიზაციის თაობაზე, ევროკავშირის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, გაიზარდა როგორც ქართველი თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, ასევე რეადმისირებულ და დეპორტირებულ ქართველთა რაოდენობაც. ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 2016 წელს 8700 იყო, ხოლო უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ კი (2017წელს) 11 755 გახდა. მოიმატა ასევე ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმის რაოდენობამაც, თუ 2016 წელს უარების რაოდენობა 810 იყო, 2017 წელს ამ რიცხვმა 2 655-ს მიაღწია. აღნიშნული სურათიდან ნათლად ჩანს, რომ უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ უფრო და უფრო მეტი ქართველი ცდილობს წავიდეს ქვეყნიდან, თუმცა მათ არ აქვთ გათავისებული ის რისკები და მძიმე შედეგები, რაც შეიძლება არალეგალურ მიგრაციას მოჰყვეს. ჩვენი გასვლითი საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ემსახურებოდა საქართველოს მოქალაქეებისთვის იმ საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რაც არალეგალურ მიგრაციას ახლავს. შეხვედრების ფარგლებში ჩვენ ბენეფიციარებს მივაწოდეთ ინფორმაცია ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობების შესახებ.

– სახელმწიფო სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს ემიგრანტების დასაბრუნებლად ჩვენს ქვეყანაში, თუნდაც ბიზნეს საქმიანობის წამოწყების და ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით – თქვენ კონსულტაციებს ამ მიმართულებითაც უწევთ და აწვდით მათ სასარგებლო ინფორმაციას,რომ გვითხრათ ამ ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე? და დაინტერესება როგორია ამ მიმართულებით?

– სახელმწიფო ქართველ ემიგრანტებს არაერთ სარეინტეგრაციო პროგრამას სთავაზობს, მათ შორის ბიზნესის წამოწყების/გაფართოების, დასაქმების, სოციალური შეღავათებით სარგებლობის კუთხით. ჩვენი მიზანია, ემიგრანტებს მივაწოდოთ ინფორმაცია ამ პროგრამების შესახებ და შევუწყოთ ხელი აღნიშნული შესაძლებლობებით, ბიზნესის დასაწყებაში. ჩვენ ბევრ მათგანს უკვე მივაწოდეთ სრული ინფორმაცია საქართველოში არსებულ ბიზნეს შესაძლებლობებზე.

პ.ს. იურიდიული დახმარების სამსახური უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი სახელმწიფო ორგანიზაციაა. ქვეყნის მასშტაბით, მოქმედებს იურიდიული დახმარების სამსახურის 12 ბიურო და 10 საკონსულტაციო ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.