დავით ზალკალიანი ლონდონში საქართველოს დიასპორას შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლონდონში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საელჩოს ახალი შენობა მოინახულა და შეხვედრა გამართა ლონდონში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი დიასპორის წევრებს ესაუბრა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე, რომელსაც ხელი მისი ვიზიტის დროს მოეწერა.

მინისტრის შეფასებით, შეთახმება ამოქმედდება გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შემდგომ და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებას ყველა მიმართულებით, რადგან შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობის ყველა სფეროს, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის პირობას.

დავით ზალკალიანმა  მადლობა გადაუხადა ლონდონში მცხოვრებ ქართველებს, რომელთა შორის ბევრი წარმატებული ადამიანია, საქართველოს  იმიჯის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

მან ვრცლად ისაუბრა დიასპორასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის და კონკრეტულად სამინისტროს გეგმებზე, რაც უკავშირდება საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების გაძლიერებას და მათ დახმარებას.

დიასპორის წარმომადგნელებმა თავის მხრივ, ისაუბრეს თავიანთ საქმიანობასა და მათთვის პრობლემურ საკითხებზე, ასევე პოზიტიურად აღნიშნეს, რომ ამგვარი შეხვედრები საელჩოში რეგულარულ ხასიათს ატარებს, რაც იძლევა კარგ შესაძლებლობას ისაუბრონ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე.

საქართველოს საელჩო გაერთიანებულ სამეფოში ახალ მისამართზე, აგვისტოს დასაწყისში გადავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.