“სოსანი”- თავბრუდამხვევი ქართულ-გერმანული თავგადასავალი

“სოსანი – არტ ზონის” ისტორია ერთი წყვილის სიყვარულით იწყება და თავბრუდამხვევ თავგადასავლად იქცევა… მათ ევროპაში კარგად იცნობენ, მონაწილეობენ საერთაშორისო ცეკვის ფესტივალებში, ზრდიან ახალ თაობებს, ატარებენ მასტერკლასებს, ვორქშოპებს, თანამშრომლობენ ცნობილ თეატრალურ ორგანიზაციებთან და ცეკვის აკადემიებთან… გერმანიაში დაარსებული ქართული კომპანიის ცხოვრება დატვირთული და შთაბეჭდილებებით სავსეა. 

“სოსანი – არტ ზონა”, ქართველმა წყვილმა თეა მამუკელაშვილმა და გიორგი სოსანაშვილმა გერმანიაში, 2013 წელს შექმნა. ის სამი ნაწილისგან შედგება: “სოსანი – ცეკვის თეატრი”; “სოსანი – თანამედროვე ცეკვის აკადემია” და “ექსპერიმენტალური პროექტების ზონა”. ,,სოსანი“ წყვილის შემოქმედებითი ფსევდონიმია, გვარის შემოკლებული ვერსია. მათი მიზანი თავიდანვე, განსხვავებული სათეატრო ფორმებით, ექსპერიმენტალური პროექტების შექმნა იყო… მეტი, ვიდრე მხოლოდ ქორეოგრაფია, მხოლოდ სამსახიობო ხელოვნება და ტრადიციული არტი.

,,ახალი პროექტის მზადებისას ვკითხულობ ბევრს, ვუსმენ განსხვავებულ მუსიკას, ხელოვნების სხვადასხვა სფეროდან ვეცნობი სიახლეებს, ვივსები ამ ყველაფრით და მერე უცებ ვფეთქდები“ – ამბობს კომპანიის დამაარსებელი, ქორეოგრაფი და პედაგოგი თეა მამუკელაშვილი. ეს აფეთქება კი, ქმნის იმ წარმატებას, რასაც ,,სოსანი“ ნაბიჯ-ნაბიჯ წლებია აღწევს…

– ალბათ თქვენი და თქვენი მეუღლის ცხოვრება როგორც ყველა ემიგრანტის, ორ ნაწილად იყოფა: სამშობლოში და მის გარეთ… როგორ აღმოჩნდით რეგენსბურგში და როგორ მიგიღოთ განსხვავებული კულტურისა და ტრადიციების ქვეყანამ?

– ნოსტალგია და მონატრება სულ ახლავს ჩვენს ცხოვრებას. მე, მეუღლე გიორგი და ჩვენი ცამეტი წლის ქალიშვილი ნეა, ათი წელია გერმანიაში ვცხოვრობთ და ეს ათი წელი მიუხედავად სირთულეებისა, ძალიან საინტერესოდ დაიწყო და ვითარდება. როცა მეგობრებს და თანამოაზრეებს იძენ, ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ახალი ცხოვრების დაწყებაში გვერდით ამოგიდგნენ, სჯერათ შენი და შენი მიზნების, სწორედ მაშინ გეძლევა ძალა და ენერგია. ჩვენი თავგადასავალიც ასე დაიწყო…

ჩემს მეუღლეს რეგენსბურგის შოუ კომპანია “ტრაუმფაბრიკთან” წლები აკავშირებს. თანამშრომლობა და მეგობრობა დღემდე გრძელდება, ეს გახდა მიზეზი ჩვენი ამ ქალაქში დაფუძნების. აქაურობასთან შეგუება არ გაგვჭირვებია. რა თქმა უნდა, ბევრ რამეს გზადაგზა სწავლობ და ეჩვევი, მაგრამ ჩვენს მიმართ დამოკიდებულება და ურთიერთობები თავიდანვე სასიამოვნო იყო. როცა  პრიორიტეტი ურთიერთპატივისცემაა, მაშინ განსხვავებული კულტურის და შეხედულების ადამიანებთან ურთიერთობაც საინტერესო და იოლია.

– საიდან გაჩნდა იდეა შეგექმნათ ,,სოსანი“? როგორია დღეს მისი მასშტაბები და წარმატების არეალი?

– ,,სოსანის” ისტორია ჩვენი სიყვარულით დაიწყო. როგორც ერთმანეთის მიმართ ასევე, ჩვენი თეატრის და ცეკვის მიმართ სიყვარულით. გაცნობამდე პროფესიული გამოცდილება ორივეს უკვე გვქონდა, შემდეგ ჩვენი შესაძლებლობები გავაერთიანეთ – ოჯახიც შეიქმნა და თეატრიც. სოსანი არის ჩვენი შემოქმედებითი ფსევდონიმი, რაც ჩემი მეუღლის გვარის შემოკლებული ვერსიაა.

როცა ჩამოვედით, სხვადასხვა საქმიანობაში მოვსინჯეთ ძალები, ნიადაგს ვამზადებდით. შემდეგ შევკრიბე მოცეკვავეთა ჯგუფი და თანამედროვე ცეკვის მიმართულებით სპექტაკლი დავდგი, სპექტაკლი წარმატებული აღმოჩნდა, ინტერესი გამოიწვია და საფუძველიც ჩაეყარა “სოსანი – არტ ზონას” იდეის განხორციელებას.

დღესდღეობით ვმონაწილეობთ საერთაშორისო ცეკვის ფესტივალებში, ვზრდით ახალ თაობას, ვატარებთ მასტერ კლასებს და ვორქშოპებს, ვთანამშრომლობთ თეტრალურ კომპანიებთან და ცეკვის აკადემიებთან.

,,სოსანი“ ცეკვის თეატრი. ქორეოგრაფი: თეა სოსანი. ფოტო: ჰუბერტ ლანკეს, ატილა ჰენინგ, მიხაელ შაინერ

– შეგიძლიათ გვითხრათ იმ პროექტებზე, რომლებმაც მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა ,,სოსანს“?

– მიჭირს გამორჩევა, რადგან ყოველი პროექტი ერთმანეთისგან როგორც კონცეფციურად, ისე ვიზუალურად განსხვავებულია. ახალ პროექტს თან მოსდევს ახალი კონტაქტები და შესაძლებლობები. ფაქტია, რომ ინტერესი და მაყურებელიც რაოდენობით სულ უფრო იზრდება.

თავდაუზოგავმა შრომამ, საქმის მიმართ ვნებამ, სწორი გადაწყვეტილებების მიღებამ, ძლიერმა გუნდმა და ჩვენს სფეროში საჭირო ადამიანების ჩვენს მიმართ ინტერესმა, შეგვაძლებინა აქამდე მოსვლა.

– მთავარი, რაც  გამოგარჩევთ სხვებისგან?

– ალბათ ის რომ, ქორეოგრაფიას (ცეკვას) თან სდევს ისტორია, გმირები… მეტად თეატრალურია, ხშირად ექსპერიმენტალურიც. მაყურებელი სპექტალების და პერფორმანსების ენერგიას და ტემპერამენტსაც ხშირად აღნიშნავს.

– თქვენს პროექტებში ქართველ ხელოვანებს ხშირად იწვევთ, თქვენს მიზნებში შედის მათი ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. რომ გვითხრათ ვის მიუღია მონაწილეობა აქამდე და ვისთან თანამშრომლობაა გეგმაში?

– ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ქართველი ხელოვანების ჩართვა პროექტებში. როგორც კი პროექტის ბიუჯეტი ამის საშუალებას იძლევა, ვცდილობ არ მოვიკლო ეს სიამოვნება. თანამშრომლობა და მეგობრობა გვაკავშირებს მოცეკვავე ნათია ბუნტურთან, რომელსაც არაერთ პროექტში მიუღია მონაწილეობა. ასევე, მსახიობ და მოცეკვავე ანი ალექსიშვილთან, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს.

ამ წლის ნოემბერში, რეგენსბურგის თანამედროვე ცეკვის ფესტივალზე წარვადგენ ახალ სპექტაკლს სახელწოდებით “კოდი”, ამ სპექტაკლის მიმართ განსაკუთრებული ემოციით ვარ განწყობილი და პასუხისმგებლობის შეგრძნებაც დიდია. სპექტაკლში ვაერთიანებ ტრადიციულ ქართულ სიმბოლიკას და თანამედროვეობას. ქართული ხალხული მუსიკა, ქართული ცეკვის ელემენტები და თანამედროვე ცეკვა ერთად იქნება თავმოყრილი. პირველად მიიღებენ მონაწილეობას ფოლკლორული ანსამბლი “შავნაბადა”, დათო ცინცაძის ხელმძღვანელობით, ასევე ნათია ბუნტური, ირაკლი დვალი და “სოსანი – ცეკვის თეატრი”.

– თქვენი პერტფორმანსები ხშირად სცდება სცენას და განსხვავებულ სივრცეებში ინაცვლებს… არც ერთი სპექტაკლი ერთმანეთს არ ჰგავს. რა არის ის მნიშვნელოვანი, რაც გეხმარებათ აქტუალური, საინტერესო და გამორჩეული პროექტების შექმნაში? რა შეიძლება გახდეს თქვენი შთაგონების წყარო?

– იდეები არასდროს არ მელევა, ზუსტად ვიცი, ერთი სიცოცხლე მე არ მეყოფა. ექსპერიმენტალური პროექტების მიმართ განსაკუთრებულად მივილტვი. შანსიც მეძლევა ხოლმე. გარდა სცენისა, საგამოფენო და ისტორიული შენობების სივრცე, მონასტერი, სადაც კი პერფორმანსები წარმოგვიდგენია, განსხვავებული ენერგეტიკის და ისტორიის მატარებელია. ახალი შეგრძნებები, ახალი იმპულსებია. ეს რა თქმა უნდა შთაგონების წყაროა. ყოველი ახალი პროექტი მომზადებას მოითხოვს, სანამ რამეს დავიწყებ ვკითხულობ ბევრს, ვუსმენ განსხვავებულ მუსიკას, ხელოვნების სხვადასხვა სფეროდან ვეცნობი სიახლეებს. ვივსები და მერე ვფეთქდები… კოლაბორაციული თანამშრომლობაც, მთავარი შემადგენელი ნაწილია. ცეკვას მიმატებული ფოტოგრაფია, სახვითი ხელოვნება, მუსიკა, კოსტუმების დიზაინი…

– საინტერესოა უცხოელების დამოკიდებულება, რის გამო მოსწონთ ყველაზე მეტად თქვენი შემოქმედება? შეგიძლიათ გვითხრათ, მათ ემოციებზე, რას ამბობენ ,,სოსანზე“? არანაკლებ საინტერესოა თქვენი ემოციებიც, როცა სპექტაკლი წარმატებით სრულდება…

– მაყურებლის შთაბეჭდილებები და მათი ემოციები გაძლევს მიზეზს გააგრძელო, უფრო მეტი შესთავაზო. ეს ის ძალაა, რაც გამოძრავებს. ვცდილობ, პროექტები შინაარსობრივადაც, ჟანრობრივადაც და ვიზუალურადაც განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. ნელ–ნელა დამახასიათებელი ხელწერა გიყალიბდება და ამიტომ სხვადასხვა ხერხს მიმართავ. წარმოდგენები ზოგჯერ ემოციაზე და გმირების ურთიერთობაზეა აწყობილი, ზოგი ვიზუალურ ეფექტებზე, ზოგი ქორეოგრაფიულ ტექნიკაზე. გვაქვს ფსიქოლოგიური ჟანრის სპექტაკლებიც. მონაწილეებისთვის ყოველ ახალ პროექტზე მუშაობის პროცესი განსხვავებულია. ვფიქრობ, ეს მრავალფეროვნება იზიდავს მაყურებელსაც, ინტერესით ელოდებიან მომდევნო პროექტს. ერთმა მაყურებელმა გვითხრა, რომ ჩვენი სპექტაკლის შემდეგ, ისეთი ემოციის და შთაბეჭდილების ქვეშ იმყოფებოდა, მანქანის მართვა გაუჭირდა. ტაქსი გამოიძახა და ისე წავიდა.

სპექტაკლის მერე შერეული ემოცია მაქვს. მიხარია, რომ ეს შევძელი და გული მწყდება რომ დამთავრდა…

– საქართველოს თუ სტუმრობთ ხოლმე შემოქმედებითი პროექტებით?

– ისე ხშირად, როგორც ვისურვებდით ვერ ვსტუმრობთ. თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ვიყავით მიწვეულები, მარჯანიშვილის თეატრში წარმოვადგინეთ სპექტაკლი “გაქვავებული” და თანამედროვე ცეკვის და ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში, ჩავატარე მასტერკლასები.

– როგორც ვიცი, ,,სოსანის“ გარდა გაქვთ კიდევ ორი გატაცება: ხატვა და ფოტოგრაფია. ამ მიმართულებებითაც წარმატებული ხართ?

– ფოტოგრაფიით ძალიან ვარ გატაცებული, ისეთ სიამოვნებას მანიჭებს, რომ გადავწყვიტე პროფესიონალურად შევისწავლო. ხატვას რაც შეეხება, როცა ძალიან ვიღლები და დასვენება მჭირდება, მაშინ ვხატავ. უფრო თერაპიული ფუნქცია აქვს. რამდენჯერმე გამოფენაც მქონდა, შეიძინეს კიდეც ჩემი ნამუშევრები, მაგრამ ეს უბრალოდ ჩემი ცხოვრების სასიამოვნო დანამატია.

– უახლოესი გეგმები როგორია?

– ეს წელი ტრადიციულად დატვირთული იყო: ივლისში, რეგენსბურგის ბალეტის აკადემიასთან თანამშრომლობით, რეგენსბურგის სახელმწიფო თეატრში წარმოვადგინე პერფორმანსი  “ICONography of the BODY“, სადაც მონაწილეობდნენ ჩვენი ცეკვის აკადემიის და ბალეტის აკადემიის სტუდენტები.

ახლა მთელი ჩემი ყურადღება მიმართულია რეგენსბურგის თანამედროვე ცეკვის ფესტივალზე ჩვენი პრემიერისკენ, მიმდინარეობს ინტენსიური რეპეტიციები.

2020 წლისთვის კი, მზადდება კოლაბორაციული პროექტი, მხატვარ ჰიერონიმ ბოსხის ნამუშევრების მიხედვით. ჩართულნი იქნებიან ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

 

,,სოსანი“ ცეკვის თეატრი. ქორეოგრაფი: თეა სოსანი. ფოტოები: ჰუბერტ ლანკე, ატილა ჰენინგ, მიხაელ შაინერ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.