I amsterdam-მა ქართული რესტორანი “გასაოცარი სამზარეულოების” ტოპ ათეულში დაასახელა

ამსტერდამის ცნობილმა გამოცემამ I amsterdam-მა ქართული რესტორანი Batoni Khinkali ქალაქის ,,გასაოცარი სამზარეულოების” საუკეთესო ათეულში დაასახელა. ჟურნალის შეფასებით, სხვა 9 რესტორანთან ერთად, ქართული რესტორანი მოწინავე პოზიციაზეა. სტატია ,,ბატონი ხინკალი”-ს შესახებ ინფორმაციით იწყება.

ჟურნალი მკითხველს ურჩევს, გაიმრავალფეროვნოს ყოველდღიურობა სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოთი, დატკბეს და აღმოაჩინოს ახალი გემოები.

“ამსტერდამში, Museum-ის კვარტალში აღმოაჩენთ ერთადერთ ქართულ რესტორანს, მას “ბატონი ხინკალი” ჰქვია. ამ ადგილმა ფუნქციონირება პატარა ობიექტით დაიწყო და ნელ-ნელა გაფართოვდა. მას ცნობილი მუსიკოსი, ქართველი კლარნეტისტი ლევან ცხადაძე მართავს. რესტორნის სახელწოდება ქართული კერძის – ხინკლის მიხედვით შეარჩიეს. თუმცა, აქ აღმოაჩენთ სხვა ქართულ კერძებსაც, მაგალითად ლობიანს და ფელამუშს. ყველა კერძი ახალია, სახლში სიყვარულით დამზადებული და ძალიან გემრიელი” – ვკითხულობთ სტატიაში.

ქართული რესტორანი ახალგაზრდა ამსტერდამელების საყვარელი ადგილია. მას ტურისტებიც ხშირად სტუმრობენ.

მსოფლიოს ტრადიციულ სამზარეულებს შორის მოხვდნენ: ტაივანის, კორეული, სიცილიური, სკანდინავიური, ეთიოპიური, ნიგერიული, ავღანური და ტიბეტური რესტორნებიც.

ცნობისათვის, ამსტერდამში დღეს დაახლოებით 3325 რესტორანია.

,,ეს ჩვენთვის დიდი მოტივაციაა და ვეცდებით, მომავალშიც გავაოცოთ ჩვენი სტუმრები მომსახურებითა და კერძებით, რომლებიც იქმნება დიდი სიყვარულით“ – ნათქვამია ქართული რესტორნის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.