მიხეილ ბატიაშვილი: „დღეს საქართველოს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში გაწევრიანების ოფიციალური პროცესი დასრულდა”
ერევანში, 17-18 ოქტომბერს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის – ENQA-ს ყოველწლიური გენერალური ასამბლეა იმართება, სადაც საქართველო, როგორც ასოციაციის წევრი ქვეყანა ოფიციალურად წარადგინეს.
ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) პრეზიდიუმმა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 25 აპრილს, ესტონეთში, ტალინში გამართულ რიგით მე-9 ყოველწლიურ ფორუმზე მიიღო. პროცედურის მიხედვით, ცენტრი ასოციაციის წევრად ოფიციალურად სწორედ აღნიშნულ ასამბლეაზე გამოაცხადეს.
„დღეს ევროკავშირის უმაღლესი განათლების სივრცეში საქართველოს გაწევრიანებას გენერალურ ასამბლეაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი და საქართველოს უმაღლესი განათლების ENQA-ში გაწევრიანების ოფიციალური პროცესი დასრულდა. წელს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა საქართველოს ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია EURAXESS-ში გაწევრიანება იყო და იმედი მაქვს, ჩვენი მეცნიერები, სტუდენტები ისარგებლებენ ამ შესაძლებლობებით“ , – განაცხადა ერევანში სამუშაო ვიზიტით მყოფმა მიხეილ ბატიაშილმა.
ENQA-ში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წევრობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში მინიჭებული კვალიფიკაციებისა და გაცემული დიპლომების სრულად და ავტომატურად აღიარებას ევროპაში; საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების შეფასების სისტემისადმი სანდოობის მაღალ დონეს; უნივერსიტეტების საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას ევროპულ უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებთან; სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობას; ცენტრის რეგისტრირებას უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR).