ვალიადოლიდის კინოფესტივალზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება
19-26 ოქტომბერს ესპანეთში ვალიადოლიდის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება, სადაც საქართველო საპატრიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარსდგება. ქართული ფოკუსის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ბოლო 20 წლის მანძილზე შექმნილი 20-ზე მეტი ქართული ფილმი, მათ შორის: ოთარ იოსელიანის „შანტრაბა”; ზაზა ურუშაძის „მანდარინები”; გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული”; ნანა ექვთიმიშვილის „გრძელი, ნათელი დღეები”; რეზო გიგინეიშვილის „მძევლები” და სხვა.
ვალიადოლიდის კინოფესტივალზე აჩვენებენ კოტე მიქაბერიძის 1929 წელს გადაღებულ ფილმს „ჩემი ბებია”, რომელსაც მუსიკალურად რეზო კიკნაძის ტრიო გააფორმებს. ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაშია ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ”, რომლის მსოფლიო პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
ვალიადოლიდის კინოფესტივალის ჟიურიში 2 ქართველი კინორეჟისორი იქნება – ქეთი მაჭავარიანი (საერთაშორისო კონკურსი) და ნუცა ალექსი-მესხიშვილი. ასევე, ფესტივალი გამოსცემს ორენოვან წიგნს (ქართულ და ესპანურ ენებზე) ქართული კინოს შესახებ, სადაც კინომცოდნეების – ლელა ოჩიაურის, ზვიად დოლიძისა და ირინა დემეტრაძის სტატიები შევა.
საქართველოს, როგორც სტუმარ ქვეყანას, ვალიადოლიდის ფესტივალი 24 ოქტომბრის პროგრამას მიუძღვნის. გაიმართება არაერთი აქტივობა, მათ შორის დისკუსია ქართული კინოს შესახებ მრგვალი მაგიდის ფორმატში. საღამოს ესპანეთში ქართული საელჩოსა და ვალიადოლიდის კინოფესტივალის ორგანიზებით გაიმართება ქართული მიღება ფესტივალის სტუმრებისთვის.
ვალიადოლიდის კინოფესტივალი 1956 წლიდან იმართება და ის ესპანეთში საავტორო კინოს ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია.