,,მთავარია, რასაც აკეთებ, გულით გიყვარდეს. მაშინ რთული გზით სიარულიც იოლია“- ქართველი მევიოლინე ბერლინიდან

მისი მომავალი 5 წლის ასაკში გადაწყდა… მაშინ, როცა სამუსიკო სასწავლებელში პირველად შეაბიჯა და „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლე გახდა…

მარიამ მაჩაიძე 27 წლისაა, ის მევიოლინეა და  გერმანიაში ცხოვრობს. ,,Komische Oper Berlin“-ი მისი ამჟამინდელი გაჩერებაა, პარალელურად სწავლობს ჰანს აისლერის მუსიკალურ სკოლაში მაგისტრატურაზე, არის ჩრდილოეთ გერმანული რადიოფილარმონიის “იოსეფ იოახიმის” და ბერლინის ოპერის აკადემიის წევრი.

ორკესტრთან სოლო დებიუტი 10 წლის ასაკში შედგა და მას შემდეგ არაერთი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე გახდა (როგორიცაა ვერბიე, შლასვიგ-ჰოლშტაინი, ფონტანბლიუ, ასპენი, ფოკუსი, ატერგაუ, კამპოს დო ჟორდაო და ლუცერნი). არის განათლების საერთაშორისო ცენტრის (2014-2016), კრეისლერის, სტარის, დრინგის, ლევინისა და პრიმალის ბენეფიციარი. მას ასევე მოპოვებული აქვს გლაკისა და მორსის სტიპენდია.

2010 წელს აშშ-ის პრესტიჟული სამუსიკო სასწავლებელის The Juilliard School-ის სტუდენტი გახდა. 2016 წელს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დიპლომი სტივენ კლაპის, სილვია როზენბერგისა და ლორი სმაკლერის ხელმძღვანელობით დაიცვა.

– მარიამ ამჟამად გერმანიაში, ბერლინში ცხოვრობ და იქ აგრძელებ კარიერას. რატომ აირჩიე ეს ქვეყანა და ეს ქალაქი?

– ყოველთვის მხიბლავდა ბერლინი კლასიკური მუსიკითა და კულტურით, ამიტომაც გადაწყვეტილება მარტივად მივიღე და ჯულიარდის დამთავრების შემდეგ,  გერმანიაში ,,გადმოვბარგდი“. ამ ქალაქში 7 სიმფონიური და საოპერო ორკესტრია, 3 საოპერო დარბაზი, აქედან გამომდინარე ყოველდღიურად მსმენელს საშუალება აქვს მოისმინოს ყველაფერი, რაც სურს. არამარტო კლასიკური მუსიკის განხრით, არამედ ხელოვნების სხვა მიმართულებებითაც საოცრად აქტიური და საინტერესოა ეს ქალაქი. ასევე ამ ქვეყანაში, საინტერესოა მუსიკისადმი დამოკიდებულება, ყველა ჩართულია კლასიკურ მუსიკაში, კარგად ერკვევიან  და ინტერესდებიან ნაწარმოებების მნიშვნელობით.

მინდოდა, ამერიკაში მიღებული განათლება გამეღრმავებინა და დღესაც ვსწავლობ “ჰანს აისლერის” მუსიკალურ სკოლაში,  სადაც ამ სემეტრის ბოლოს მეორე მაგისტრატურას ვამთავრებ. გერმანელების დამოკიდებულება ბგერისადმი ამერიკული თუ რუსული სტილისგან, სრულიად განსხვავებულია. მინდოდა მესწავლა ის, რაც ჩემთვის სიახლეს წარმოადგენდა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ბერლინში გადმოსვლა.

– ცოტა ხნის წინ, საქართველოს ვერბიეს ფესტივალის კამერულ ორკესტრთან ერთად ეწვიე და მონაწილეობა მიიღე წინანდლის ფესტივალში. როგორც ვიცი, ერთადერთი ქართველი მევიოლინე ხარ ამ ცნობილ ორკესტრში…

– უკვე 3 წელია, ვერბიეს ფესტივალის კამერული ორკესტრის წევრი ვარ. ამ ორკესტრში მუსიკოსებს, მოსმენების მეშვეობით არჩევენ. თავდაპირველად, 2015 წელს  მიწვეული ვიყავი ვერბიეს სიმფონიურ ორკესტრში, როგორ კონცერტმეისტერი. შემდეგ კი, ამარჩიეს ფესტივალის კამერული ორკესტრის წევრად და როცა დრო მაქვს, სიამოვნებით ვმონაწილეობ მათ პროექტებში.

– ჯულიარდის სკოლა და შენ – ნიუ-იორკის ამ პრესტიჟულ სასწავლებელში მოხვედრაზე უამრავი ადამიანი ოცნებობს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც იქ გატარებულმა წლებმა მოგცა?

– ამერიკაში სწავლა სავიზიტო ბარათი ნამდვილად არ არის, თუმცა ძალიან დამეხმარა ჯულიარდის სახელი კარიერულ წინსვლაში. ვთვლი, რომ ჯულიარდი იყო ძალიან საინტერესო გამოცდილება და გამოწვევა: ვისწავლე დამოუკიდებლობა, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში ასევე მუსიკაში. პედაგოგები ყოველთვის გვეხმარებოდნენ გვეპოვა მუსიკაში ჩვენი პირადი გზა, ასე რომ ალბათ სწორი გამოწვევა იყო იმ დროს.

– შენ არაერთხელ გითქვამს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია XXI საუკუნის მუსიკა და მისი პოპულარიზაცია, როგორია ჩვენი დროის მუსიკის მთავარი გამოწვევები და შენი ჩართულობა ამ ყველაფერში?

–  აუცილებლობად მიმაჩნია XXI საუკუნის მუსიკის შესრულება. ეს ჩვენი დროის მუსიკაა და ყველაზე ახლოსაა ჩვენს რეალობასთან. რა თქმა უნდა ყველა ნაწარმოები არ გამოირჩევა ხასიათით თუ სტრუქტურით, მაგრამ თანამედროვე ნაწარმოებები რაც კი შემისრულებია, გამოირჩევა კომპლექსურობით და უცნაური/ ახლებური ტექნიკით, ასე რომ ყოველდღიურად მიწევს ახალი აღმოჩენების ძიება ჩემს ინსტრუმენტთან ერთად.

– მუსიკალური კარიერა შენი ბავშვობის ოცნებაა? არჩევანი ალბათ ოჯახის მუსიკალური ტრადიციების დამსახურებაცაა (დედაც მუსიკოსია)… რომ არ გამოსულიყავი მევიოლინე, რომელ სფეროში იპოვიდი თავს?

– ყოველთვის მხიბლავდა მუსიკა და მქონდა ხელოვნებისადმი ინტერესი. ოჯახმა ნამდვილად იქონია გავლენა, მაგრამ თავიდან რომ მიწევდეს არჩევანის გაკეთება, მიუხედავად სხვა ბევრი ინტერესისა, ალბათ კვლავაც მუსიკას ავირჩევდი და იმავე გზას გავივლიდი. მხიბლავდა ისტორია, ფსიქოლოგია, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მუსიკას უკავშირდება და ალბათ მაინც ხელოვნების დარგში აღმოვაჩენდი ჩემს თავს.

– როგორ ფიქრობ, შენს კარიერაში ოქროს პერიოდი დაწყებულია? საით მიდის მარიამ მაჩაიძის მიზნები და ოცნებები?

– ხელოვნებაში არამგონია არსებობდეს ოქროს პერიოდები. ყოველი დღე სხვადასხვანაირია და მუსიკოსის ინტერესებიც იცვლება… ამიტომაც მიჭირს პასუხის გაცემა. არ ვიცი, ალბათ ჯერ არ დაწყებულა მსგავსი ეტაპი. მიზნები ბევრნაირი მაქვს, უბრალოდ როგორ შეიძლება ამ ყველაფრის ორგანიზება, ამაზე უფრო მეტს ვფიქრობ. შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი მიზნები და ოცნებები მიდის მხოლოდ და მხოლოდ განვითარებისკენ.

– მუსიკოსების ცხოვრებაში, განრიგი ხშირად წლობით არის გაწერილი… შენს შემთხვევაშიც ასეა? რა არის უახლოესი პერიოდის პროგრამა მინიმუმი და პროგრამა მაქსიმუმი?

– რაც კომიკურ ოპერაში დავიწყე მუშაობა, ჩემი გრაფიკი უფრო სტაბილური გახდა, მაგრამ გეგმები სხვადასხვანაირი მაქვს. ხშირად სპონტანურად იცვლება, ამას ემატება ისიც, რომ ჯერ კიდევ ვსწავლობ და ბევრ ჩემს პროექტს ჯერ-ჯერობით ვერც ვგეგმავ და ვერც ვახორციელებ.

– ადამიანი ან ადამიანები, ვინც შენი ცხოვრება შეცვალეს…

– თითოეულმა ჩემმა პედაგოგმა შეცვალა ჩემი მუსიკისადმი დამოკიდებულება. ჩემმა მშობლებმა და ოჯახმა დიდი გავლენა მოახდინეს ჩემზე. ისინი ყოველთვის მეხმარებოდნენ და მეხმარებიან სწორი გზით სვლაში.

– აქტიურად ხარ ხოლმე ჩაბმული საქველმოქმედო კონცერტებში, რა სიახლეები გაქვს ამ მიმართულებით?

– როგორც კი დრო მომეცემა, მაშინვე ვცდილობ ჩავერთო მსგავს ღონისძიებებში, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა უდროობაა.

– თავისუფალი დრო მუსიკოსებს იშვიათად გაქვთ, მაგრამ მაინც გკითხავ: როგორ ატარებ დასვენების დღეებს და საყვარელი საქმის გარდა, შენც ცხოვრებაში ხომ არ არის ჰობი, რომელსაც გადანახულ დროს უთმობ?

– ხანდახან, აუცილებლობად მიმაჩნია სიჩუმეში ყოფნა. ყველა ჩემი ჰობი ახლა, სიჩუმესთან ასოცირდება. მიყვარს სიწყნარეში წიგნების კითხვა და გატაცებული ვარ კულინარიით.

– წლებია, საქართველოდან და ოჯახიდან შორს ცხოვრება გიწევს, როგორ ივსებ ამ სიცარიელეს, ნოსტალგია ხშირად გაქვს?

– ბერლინი განსაკუთრებულად იმიტომაც მომწონს, რომ ინტერნაციონალურ წრეში ვარ. ჩემი მეგობრები სხვადასხვა ქვეყნიდან არიან და ყველას გვესმის ერთმანეთის. ალბათ რაღაც დოზით, სამეგობროთი ვივსებ იმ სიცარიელეს, რაც სამშობლოდან შორს ცხოვრებას მოაქვს. დღევანდელ სამყაროში კომუნიკაციაც მარტივია, ყოველდღიურად ინტერნეტით ვკონტაქტობ ოჯახთან და ახლობლებთან, ასევე ვცდილობ, ხშირად ჩამოვიდე საქართველოში.

– შენი მომავალი უკავშირდება საქართველოს?

– ძალიან მინდა, რომ დავუკავშირო და იმედია გამომივა. როგორც ავღნიშნე, დღევანდელი დღე უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის და იმდენად დატვირთული ვარ, მომავალზე ფიქრისთვის ჯერ–ჯერობით ვერ ვიცლი. როცა წინასწარ რამეს ვგეგმავ, ხშირად იცვლება და საბოლოოდ დრო, რაც გეგმების დალაგებას დავუთმე, იკარგება. ამიტომ მირჩევნია, ყოველი წუთი დღევანდელი დღისთვის გამოვიყენო.

– რჩევა მათ, ვინც შენს გზას ახლა იწყებს…

– ეს არის ძალიან რთული, მაგრამ სასიამოვნოდ დატვირთული გზა. ამ გზას ახლავს უამრავი იმედგაცრუება, წარმატება, მოგზაურობა, აღმოჩენა… მთავარია, რასაც აკეთებ, გულით გიყვარდეს. მაშინ ამ გზით სიარული ბევრად იოლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.