ქართველი მოსწავლეები და რობოტი „მზია”კონკურსი FIRST GLOBAL- სთვის ემზადებიან
სახელგათქმული „ქართველი“ რობოტი „ვანოს“ შემდეგ, საერთაშორისო კონკურს „First Global“-ზე გასამგზავრებლად რობოტი „მზია“ ემზადება . შარშან საქართველოს ნაკრებმა და რობოტმა „ვანომ“, 186 ქვეყანას შორის მესამე ადგილი დაიკავეს და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. წელს „ვანოს“ შედეგის გაუმჯობესებას რობოტი „მზია“ შეეცდება.
წლევანდელი კონკურსი დუბაიში, ოქტომბრის თვეში ჩატარდება. მისი თემა ოკეანის დაბინძურებაა. კონკურსის მონაწილეებს ევალებათ შექმნან რობოტები, რომლებსაც ნარჩენების შესრუტვა და გადამამუშავებელ პუნქტში წაღება შეეძლებათ.
საქართველოს გუნდში „გივი ზალდასტანიშვილის სახელობის თბილისის ამერიკული აკადემიის“ 16-17 წლის მოსწავლეები არიან გაერთიანებული. გუნდი ახალ რობოტზე უკვე ოთხი თვეა მუშაობს. კონკურსის ფარგლებში ფარული კენჭისყრით სამ-სამი ქვეყნისგან შემდგარი ალიანსი ჩამოყალიბდება, რომლის შემადგენელი ქვეყნები პერიოდულ ცვლას დაექვემდებარება.
გასულ წელს თუ რობოტი „ვანო“ ჩურჩხელების ამოვლებითა და ცეკვით იყო „დაინტერესებული“, ახალი რობოტი „მზია“ თანამედროვე ტენდეციებს უწყობს ფეხს და ვარჯიშითაა დაკავებული- კონკრეტულად კი, მას სიმაღლეზე დაკიდება, აზიდვების კეთება და კალათბურთის თამაში შეუძლია.
გუნდის წევრები დარწმუნებული არიან, რომ წარმატებით იბრძოლებენ საპრიზო ადგილისთვის და საკუთარ წვლილს შეიტანენ ოკეანეების დაბინძურებასთან ბრძოლაში.