სახელოსნო „ფესვები“ ანუ „ქიზიყური ორნამენტის“ არაჩვეულებრივი სამყარო

პროფესიით არქიტექტორი, ქიზიყზე და“ ქიზიყურ ორნამენტზე“ უკიდეგანოდ შეყვარებული, ძველებური ხელნაკეთი ქართული ფარდაგების, ხურჯინებისა და მაშრაფების გამაცოცხლებელი ნინო ბახუტაშვილი და მისი სახელოსნო „ფესვები“, რომელიც დედოფლისწყაროშია დაფუძნებული, ნამდვილად საშვილიშვილო საქმეს აკეთებს. სახელოსნო „ფესვები“ უამრავი საერაშორისო ფესტივალისა და გამოფენის მონაწილე, გამარჯვებული და დაჯილდოებულია. „ქართული კვირა“ ნინო ბახუტაშვილს ესტუმრა და ინტერვიუც „დაიბადა“

 -ნინო, ვისი იდეა იყო და რა გახდა თქვენი სახელოსნოს შექმნის მოტივაცია, როდის დააფუძნეთ „ფესვები არტ-სტუდია“?

– ვის არ გვყვარებია ბავშვობაში ძველი ნივთების თვალიერება. ყველაფერი მიმზიდველად გვჩვენებია. ბევრ ჩვეთაგანს ლამაზ მოგონებად გამოგვყვა ბებოს კარადა თუ ტახტი, კომოდი  თუ სოფლის ბუხრიან ოთახში მდგარი ძველთაძველი სკივრი. სწორედ ასეთ სკივრში არმოვაჩინე ის არაჩვეულებრივი სამყარო, რასაც ქიზიყური ორნამენტი ჰქვია. დროსა და ჩრჩილს გაეცრიცა ფარდაგები, ხურჯინები, ნაქსოვი წინდები და ხელთათმანები, რომლებსაც მაინც შერჩენოდათ საუცხოო მოჩითულობა და ფერთა შეხამება.

ქიზიყის ადგილმდებარეობა და კლიმატი ყოველგვარ პირობას ქმნიდა და ქმნის დღესაც მეცხვარეობის განვითარებისათვის. ოჯახურ შინამრეწველობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა შალის ქსოვილებს, რომელიც შინ მზადდებოდა. ძველი ხალიჩები და ფარდაგები მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია. ქსოვილის ფერებში, ორნამენტებსა თუ შესრულების ტექნიკაში ჩანს მათი შემქმნელი ეთნოსის უძველესი კულტურული ტრადიცია, ცხოვრების წესი, სამეწარმეო ჩვევა და სამყაროსადმი დამოკიდებულება.

საქართველოში საქმიანობის ის სფეროები, რასაც პირობითად დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებას ვუწოდებთ, განადგურების საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. ვფიქრობთ, რომ ხალხური რეწვის პროგრამა განხილულ უნდა იქნას არა მხოლოდ როგორც მხატვრულ ღირებულებების შემოქმედი და უწყვეტი შემნახველი, არამედ როგორც საზოგადოების სტრუქტურის ეკონომიკის სექტორი. აუცილებელია ხალხური რეწვის დარგები შევუთანადოთ საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური მოწყობის ახალ ფორმებს. დარგის ფინანსირების პრიორიტეტი უნდა ეთანადებოდეს სოციალურ დაკვეთას და ეს ყოველივე დამოკიდებული უნდა იყოს კულტურული მომსახურების ხარისხსა და მოცულობაზე.

სწორედ ეს გახდა ჩემთვის ინსპირაცია აღმედგინა და განმევითარებინა ეს დავიწყებული ტრადიცია, რომელიც საბჭოთა პერიოდმა სრულად მოსპო და გაანადგურა.

პროფესიით არქიტექტორი სახელოვნებო სივრცეში ოცდარვა წელია ვმოღვაწეობ, 1991წლიდან 1995 წლამდე ვმუშაობდი არქიტექტორად  “საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცენტრში“, მაქვს დაპროექტებული ორი  ეკლესია, ასევე ვმონაწილეობდი “სამების “ტაძრის პროექტირებაში. დედოფლისწყაროში დაბრუნების შემდეგ ჩემი პროფესიით  ვეღარ გავაგრძელე მუშაობა და გადავწყვიტე დამეარსებინა 2005 წელს ტრადიციული ფარდაგის აღდგენის ცენტრი -სახელოსნო „ფესვები“. სახელოსნოში დასაქმებულია ექვსი ადგილობრივი ქალბატონი.

-თავდაუზოგავად მუშაობთ და ქმნით სხვადასხვა მიმართულებისა და ხასიათის ქართულ ხელნაკეთ პროდუქციას, აცოცხლებთ ძველქართულ ტრადიციებს. ვიცი გაქვთ ფარდაგების, აქსესუარების ხაზი…მუშაობთ აგრეთვე ბუნებრივი საღებავებით ღებვის ტექნიკის აღდგენაზე…

-აქ შექმნილი „პროდუქტი“ ქსოვის სიმჭიდროვით, ფერადოვანი გამით, ორნამენტების კომპოზიციის მაღალ მხატვრულ დონეზე შესრულებით გამოირჩევა.

სახელოსნო „ფესვები“ ერთადერთი სახელოსნოა საქართველოში, რომელსაც საკმაო გამოცდილება აქვს ბუნებრივი საღებავებით ღებვის. ეთნოგრაფიულ მასალაზე დაყრდნობით  ექსპერიმენტებს ვატარებთ ისეთი საღებავებით ღებვაზე , რომლებიც აღარ გამოიყენება – ბროწეულის ქერქი, კაკლის წენგო , ენდრო, კოწახურის ფესვები, თავშავა , ქრისტესისხლა, ხეშავის ნაყოფი  და ა.შ. ამ სფეროში წარმატება მნიშვნელოვანია , რადგანაც ტრადიციული ფერადოვანი გამა მნიშვნელოვნად განაპირობებს ნამუშევრების მაღალ ხარისხს, რაც არაერთხელ აღინიშნა სხვადასხვა გამოფენებზე ექსპერტების მიერ. ვამაყობთ, რომ სწორედ ჩვენ გვაქვს მიღებული სერთიფიკატი, როგორც საუკეთესო ხალხური რეწვის პროდუქტი ამიერკავკასიაში. მონაწილეობას ვიღებთ, როგორც საქართველოში, ასევე, ბევრ საერთაშორისო გამოფენაში. ხელით ვქსოვთ უნიკალურ ფარდაგებს,  აგრეთვე ტყავისა და ნაქსოვის ერთობლიობაში  ხელჩანთებს, აქსესუარებს…

პროდუქტის ერთეულის – ფარდაგი, ხურჯინი, მაფრაშა – შექმნას ორი კვირიდან ხუთ თვემდე დრო ესაჭიროება. აგრეთვე ხანგრძლივი პროცესია ბუნებრივი საღებავების პიგმენტების მოძიება/მოგროვება და მათი გამოყენებით ძაფების უძველესი მეთოდებით ღებვა. თითოეული ნაწარმი მაღალი მხატვრული ღირებულებისაა, იქმნება ინდივიდუალური ესკიზით და იქსოვება ხელით – ნატურალური შალის ძაფის გამოყენებით. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ფაქტორი „პროდუქტს“ მაღალ თვითღირებულებას და აქედან გამომდინარე  ძვირ საბაზრო  ღირებულებასაც სძენს, რაც ართულებს მის მასიურ გაყიდვებს. სამწუხაროა, რომ ქართული უძველესი კულტურის მატარებელი პროდუქტი ვერ იკავებს შესაფერის ადგილს ბაზარზე.

– საშვილიშვილო საქმეს აკეთებთ, ნათელია, რომ საკუთარი სტილი და თავი დამკვიდრებული გაქვთ შიდა ქართულ ბაზარზე, როგორია თქვენი პოპულარობა საქართველოს საზღვრებს გარეთ?

-ქართული რეწვის ნაკეთობანი ქართული ტრადიციული ფერთა გამით, ორნამენტების განსაკუთრებული კომპოზიციით იქმნება. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ ტრადიციის უწყვეტობა და მისი თანამედროვე მომხმარებლის ყოველდღიურობაში შემოტანა – სხვადასხვა პრაქტიკული ნივთების –  ჩანთები, აქსესუარები და სხვა, მეშვეობით, რომლის დიზაინი ტრადიციულ ორნამენტზე და ქართული ფერთა სპექტრით იქმნება, რაც საშუალებას გვაძლევს გაყიდვების გაზრდის მეშვეობით უფრო ხელმისაწვდომი და, აქედან გამომდინარე, პოპულარული გავხადოთ გათანამედროვებული ტრადიციული პროდუქტი და თავად ტრადიციაც.

სახელოსნოს თავისი ფუნქციონირების 13 წლის მანძილზე უკვე დამკვიდრებული აქვს თავი როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

2007-2009 წლებში მივიღეთ მონაწილება ტექსტილის ხელოვნების გამოფენაში აშშ-ში, სანტა ფეში “Santa Fe Folk Art Market” და ვაშინგტონში “National Geographic All Roads folk art Festival” . 2010 წელს ათენში „ექსპო ცენტრში“ გამართულ ტრადიციული პროდუქციის  პირველ საერთაშორისო ფესტივალზე. 2012-2013წწ პროექტ „შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის განვითარება საქართველოში, აზერბაჯანსა და სიმხეთში“-ის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებით გავხდით ამიერკავკასიაში საუკეთესო პროდუქციის ავტორები და გავემგზავრეთ მილანში საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაზე. 2016-17წწ-ში თბილისის საერთაშორისო „ეთნო ფესტი“-ზე, 2016-17-18-19 წწ-ში კი ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალზე რაბათში.

2019 წელს გავმართეთ პერსონალური გამოფენა ‘’სტრაუმე-145’’ ლატვიაში, ქ. რიგაში,  2019წელს -საერთაშორისო ტრადიციული ხელოვნების ფესტივალზე ჩავედით ლატვიის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

ამ გამოფენებზე მონაწილეობით ვახდენდით ჩვენი პროდუქციის რეკლამირებასა და რეალიზაციას, რამაც ხელი შეუწყო სახელოსნოს გადარჩენასა და პოპულარიზაციას.

2020 წლის მარტიდან ახლადშეძენილი ტექნიკის გამოყენებით შევქმნით ახალ ხაზს, შესაბამისად შემცირდება პროდუქციის თვითღირებულება რაც საშუალებას მოგვცემს, სრულად დავაკმაყოფილოთ ბაზრის მოთხოვნა და გავზარდოთ გაყიდვები.

მივიღებთ მონაწილეობას რამდენიმე ფესტივალში, რომელიც ტრადიციულად იმართება საქართველოში. 2021 წელს კი უკვე დაგეგმილი გვაქვს პერსონალური გამოფენა ქალაქ რიგაში. დანარჩენს კი, მომავალი გვიჩვენებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები