,,მხოლოდ ქართულ ენობრივ გარემოში ვარ ნამდვილი და ბოლომდე „მე“ – ორ სამყაროს შორის მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი და პოეტი

,,ზაფხული იყო, 2 ივლისი… გერმანია თვალისმომჭრელად იყო განათებული. ეს იყო პირველი საოცარი ეფექტი უცხო ქვეყანაში ჩასვლისას. ასეთ  სინათლეს გადაჩვეული ვიყავი – მე საბჭოთა ბავშვობა გამოვლილი ახალგაზრდა, 90-იანი ბნელი წლებიდან წასული. ყველაფერი ნულიდან უნდა დამეწყო… ვერძის თვისებები დამეხმარა,  ცივ წყალში გადავმხტარიყავი და ცურვაც ცივ წყალში მესწავლა…“

მას შემდეგ უკვე ნახევარი ცხოვრებაა ასე დაცურავს ორ ქვეყანას და ორ სამყაროს შორის, ორ კულტურასა და ერს შორის… 1990–იანი წლების ბოლოს, ჩაბნელებული თბილისიდან გერმანიის ქალაქ ბონში სასწავლებლად ჩადის. ახალგაზრდა ჟურნალისტი და პოეტი უცხო ქვეყანაში საკუთარ თავს არაერთხელ აღმოაჩენს, მეორე ნახევარსაც იპოვის და დიდი ხნით დარჩება კიდეც… მიზანი კი, ქვეყნის გარეთ საქართველოს კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაცია შეძლოს, წარამატებით გამოსდის…

ირმა შიოლაშვილი წლების მანძილზე, ბონის რეგიონალურ რადიოში საქართველოს შესახებ გადაცემას უძღვებოდა, ლექსებს ბავშვობიდან წერს და მთარგმნელობით საქმიანობასაც მისდევს. 5 პოეტური კრებული უკვე გამოსცა, თარგმნის გერმანულიდან ქართულად და პირიქით. საქართველოს არაერთი უცნობი გერმანელი პოეტი გააცნო. მის ლექსებს კი, გერმანულად ცნობილი მწერლები თარგმნიან.

,,ირმას ლექსები მის თვალებს ჰგავს, ორ დიდ შავ ტბას, რომლებიც ბავშვური ცნობისმოყვარეობით და ზრდასრული ადამიანის სერიოზულობით აღიქვამენ, შეისრუტავენ სამყაროს და შემდეგ ლექსებად გადმოსცემენ. ამიტომ მისი ლექსები ადამიანმა ორ-სამჯერ უნდა წაიკითხოს, რათა მის თვალებში ჩაძირული ძველი ქართული მითებისა და ლეგენდების სიმდიდრე აღიქვას და შეიცნოს“- წერს მის შემოქმედებაზე გერმანელი მთარგმნელი და ლიტერატურის მცოდნე აგნეს გისბრეჰტ-გოსენი. მან ირმა შიოლაშვილის ლექსები წლების წინ, რუსული თარგმანის მეშვეობით წაიკითხა, დაინტერესდა და შემდგომ გერმანულადაც თარგმნა.

თქვენ და გერმანია – ცხოვრების ნახევარი სწორედ ამ ქვეყანას უკავშირდება, როდის და რატომ გაემგზავრეთ ბონში?

გერმანიაში ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს წამოვედი. მართალია, მე ჩემს ქვეყანაში  უპერსპექტივო არ ვყოფილვარ, მაგრამ იმ დროს ქვეყანა იმყოფებოდა უპერსპექტივო მდგომარეობაში. რამდენიმე წლით წამოვედი, შანსი გამომიჩნდა და გამოვიყენე, ევროპაში მიმეღო განათლება. ჩემი თაობა პირველი თაობა იყო პოსტსაბჭოთა სივრციდან, ვინც ევროპაში გასვლა შეძლო. ეს ჩემი და ჩემი მეგობრების დიდი ოცნება იყო.

ამას ისიც დაემატა, რომ ჩემმა ქართველმა ასპირანტურის ხელმძღვანელმა, ბატონმა დავით თევზაძემ მოისურვა, ბონის უნივერსიტეტში მეკვლია თემა კომპარატივისტიკაში (შედარებით ლიტერატურათმცოდნეობაში). ეს სამეცნიერო სფერო 1999 წელს სრულიად ახალი იყო საქართველოში. შედარებითი ნაშრომები კი კეთდებოდა, მაგრამ  თეორიული მასალა თითქმის არ არსებობდა საქართველოში. დისერტაცია მეორე მსოფლიო ომის შემდომ ქართულ და გერმანულ პოლიტიკურ ლირიკაზე დავწერე და დავიცავი. ასე რომ ჩემი გზა სამეცნიერო კუთხით აქაც არ შემიწყვეტია. ბონის უნივერსიტეტში ძალიან საინტერესო  სტუდენტობის წლები მქონდა. ძალიან კარგი პროფესორები მყავდა, რისთვისაც ცხოვრების მადლობელი ვარ.

გახსოვთ უცხო ქვეყანაში ჩასვლის პირველი დღე და განცდა, რომელიც დაგეუფლათ?

– ზაფხული იყო, 2 ივლისი… გერმანია თვალისმომჭრელად იყო განათებული. ეს იყო პირველი საოცარი ეფექტი. ასეთ  სინათლეს გადაჩვეული ვიყავი. პიროვნულად, საშინლად უცხოდ ვგრძნობდი თავს დასავლეთ ევროპაში. ორიენტირებაც მიჭირდა. მე საბჭოთა ბავშვობაგამოვლილი ახალგაზრდა ვიყავი, 90-იანი ბნელი წლებიდან რომ წავიდა დასავლეთ გერმანიაში, თანაც განათლებით ჟურნალისტი ვიყავი და არა გერმანისტი. ყველაფერი ნულიდან უნდა დამეწყო. ვერძის თვისებები დამეხმარა, რომ ცივ წყალში გადავხტი და ცურვაც ცივ წყალში ვისწავლე…

– არაერთხელ გითქვამთ, რომ გერმანიაში ძალიან რთულია ქართველობა, მით უფრო როცა სიტყვით უნდა მიაწვდინო ხმა საზოგადოებას… როგორ შეძელით მკაცრ გარემოსა და რეალობაში ადგილის დამკვიდრება და თავის პოვნა?

– ჩემს ქვეყანაში უკვე ჩამოყალიბებული იდენტობა მქონდა. ტელეჟურნალისტი და  და ჩემს თაობაში აღიარებული პოეტი ვიყავი. ეს იდენტობა დასაკარგავად არ მემეტებოდა. თუმცა ვხედავდი, რომ თავიდან გერმანელებისთვის ნულის ტოლფასი ვიყავი. მაშინდელი გერმანია ცივი და მენტალურად დახურული იყო და  უცხოელს დიდი ბრძოლა სჭირდებოდა თავის დასამკვიდრებლად, მაგრამ გამართლებაც იღბალია, ან შემთხვევა. ამ დროს ორი პოეტური კრებულის ავტორი ვიყავი და მეორე კრებული ორ ენაზე, ქართულ-რუსულად იყო გამოცემული. სწორედ რუსული ენის საშუალებით წაიკითხეს ჩემი ლექსები  პირველად გერმანელებმა. პირველი შეხვედრა მკითხველებთან ბონის უნივერსიტეტის სლავისტიკის სემინარზე  მქონდა. მერე  რუსული ენის მცოდნე გერმანელმა პოეტმა, აგნეს გისბრეხტმა რუსულიდან თარგმნა ჩემი სამი ლექსი. ეს სამი ლექსი ინტერნეტში, Georgienseite -ზე წაიკითხა გერმანელმა პროფესორმა და მწერალმა, ული როტფუსმა და დაინტერესდა ჩემი  პოეზიით. მან ჩემი წიგნის გერმანულ ენაზე გამოცემა ითავა და ამით გერმანულ ლიტერატურულ სივრცეშიც გზა გამიკვალა. 2008 წელს ევროპულ ავტორთა გაერთიანება „კოგეში“ წევრად ამირჩიეს. ამით ჩემი ქართველობა ცოტა გაადვილდა. ახლა, როცა შარშანდელმა ფრანქფურტის წიგნის ბაზრობამ ქართველებისადმი და ქართული ლიტერატურისადმი ინტერესი წარმოუდგენლად გაზარდა, მეც ზღაპარივით მეჩვენება ის ამბავი, რომ 20 წლის წინ ქართულ პოეზიას ნაწილობრივ რუსული თარგმანებიდან ეცნობოდნენ.

გერმანელ მკითხველებთან  შეხვედრებზე მუდმივად ვყვებოდი ქართულ რეალობაზე, მოგვიანებით მოხსენებების კეთება დავიწყე საქართველოზე. ჯერ როგორც ასპირანტმა, უნივერსიტეტში ჩავატარე რამდენიმე მოხსენება, მერე უკვე სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციებშიც მიმიწვიეს. გადაცემებსაც ვაკეთებდი  გერმანულ რადიოში და ასე ვცდილობდი, ჩემი იდენტობა გადამერჩინა,  თუმცა ავტორობა ბევრად ადვილი აღმოჩნდა გერმანიაში, ვიდრე ჟურნალისტობა. ჩემი მებრძოლი ბუნების მიუხედავად, დღემდე ვერ მივაღწიე, რომელიმე გერმანულ სახელმწიფო არხზე ქართული რედაქცია ყოფილიყო დაშვებული.

– თქვენ ხართ ჟურნალისტი, რომელმაც გერმანულ რადიოში ქართული ენა პირველად გააჟღერა, მიგყავდათ გადაცემა საქართველოზე, როგორ აღმოჩნდით ბონის რეგიონალურ რადიო Bonn/Rhein- Sieg-ში? როგორ ფიქრობთ ყველაზე მთავარი რა მოგცათ თქვენ და ასევე თქვენს მსმენელს გადაცემამ, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობებს აერთიანებდა?

– საქართველოში პირველი არხის ჟურნალისტი  ვიყავი და როცა გერმანიაში წამოვედი, მაშინდელი საზოგადოებრივი არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ბატონმა ედნარ გიორგობიანმა, ძალიან კარგი ჟურნალისტური დახასიათება გზის დალოცვასავით გამომაყოლა ევროპაში. ეს იყო Deutsche Welle-სთვის  განკუთვნილი მიმართვა – დახასიათება,  რომლითაც Deutsche Welle-ში  პრაქტიკა უნდა გამევლო. ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ სამოქალაქო რადიო LoCom-ის მაშინდელ ხელმძღვანელს, ქალბატონ სელია შმიტს ზედმეტი კითხვაც არ დაუსვამს, ისე მომცა მწვანე გზა, გავსულიყავი ეთერში გადაცემებით საქართველოზე. ამას იმიტომ ვყვები, რომ  დახასიათებების და შესაბამისი ბიოგრაფიის გარეშე, გერმანიაში არავინ არაფერს დაგიჯერებს და არც მწვანე გზას მოგცემს.

პირველი ქართული გადაცემა 1999 წლის 20 სექტემბერს გავიდა ბონის რეგიონალური რადიოს ეთერში. გადაცემებს სამოქალაქო რადიო LoCom_ის სტუდიაში ვამზადებდი. საეთერო დრო რეგიონალური რადიოს ეთერში გვქონდა. ზუსტად 18 წელი გავდიოდი ეთერში ჯერ ქართულ -გერმანულად, მერე მხოლოდ გერმანულად, თუმცა ქართული მისალმებით და მუსიკით. ნახევარსაათიან ჟურნალს ვამზადებდი საქართველოზე. მაშინ ფეისბუქი არ არსებობდა და რეკლამაც სათანადოდ ვერ უკეთდებოდა გადაცემებს, თუმცა იმდროისთვის ცნობილი ინტერნეტ პორტალის, Georgienseite -ს რედაქტორი, ირმა ბერშაიდ-ქიმერიძე მუდმივად აქვეყნებდა ანონსებს გადაცემებზე და მეტნაკლებად ინტერესდებოდნენ და უსმენდნენ ქართველები. მსმენელთა ძირითადი კონტინგენტი მაინც უფრო გერმანული იყო. ჩემი მიზანიც ეს იყო მაშინ, საქართველოს სახელი გამეტანა, საქართველოთი დამეინტერესებინა გერმანელები. ჩემი გადაცემების სტუმრები ან აქ მოღვაწე ქართველები იყვნენ, ან საქართველოსთან საქმიანად დაკავშირებული გერმანელები. გერმანელებს ათასნაირად ვუსვამდი კითხვებს, რომ თავიანთ პასუხებში რაც შეიძლებოდა ხშირად აღენიშნათ საქართველოს სილამაზე და ქართული კულტურის არაჩვეულებრივობა. ასეთი დრო იყო მაშინ. ასე მკრთალად ანათებდა საქართველო.

ჟურნალისტური საქმიანობის გარდა, თქვენ პოეტი და მთარგმნელიც ბრძანდებით… თქვენი სათქმელი პოეტური ნაწარმოებებით ქართველ და გერმანულენოვან მკითხველამდე უკვე წლებია წარმატებით მიგაქვთ, გიწვევენ უამრავ ღონისძიებაზე, პოეზიის საღამოებებზე, ფესტივალებზე, ვორკშოპებზე… ეს ის გზაა, რაზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდით?

– ამაზე მართლა ვოცნებობდი და ვერც წარმოვიდგენდი, თუ ჩემს ცხოვრებაში  დადგებოდა დრო, როცა ქართველ ავტორს, ასე ინტენსიურად მიმიწვევდნენ და მომისმენდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მე გერმანელი მსმენელისთვის და კოლეგებისთვის უკვე ორ სამყაროს შორის მცხოვრებ ავტორად ვითვლები, მაინც ქართველი ავტორი ვარ და ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაც,  ქართველი ავტორების გვერდით ყოფნა და ქართველ მსმენელთან შეხვედრაა. მხოლოდ ქართულ ენობრივ გარემოში ვარ ნამდვილი და ბოლომდე ,,მე.

გერმანელ მკითხველებთან  შეხვედრების შემდეგ ხშირად ვფიქრობ- რა მინდა აქ ? ეს როლი ხომ ჩემი საკუთარი როლი არ არის? ვერ გავხდი გერმანელი, მაგრამ თანამედროვე გერმანია შეიცვალა და ჩემნაირები ძალიან აინტერესებს..

– ორ კულტურას, ორ ენას, ორ სამყაროს შორის ცხოვრება და მოღვაწეობა ემოციურად რთული აღმოჩნდა?

-კი, მაგრამ რადგან ჩემი გადაწყვეტილების ერთგული დავრჩი, ვეცადე, გერმანიაშიც დამემტკიცებინა ჩემი თავი… ეს არაერთ დაუწერელ ლექსად დამიჯდა, მაგრამ ჩემი არჩევანი იყო, რომ ორ კულტურას შორის ცხოვრება ვისურვე. მართალია, პოეტისთვის ეს ემოციურად არაა ადვილი,  მაგრამ ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ორ სამყაროს შორის ცხოვრება დიდი სიმდიდრეა.

– ალბათ მარტივი არ იქნება, მაგრამ თქვენი მოღვაწეობიდან ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი პერიოდის ან შესრულებული საქმის ამორჩევა რომ გთხოვოთ, რას გამოყოფდით?

– ყველაზე კარგად გადაცემების კეთება გამომდიოდა და გამომდის. ეს არის ჩემი საყვარელი საქმე, ჩემი მოწოდება და ბედნიერი დაღლა. ოღოდ ძალიან მენატრება ქართული ეთერი, ქართულ ენობრივ გარემოში ტრიალი და მუშაობა. ალბათა ამის დროც დადგება. გერმანული ცხოვრებიდან თითქმის ყველა გადაცემას და გადაცემის სტუმარს ტკბილად და გამორჩეულად ვიხსენებ.

– გერმანიაში საყვარელ საქმესთან ერთად,  ნამდვილი სიყვარულიც იპოვეთ…

– ჩვენ ერთმანეთი ბონის უნივერსიტეტში გავიცანით. იოახიმი სლავისტიკას და ფილოსოფიას სწავლობდა და სტუდკავშირის თავჯდომარე იყო. ამიტომ სლავისტიკის სემინარზე ჩემი პირველი პოეზიის საღამო გერმანიაში მისი ორგანიზებით გაკეთდა. ალბათ ბედი იყო და ბედმა ჩემი ფეხით მიმიყანა მასთან. 19 წელია ერთად ვართ, ორი შვილი გვყავს: ლუკასი და ალექსანდრე. 19 წელი პატარა დრო არ არის, არაერთი ლამაზი მომენტი და არაერთი კრიზისი გვქონდა, მაგრამ ერთად ყოფნა მაინც ყოველთვის გვინდოდა.

თქვენ წარმატებული ემიგრანტი ქალების ჯილდოს მფლობელი ხართ, რომელიც ქართული კულტურის პოპულარიზაცია-პროპაგანდისთვის გადმოგეცათ საქართველოდან. ერთ–ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ ძალიან ტკბილია სამშობლოსგან მადლობა…

– ასეა, სამშობლოსგან მადლობა მართლაც რომ ძალიან ტკბილია. უცხოეთში მუდმივად ფიქრობს ადამიანი- ნეტავ თუ ვახსოვარ სამშობლოს, ნეტავ თუ აინტერესებს ჩემი ცხოვრების გზა? და როცა შენი ქვეყნიდან საჯაროდ გიხდიან მადლობას, უცხოეთში გატარებულ დღეებსაც აზრი უბრუნდება.

– ერთი კადრი ან ამბავი, რომელიც გერმანიის და საქართველოს გაფიქრებაზე უცებ გახსენდებათ…

– რამდენიმე წლის წინ მე და ჩემი უმცროსი ბიჭი, ალექსანდრე,  თბილისის ქუჩებში ვსეირნობდით. ქაშვეთის ეკლესიის წინ ტურისტების ჯგუფი იდგა და გერმანულად ლაპარაკობდა. ის ემოცია მახსოვს, როგორ გამიხარდა თბილისში გერმანული ენის გაგონება და მაშინ გავაანალიზე, რომ სამშობლოში ყოფნისას მეორე სამშობლოს ხმის გაგონება ძალიან მიხარია. ეს კადრი მახსენდება გერმანიაზე ფიქრისას. საქართველოს  ამბებად ვერ ვიხსენებ. მხოლოდ ემოციებზე ვფიქრობ… საქართველო ჩემთვის მზე, სისხლი  და ქართული სიტყვაა. ეს შეკრული წრეა სამშობლო და საქართველოზე ფიქრისას, უნებურად ვფიქრობ იმ მზეებზე, ქართველებს რომ გვაქვს გულში და თვალებში.

– თქვენი რჩევა იმ ახალგაზრდებს, ვინც თქვენსავით გადაწყვეტს, საკუთარი თავის საპოვნელად: სასწავლებლად ან კარიერის გასაგრძელებლად, ერთ დღეს ადგეს და უცხო მხარეს გაცუროს…

– ახლანდელი თაობა ჩემს თაობაზე იღბლიანია. 20 წლის მერე სხვა საქართველოდან ჩამოდიან დასავლეთში, ამიტომ  აქ  ორიენტირებაც უადვილდებათ  და წარმატებების მიღწევაც. ჩემი რჩევაა, საქართველო  არ დაივიწყონ. თხოვნა კი, პატივი გვცენ ჩვენ,  20 წლის წინ, ხელის ცეცებით უცხოეთში გზაგაკვალულ თაობას, რომელიც ხიდად იქცა ახალი თაობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები