ადამიანები ერთი ადგილიდან მეორეში უხსოვარი დროიდან გადაადგილდებოდნენ, თუმცა მიგრაციის ფორმები, საშუალებები, ხერხები იცვლებოდა და იღებდა სხვადასხვა სახეს. დღეს მსოფლიოში უკანონო მიგრაცია ერთ-ერთი წამყვანი პრობლემათაგანია. სამწუხარო რეალობაა, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოდან უკანონო მიგრანტთა პროცენტული მაჩვენებელი იზრდება. უამრავი ადამიანი ვერ ითვალისწინებს, რომ უცხო ქვეყანაში არალეგალურად გამგზავრება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და თან უამრავი საფრთხე ახლავს…
ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), საზღვრის უკანონო კვეთა, ადამიანის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანა და ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის ვადის ამოწურვის შემდგომ დარჩენა– არალეგალური მიგრაციის ძირითადი ფორმებია.
ტრეფკინგი მონობის თანამედროვე ფორმაა და მასში ადამიანების ჩათრევა მოტყუების, ძალადობის, მუქარის ან იძულების სხვა ფორმით ხდება. ადამიანით ვაჭრობა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა მასშტაბებით მეორე დანაშაულებრივი ინდუსტრიაა მსოფლიოში და მსხვილი საერთაშორისო კრიმინალური ქსელების მიერ იმართება.
როდესაც ადამიანი საკუთარი თანხმობით არალეგალურად კვეთს ქვეყნის საზღვარს, ხშირ შემთხვევაში, ის საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ ხდება კონკრეტული კრიმინალური დაჯგუფების მსხვერპლი. ეს განაპირობებს უკანონო მიგრანტების დამოუკიდებლობის, პირადი თავისუფლების შეზღუდვას, საჭირო საბუთების არ არსებობის გამო. ამ ადამიანებზე, კრიმინალური დაჯგუფებები განუსაზღვრელ უფლებებს ფლობენ. უკანონო მიგრანტს ეზღუდება დამოუკიდებლობა (იძულებული ხდება იმუშაოს ანაზღაურების გარეშე), თავისუფალი გადაადგილებისა და არჩევანის უფლება. ხშირ შემთხვევაში ხდებიან მორალური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლნი.
იმ შემთხვევაშიც, თუ მიგრანტი ლეგალურად იმყოფება უცხო ქვეყანაში და გადაწყვეტილი აქვს იქ ხანგრძლივად დარჩენა, უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი ვიზის ან ბინადრობის ნებართვის ვადის გასვლასთან ერთად მისი სამართლებრივი სტატუსი ლეგალურიდან არალეგალურზე იცვლება. არალეგალურ სტატუსს უმრავი უსიამოვნება მოჰყვება, რაც ფიზიკური უსაფრთხოებისა თუ პირადი თავისუფლების შეზღუდვის რისკებს ზრდის. იზღუდება ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა საზოგადოებრივ–სოციალურ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა…
თუ ვინმემ უკანონოდ შეზღუდა თქვენი თავისუფლება, თუ დამსაქმებელმა ჩამოგართვათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან გახდით ძალადობის მსხვერპლი. პირველ რიგში, დაუკავშირდით ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, რომელიც ვალდებულია, დაიცვას საკუთარი მოქალაქის უფლებები. სურვილის შემთხვევაში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას შეუძლია უზრუნველყოს შესაბამისი დოკუმენტების გაცემა და სამშობლოში უსაფრთხო დაბრუნება.
თუ ისეთ ქვეყანაში იმყოფებით, სადაც არ არის საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, მიმართეთ ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, მიგრანტთა ასოციაციებს, სათვისტომოს წარმომადგენლობას და/ან პროფკავშირებს. ასევე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ტრეფიკინგის შემთხვევებთან დაკავშირებით შეგიძლიათ, ასევე დაუკავშირდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზს.
ტრეფიკინგის მსხვერპლად აღიარებული პირი სარგებლობს სახელმწიფოს განსაკუთრებული მფარველობით – სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სხვა სახის დახმარებით. საქართველოში მოქმედებს ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი.
იმისთვის, რომ მსგავსი საფრთხეები თავიდან ავიცილოთ, თუ საზღვარგარეთ წასვლას აპირებთ, გამგზავრებამდე აუცილებლად შეამოწმეთ შემოთავაზებული სასწავლო პროგრამისა თუ სამუშაოს ნამდვილობა და მიიღეთ უსაფრთხოების ზომები:
აუცილებლად გადაამოწმეთ ორგანიზაციები, რომლებიც გთავაზობენ დახმარებას საზღვარგარეთ დასაქმებაში, სწავლაში, სტაჟირებაში ან საცხოვრებლად გადასვლაში;
ვიზის მისაღებად პირადად მიმართეთ დანიშნულების ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას;
ნუ გადასცემთ თქვენს პასპორტს ან პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს სხვას;
წინასწარ გადაამოწმეთ დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული სამუშაოს პირობები. მოითხოვეთ თქვენი დამსაქმებლის ან სასწავლებლის საკონტაქტო მონაცემები;
გახსოვდეთ, რომ კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შეძლებთ.